რეიტინგები: ელინას და ზვერევის გარღვევები

AutoSharing Option
გასულ კვირას, რომში გაიმართა ამ სეზონის მეორე "პრემიერ-5". ამ კატეგორიის ორივე ტურნირი უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ მოიგო, სულ კი მას წელს ოთხი ტიტული დაუგროვდა.

ამის წყალობით, სვიტოლინა სათავეში ჩაუდგა WTA-ის ჩემპიონთა რბოლას, ძირითად რეიტინგში კი ხუთი ადგილი მოიგო და მეექვსე ჩოგანი გახდა. აქამდე, ის არასოდეს ყოფილა მეათე საფეხურზე ზემოთ. როლან გაროსზე უკრაინელს ექნება შანსი - TOP5-ში შეაბიჯოს. ელინას ათეულში შესვლამ იქიდან კაროლინ ვოზნიაცკის გამოძევება გამოიწვია.

ფინალში სვიტოლინამ სიმონა ჰალეპის შეჩერება შეძლო - რუმინელს 10-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონ
და. სიმონა მიუახლოვდა კაროლინა პლიშკოვასა და სერენა უილამსის პოზიციებს. ამასთან, სერენას ის ნებისმიერ შემთხვევაში გაუსწრებს როლან გაროსის შემდეგ. თეორიულად, ჰალეპს შეუძლია პირველი ნომერიც გახდეს, მაგრამ ამისთვის ტიტულის მოგება დასჭირდება.

რომში ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, გარბინ მუგურუსა TOP5-ში დაბრუნდა, მაგრამ მას ელოდება სეზონის მთავარი ტურნირი - როლან გაროსი, სადაც ის თავისი ქულების თითქმის ნახევარს იცავს. შარშან, პარიზში გამარჯვების შემდეგ, ესპანელი არც ერთხელ გასულა WTA-ის ტურნირების ფინალში.

სწრაფად პროგრესირებს ახალგაზრდა ესტონელი ანეტ კონტავეიტი, რომელმაც რომში ანჟელიკ კერბერი დაამარცხა - ის მსოფლიოს 52-ე ნომერი ჩოგანი გახდა. აღვნიშნავთ ტოპ-ასეულში 17 წლის მარკეტა ვონდროუშოვას დებიუტს. ჩეხმა ამას სლოვაკეთში ITF-ის მსხვილი ტურნირის მოგებით მიაწია. მარკეტა TOP100-ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა.

რომში ერთმა მოგებამ მარია შარაპოვას 38 საფეხურით დაწინაურების საშუალება მისცა და რუსი, ახლა, 173-ე ადგილზეა. ეს საკმარისია უიმბლდონის კვალიფიკაციაში გასასვლელად.

* * *
20 წლის ალექსანდრ ზვერევი 2007 წლის შემდეგ, "მასტერსის" სერიის ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. მაშინ, 19 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეძლო კარიერაში პირველი "მასტერსის" აღება. სწორედ სერბს მოუგო რომის ფინალში ზვერევმა. ამ წარმატებამ გერმანელს საშუალება მისცა - მოეგო შვიდი პოზიცია და კარიერაში პირველად შესულიყო ტოპ-ათეულში. იქიდან მან დავიდ გოფენი გამოაგდო.

ATP-ის საჩემპიონო რბოლაში ზვერევი უკვე მეოთხე ადგილზეა. ამავე რეიტინგში გამოასწორა თავისი სიტუაცია ჯოკოვიჩმა - მეშვიდე ადგილზე გადავიდა. ენდი მარეი კი მორიგი წარუმატებელი ტურნირის შემდეგ, მე-13 ადგილამდე დაეშვა.

რაფაელ ნადალმა რომში პირველი მატჩი წააგო გრუნტზე. მისი შეჩერება დომინიკ ტიმმა შეძლო. შედეგად, ნადალს ერთი მოგება არ ეყო იმისთვის, რომ სტენ ვავრინკასთვის გაესწრო და მესამე ადგილზე გასულიყო.

აღვნიშნავთ, რომ ხუან-მარტინ დელ პოტრომ რომში მეოთხედფინალში გასვლით როლან გაროსზე განთესილებში ყოფნა გაინაღდა, თუმცა, მესამე წრეში TOP8-ის რომელიმე წევრთან მოუწევს თამაში.

* * *
ამასობაში, მოახლოვდა როლან გაროსი. იქ მამაკაცებს შორის ტიტულს იცავს ნოვაკ ჯოკოვიჩი. თუ მის მიერ პარიზში შარშან მოპოვებულ ქულებს გამოვაკლებთ, სერბის უპირატესობა ნადალთან 200 ქულაზე ნაკლები იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაფაელს მეორე ადგილზე გასვლის შანსი აქვს. ენდი მარეი კარგავს ფინალს, მაგრამ მის პირველ ადგილს ჯერ საფრთხე არ ემუქრება.

თითქმის იგივე სიტუაცია აქვს ანჟელიკ კერბერს, თუმცა მან შეიძლება დაკარგოს პირველი ადგილი როლან გაროსის შემდეგ. მაგრამ, თუ კაროლინა პლიშკოვა ვერ გავა ფინალში, ხოლო სიმონა ჰალეპი ვერ აიღებს ტიტულს, კერბერს პირველ წრეში წაგების უფლება აქვს. გარბინ მუგურუსა კი ორი ათას ქულას კარგავს. ადრეული წაგების შემთხვევაში, ის, შესაძლოა, TOP15-ის მიღმა აღმოჩნდეს. ათეულში დასარჩენად, ესპანელს მინიმუმ ფინალში გასვლა სჭირდება.

ATP. TOP10
1(1). ენდი მარეი (ბრიტ) - 10 370
2(2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 7 445
3(3). სტენ ვავრინკა (შვეიც) - 5 445
4(4). რაფაელ ნადალი (ესპ) - 5 375
5(5). როჯერ ფედერერი (შვეიც) - 5 035
6(6). მილოშ რაონიჩი (კან) - 4 360
7(7). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 4 145
8(8). მარინ ჩილიჩი (ხორ) - 3 765
9(9). კეი ნიშიკორი (იაპ) - 3 560
10(17). ალექსანდრ ზვერევი (გერ) - 3 150

WTA. TOP10
1(1). ანჟელიკ კერბერი (გერ) - 7 035
2(2). სერენა უილიამსი (აშშ) - 6 110
3(3). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 6 100
4(4). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 5 205
5(7). გარბინ მუგურუსა (ესპ) - 4 636
6(11). ელინა სვიტოლინა (უკრ) - 4 575
7(5). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) - 4 480
8(6). იოჰანა კონტა (ბრიტ) - 4 330
9(8). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) - 4 310
10(9). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) - 4 095

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ჯანმრთელია ვენაცვალე:)
valderrama
15:51 24-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული