ბორის ბეკერის ქალები

AutoSharing Option
2001 წლის თებერვლის ერთ კვირა დღეს, ბორის ბეკერი ნამდვილად ვერ იქნებოდა მოხარული იმის გამო, რომ სახლში ფაქსის აპარატი ჰქონდა. ის ფურცლით ხელში გაოგნებული იდგა ოთახის შუაში, მეზობელი სამზარეულოდან კი ცოლისა და ბავშვების ხმა გამოდიოდა.

ბორისი გრძნობდა, რომ ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა, კედლები ჭერს ვეღარ იჭერდნენ და თანდათან თვალთ უბნელდებოდა - ფურცელზე რვა თვის ფეხმძიმე ქალის სამედიცინო გამოკვლევის შედეგები ეწერა.

პანიკაში ის გარეთ გავარდა, გიჟი ქალის ნომერი აკრიფა და პირველივე სიტყვებით ის ერთ ადგილზე გაუშვა. ამან, რა თქმა უნდა, სიტუაცია არ შეცვალა
- რამდენიმე დღის შემდეგ, ბორის ბეკერი ლონდონში ანგელა ერმაკოვას შეხვდა თავის უკანონო ქალიშვილთან დაკავშირებით სალაპარაკოდ.

* * *
გავიდა 15 წელი, მაგრამ ბეკერი ჯერაც წარმატებული გერმანელი მამაკაცია. ის 12 კვირა იყო მსოფლიო რეიტინგის სათავეში, მოიგო "დიდი სლემის" ექვსი ტურნირი და შტეფი გრაფთან ერთად, გერმანიაში საჩოგბურთო ბუმი მიიტანა. ნოვაკ ჯოკოვიჩთან სამი წელი მწვრთნელად მუშაობამ აჩვენა, რომ ჩოგბურთის მთავარი "ამრევი" და ინდივიდუალისტი შეიძლება კარგი გუნდური მოთამაშეც იყოს. არის თუ არა ეს საბაბი - დაივიწყო პირადი თავგადასავლები? არავითარ შემთხვევაში.

თუ არ ჩავთვლით ავსტრალიის ღია პირველობაზე კომენტატორად მუშაობას და ინსტაგრამში ჩოგნის ქნევას, ბეკერი ბოლო ნახევარი წელია შორდება ჩოგბურთს, გერმანული პრესა კი ბორისის კორტის მიღმა "წარმატებებს" იხსენებს. მით უმეტეს, ამის საბაბი არსებობს - უკანონო შვილი ანა. სწორედ ის, რომელიც ძლივს გაარჩია ფაქსზე, დღეს კი წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს.

ავტობიოგრაფიაში ბორისი პატიოსნად აღიარებს, რომ ბარბარასთან პირველი ქორწინების პერიოდში გვერდზე არასოდეს გაიხედავდა, რაღაც მომენტში სიყვარულისა და ზრუნვის დეფიციტი რომ არ ეგრძნო. ეს ყველაფერი 2000 წელს ხდებოდა. სიყვარულისა და ზრუნვის პოვნა მან ლონდონის რესტორან Nobu-ის დღეს უკვე სკანდალურად ცნობილ სარდაფში სცადა, სადაც რამდენიმე წუთით განმარტოვდა მოდელ ანგელა ერმაკოვასთან.

იმ საშინელი ფაქსის შემდგომ რამდენიმე თვეს ბორისი წყვდიადსა და თავისი ცხოვრების ურთულეს პერიოდს უწოდებს, რადგან ბარბარამ განქორწინებაზე შეიტანა განაცხადი და ამ ყველაფერს მათი ორი შვილი უყურებდა.

ბორისი ანგელას ლონდონში შეხვდა და სანამ პირს გააღებდა, ლაპარაკი ქალმა დაიწყო: "მიყვარხარ ბორის, ჩვენი სიყვარულის ნაყოფი ჩემს მუცელშია. მოდი, ოჯახი შევქმნათ". ამან დაამშვიდა ბორისი - ანგელას გიჟური აზრი სასაცილოდ ჟღერდა, პანიკა გაქრა და ჩოგბურთელმა ფორმალობების გარეშე გადაწყვიტა ყველაფრის მოგვარება: "მე არ გიცნობ, შენ ჩემთვის უცხო ადამიანი ხარ. არ მჯერა, რომ ბავშვი ჩემია".

* * *
მშობიარობიდან ერთი წლის შემდეგ, ანგელამ ქალიშვილის ფოტო გერმანულ ტაბლოიდ Bild-ს მიჰყიდა და მალე, ბეკერის ქალიშვილი ყველა ჯიხურის ვიტრინიდან თბილი ბავშვური თვალებით უყურებდა მამას: "გამარჯობა, მამა ბორის". ამის შემდეგ, ბეკერმა დნმ-ის ანალიზის შედეგები მიიღო, თუმცა, ამის აუცილებლობა არც არსებობდა: ანა ერმაკოვა სულ უფრო მეტად ემგვანებოდა მამას - თმებისა და თვალების იგივე ფერი, იგივე სახე... და ბორისი დადნა. ახლა უკვე მას თავად უნდოდა კვირაობით ქალიშვილის მონახულება.

დასანანი და ნაღვლიანი ამ ისტორიაში ის იყო, რომ ანგელას არ ჭირდებოდა ქმარი კვირაობით. პირველ წლებში ბორისს აძლევდა ბავშვის ნახვის უფლებას, მაგრამ 2007 წლიდან მოყოლებული, არ ტოვებდა ანას მამასთან მარტო, შემდეგ კი საერთოდ აუკრძალა ნახვა.

მაშინ ბორისი მიხვდა, რომ ვერასოდეს გახდებოდა მისი მამა ამ სიტყვის ნორმალური გაგებით და ბედს შეურიგდა. ის დღემდე უწოდებს ანას თავის ცხოვრებაში ერთ-ერთ საუკეთესო ქმნილებას და აღმატებულ ტონებში ლაპარაკობს ლონდონის რესტორნის სარდაფში მომხდარზე. ანაც არ არის მოწყენილი - მამისგან მას არა მხოლოდ გარეგნობა და ალიმენტების ნაწილი, არამედ გამარჯვებების მოპოვებს უნარიც ერგო.

Sportall.Ge

უკვე 14 წლის ასაკში, ის ბერლინში მოდის კვირეულზე პოდიუმზე გავიდა. ახლა, 17 წლის ანას თავისი ცხოვრება მხოლოდ სამოდელო ბიზნესში წარმოუდგენია, უარს ამბობს ჯიბის ფულზე და დარწმუნებულია, რომ მარტო შეუძლია საკუთარი თავის რჩენა. იმიჯის განვითარებაში მას გაცნობიერებული მრავალმხრივობა ეხმარება: ამასწინ, მან განაცხადა, რომ შეუძლია წარმოიდგინოს სექსუალური კავშირი ქალთან. და ამის შემდეგ, ათასობით "რეტვიტი" მიიღო საზოგადოების სხვადასხვა ფენისგან.

ბორისი აქებს ქალიშვილს ინსტაგრამის მეშვეობით და საკმაოდ კმაყოფილიც არის. 49 წლის ასაკში, მან დაუჯერებლად იოლად მოიგერია პირადი ისტორიების შტორმი. მას ერთნაირად ძლიერად უყვარს თავისი ოთხივე შვილი, ხოლო ამჟამინდელი ცოლი ლილი იმდენად კარგ ურთიერთობაშია პირველ მეუფლესთან - ბარბარასთან, რომ ისინი ერთად მივიდნენ ტელევიქტორინაზე.

ბორისის წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ ის ვერ ხედავს აზრს სინანულსა და თვითგვემაში - ამასწინ გამოსულ ავტობიოგრაფიაში ბეკერმა დაწერა, რომ მის ცხოვრებაში არსებული ყველა ქალი თავად არიან დამნაშავენი გაყრაში.

პირველი ცოლი ბარბარა ურტყამდა მას, რეპერი საბრინა სეტლური მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, მომღერალი კაროლინა როხერი ბორისის სახელის წყალობით იქმნიდა იმიჯს, ხოლო მოდელმა სანდი მაიერ-ველდენმა შეწყვიტა კერძების მომმზადება და სხვა საშინაო საქმეების კეთება ნიშნობის შემდეგ. სპორტში გუნდური თამაშის შესწავლის მიუხედავად, ქერათმიანი გერმანელი, როგორც ჩანს, ცხოვრებაში დიდი ინდივიდუალისტი დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული