მატჩის წინ, ყველა იხსენებდა ვავრინკას იდეალურ სტატისტიკას "დიდი სლემის" ტურნირების ფინალებში - სამიდან სამი მოგება. მაგრამ, ამასთან, რაფას "როლან გაროსზე" ცხრიდან ცხრა ფინალი ჰქონდა მოგებული.
ჩოგბურთელები აქამდე 18-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და 15-ჯერ ესპანელმა მოიგო. როლან გაროსზე ერთადერთხელ გაარკვიეს ურთიერთობა - 2013 წელს და ნადალმა
გადამწყვეტ შეხვედრაში ვავრინკას წარმატების მინიმალური შანსიც არ ჰქონია. შვეიცარიელმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი პირველი სეტის დასაწყისში გამოიმუშავა და ეს შანსი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, სტენს მეტოქის მოწოდების აღების შესაძლებლობა აღარ ჰქონია, ნადალმა კი 13 ბრეიკ-პოინტიდან 6 გამოიყენა.
თანაბარი თამაში მხოლოდ საწყის ოთხ გეიმში იყო, მაგრამ 2:2-დან მოყოლებული, ესპანელმა ზედიზედ შვიდი გეიმი აიღო და 6:2, 3:0 დაწინაურდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში, ნადალს ერთხელაც არ დაუკარგავს კონცენტრაცია, ვავრინკა ბევრს ცდილობდა, ტანსაცმელს იცვლიდა, ჩოგანიც გატეხა, მაგრამ რაფას ვერაფერი მოუხერხა.
ესპანელმა ძალიან საიმედოდ ითამაშა და მხოლოდ 12 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ვავრინკას ანალოგიური მაჩვენებელი კი 29 შეცდომა იყო. რაც შეეხება "ვინერსების" შეფარდებას, ის 27:19 იყო ნადალის სასარგებლოდ.
ნადალმა მთელი ტურნირის განმავლობაში სასწაული სათამაშო ფორმა აჩვენა. ესპანელს არც ერთი სეტი არ წაუგია და უფრო მეტიც, არც ერთხელ არ მოუწია ტაი-ბრეიკის თამაში. შვიდ მატჩში მან მხოლოდ 35 გეიმი დათმო - საშუალოდ, ხუთი მატჩში! ასეთ ჩოგბურთს 31 წლის ესპანელი კარიერის პიკზეც არ აჩვენებდა.
რაფასთვის ეს იყო მე-15 მოგება "დიდი სლემის" ტურნირებზე, რითაც მან ლეგენდარულ ამერიკელს პიტ სამპრასს გაუსწრო და მხოლოდ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს ჩამორჩება, რომელსაც 18 ტრიუმფი აქვს "მეიჯორებზე".
ნადალის გზა ტიტულამდე
I წრე. ნადალი-ბენუა პერი (საფ) 6:1, 6:4, 6:1
II წრე. ნადალი-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:1, 6:4, 6:3
III წრე. ნადალი-ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქ) 6:0, 6:1, 6:0
1/8 ფინალი. ნადალი-რობერტო ბაუტისტა-აგუტი (ესპ) 6:1, 6:2, 6:2
1/4 ფინალი. ნადალი-პაბლო კარენიო ბუსტა (ესპ) 6:2, 2:0 უარი
1/2 ფინალი. ნადალი-დომინიკ ტიმი (ავსტრია) 6:3, 6:4, 6:0
ფინალი. ნადალი-სტენ ვავრინკა (შვეიც) 6:2, 6:3, 6:1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"