რეიტინგები: რაფა ნადალის ორმაგი გასწრება

AutoSharing Option
15 მაისს, სერენა უილიამსმა დატოვა პირველი ადგილი WTA-ის რეიტინგში. კვირების საერთო რაოდენობამ, რომელიც მან მწვერვალზე გაატარა, 319 შეადგინა.

უფრო მეტი ჰქონიათ მხოლოდ მარტინა ნავრატილოვას (332) და შტეფი გრაფს (377). ფეხმძიმობის გამო, სერენას წინ დიდი პაუზა ელოდება და არავინაა დარწმუნებული, რომ ოდესმე ის ისევ შეძლებს კლასიფიკაციის ლიდერობას. რაც არ უნდა იყოს, ამერიკელი 36 წლის ასაკში დაბრუნდება კორტზე. მაგრამ, მეორეს მხრივ, მას არა ერთხელ დაუმტკიცებია, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია.

ანჟელიკ კერბერმა კი მესამედ ჩაიბარა პირველი ადგილი. გერმანელი 26-ე კვირას გაატარებს პირველ
ნომრად და ამით დაეწევა რუს დინარა საფინას. გუშინაც ვწერდით, რომ კერბერი ამ სეზონში ვერ ბრწყინავს, მაგრამ უახლოესი კონკურენტებიც ცუდად თამაშობენ, ამიტომაც, გერმანელს ჯერჯერობით ჰყოფნის შარშან, სეზონის მეორე ნაწილში მოპოვებული ქულები.

გასულ კვირას, ზედიზედ მეორედ მადრიდში სიმონა ჰალეპმა გაიმარჯვა. ამით მან დაიბრუნა მეოთხე ადგილი რეიტინგში. მისი ჩამორჩენა კერბერთან ორი ათას ქულაზე ნაკლებია. სხვათა შორის, სწორედ ჰალეპს ასახელებენ როლან გაროსის მთავარ ფავორიტად, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მოუგია "დიდი სლემის" ტურნირი.

აგრძელებს შთამბეჭდავ სეზონს კრისტინა მლადენოვიჩი. "საჩემპიონო რბოლაში" ფრანგი უკვე მეოთხე ადგილამდე მივიდა და ლიდერ კაროლინა პლიშკოვას 196 ქულით ჩამორჩება. WTA-ის რეიტინგში კი პირველად შევიდა TOP15-ში და მე-14 ადგილზეა. ასევე დებიუტი აქვს TOP20-ში ანასტასია სევესტოვას. მადრიდში ლატვიელმა ნახევარფინალში ითამაშა, რაც მე-18 ადგილის დაკავებაში დაეხმარა.

ელინა სვიტოლინამ TOP10-ში მხოლოდ ერთი კვირა გაძლო და თავისი ადგილი კაროლინ ვოზნიაცკის დაუთმო. ამასთან, დანიელი რომში არ თამაშობს და, შესაძლოა, დაკარგოს ეს პოზიცია ერთი კვირის შემდეგ.

მადრიდში ერთმა მოგებამ მარია შარაპოვას 47 პოზიციის მოგებისა და 211-ე ადგილზე გადასვლის საშუალება მისცა. შარაპოვა უკვე გავიდა რომის ტურნირის მეორე წრეში, რაც TOP200-ში მოხვედრას ნიშნავს. ეს კი საკმარისია უიმბლდონის კვალიფიკაციაში მოსახვედრად. იმისთვის, რომ ამ ტურნირის ძირითად ბადეში შევიდეს, რუსს რომში ნახევარფინალში გასვლა სჭირდება.

* * *
რაფაელ ნადალს გრუნტის საფარზე 15-მატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა. ესპანელმა ერთმანეთის მიყოლებით მოიგო მონტე კარლოში, ბარსელონასა და მადრიდში და ორ რეიტინგში გაუსწრო როჯერ ფედერერს: წაართვა მას პირველობა ATP-ის საჩემპიონო რბოლაში, ხოლო ძირითად რეიტინგში ერთი საფეხურით გაასწრო და მეოთხე ჩოგანი გახდა. ამას მნიშვნელობა ექნება როლან გაროსის განთესვისას, რადგან რაფა თავიდან აიცილებს TOP4-ის სხვა წევრებთან შეხვედრას. თუმცა, ესპანელი ისეთ ფორმაშია, რომ გრუნტზე არავისთან შეხვედრა არ აშინებს.

მადრიდის ფინალისტმა, ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა და გარკვეული ქულათა მარაგიც შეიქმნა. ეს კი მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მალე როლან გაროსი დაიწყება, იქ კი ტიმს ნახევარფინალის ქულები ექნება დასაცავი. ესპანეთის დედაქალაქში ნახევარფინალში ითამაშა პაბლო კუევასმა. ამან ურუგვაელს 23-ე ადგილი მოუტანა, თუმცა ის მე-19 პოზიციაზეც ყოფილა, ასე რომ, ეს რეკორდი არ არის.

გაიუმჯობესა რეიტინგი ალექსანდრ ზვერევმა - ის მე-17 ნომერია. ასევე დიდად წაიწია წინ მადრიდში ენდი მარეის მძლეველმა ბორნა ჩორიჩმა. მეოთხედფინალის წყალობით, ხორვატმა 18 პოზიცია მოიგო და 41- ჩოგანი გახდა.

ATP. TOP10
1(1). ენდი მარეი (ბრიტ) - 10 360
2(2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 6 845
3(3). სტენ ვავრინკა (შვეიც) - 5 605
4(5). რაფაელ ნადალი (ესპ) - 5 195
5(4). როჯერ ფედერერი (შვეიც) - 5 035
6(6). მილოშ რაონიჩი (კან) - 4 180
7(9). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 4 035
8(7). მარინ ჩილიჩი (ხორ) - 3 735
9(8). კეი ნიშიკორი (იაპ) - 3 470
10(10). დავიდ გოფენი (ბელ) - 3 055

WTA. TOP10
1(2). ანჟელიკ კერბერი (გერ) - 7 035
2(1). სერენა უილიამსი (აშშ) - 6 110
3(3). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 6 010
4(8). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 5 205
5(5). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) - 4 480
6(7). იოჰანა კონტა (ბრიტ) - 4 430
7(4). გარბინ მუგურუსა (ესპ) - 4 287
8(9). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) - 4 260
9(7). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) - 4 195
10(11). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) - 3 955

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული