უიმბლდონის წინ (და მისი მსვლელობისას) შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს ტურნირის ლეგენდარული მატჩების შესახებ. აუცილებელი არ არის ეს იყოს მაინც და მაინც ფინალური მატჩი ან შეხვედრა ვარსკვლავების მონაწილეობით. იმისთვის, რომ ისტორიაში შეხვიდე, ხანდახან ერთი საგულისხმო მომენტი ან დაძაბული ინტრიგაც საკმარისია.
ეს დროებითი რუბრიკა
ახალი ათასწლეულის პირველ უიმბლდონს ბევრი კითხვისთვის უნდა გაეცა პასუხი. გაამართლებდა თუ არა განთესვის ახალი სისტემა (32 განთესილი ჩოგბურთელი 16-ის ნაცვლად)? შეწყვეტდა ტიმ ჰენმანი ბრიტანელთა 25-წლიან უიღბლო სერიას მშობლიურ ტურნირზე?
დაბოლოს, მოახერხებდა თუ არა პიტ სამპრასი მეორე ცდაზე მაინც ბიორნ ბორგის რეკორდის გამეორებას (ზედიზედ ხუთი მოგება უიმბლდონზე). პირველი ცდა სამი მოგებით დასრულდა - 1996 წელს პიტი რიხარდ კრაიჩეკმა შეაჩერა. ამის შემდეგ ამერიკელმა კიდევ ოთხჯერ გაიმარჯვა. ახლა ის კვლავ პირველ ნომრად იყო განთესილი, ძალა და ამბიცია არ აკლდა ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელის რენომეს დასადასტურებლად.
პირველ წრეში პიტმა დამაჯერებლად დაამარცხა ფრანსისკო კლავეტი, მეორეში მოულოდნელად დიდ წინააღმდეგობას წააწყდა ნაკლებად ცნობილი ბრიტანელისგან - ბარი კოუენისგან. პირველი ორი სეტის კანონზომიერად წაგების შემდეგ, მერსისაიდელმა შესვენებაზე ჩოგბურთისთვის არასტანტარტული წესით სცადა განწყობის შექმნა.
ჯერ კიდევ დიდი დრო რჩებოდა 2005 წლამდე, როცა ლეგენდარულმა სიმღერამ - You'll Never Walk Alone არნახული გმირობა ჩაადენინა "ლივერპულის" ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ასე რომ კოუენი გახდა იმ დიადი გამარჯვების ერთგვარი წინამორბედი. ბრიტანელმა მოიგო მომდევნო ორი სეტი, მხნედ იბრძოლა მეხუთეში, მაგრამ ძალები აშკარად არათანაბარი იყო. სამპარსმა აიღო გადამწყვეტი პარტია და მესამე წრეში გავიდა, სადაც უპრობლემოდ დაამარცხა სარგის სარგსიანი. მომდევნო მოწინააღმდეგე ახალგაზრდა და ნიჭიერი იყო, მაგრამ პიტი ბევრჯერ გამკლავებია ასეთ ვუნდერკინდებს. მეტოქეს როჯერ ფედერერი ერქვა...
იუნიორებს შორის ერთეულთა და წყვილთა თანრიგში უიმბლდონის ჩემპიონი (1998) მესამედ თამაშობდა "დიდების" ტურნირზე. თუმცა მანამდე დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია - ორივეჯერ პირველივე წრეში გამოეთიშა ბრძოლას: ჯერ ირჟი ნოვაკთან, შემდეგ ევგენი კაფელნიკოვთან. 2001 წელს შვეიცარიელი უკვე გაუშინაურდა უფროს კოლეგებთან თამაშს და მე-15 ნომრად იყო განთესილი. სამპრასამდე მას ორმაგი ბელგიური ბარიერის გადალახვა მოუწია კრისტოფ როხუსისა და ქსავიე მალისეს სახით.
ამასთან, მეორე ბელგიელმა თითქმის გაიმეორა დრამატული მატჩი სამპრასსა და კოუენს შორის. იქაც ორი სეტი ფავორიტმა მოიგო, შემდეგ ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერი მეხუთე პარტიაში გადაწყდა. განსხვავება ის იყო, რომ თითოეულ პარტიაში ნაკლები ბრძოლა შეინიშნებოდა. იონას ბიორკმანის სამ სეტში დამარცხების შემდეგ შვეიცარიელი უიმბლდონის მთავარ ფავორიტზე გავიდა.
* * *
ეს მატჩი სიმბოლიზმებით იყო სავსე. როჯერი ათი წლით უმცროსი გახლდათ თავის დიად მეტოქეზე. სამპრასი ცენტრალური კორტის ხშირი სტუმარი იყო, ფედერერს კი დებიუტი ჰქონდა მთავარ არენაზე. თუ კრაიჩეკთან 1996 წლის მეოთხედფინალში წაგებიდან დავითვლით, პიტს უიმბლდონზე ზედიზედ 31 მატჩი ჰქონდა მოგებული და თუ ფედერერს დაამარცხებდა, ბრიტანულ ბალახზე საიუბილეო - მეასე გამარჯვებას იზეიმებდა.
ისინი ბევრი რამით ჰგავდნენ ერთმანეთს. თითქმის ერთი სიმაღლის, ერთნაირი სათამაშო მანერით. "ნაიკის" ერთნაირი ფორმა ეცვათ და ჩოგნებიც ერთნაირი ჰქონდათ - Wilson ProStaff Original 6.0 85!
პირველი ამერიკელი აწვდიდა. თამაში დაიწყო.
პირველ სეტში მეტოქეები მორიგეობით იღებდნენ საკუთარ მოწოდებას. ორივეს მხრიდან თითქმის უშეცდომო თამაში ლოგიკურად ტაი-ბრეიკით დასრულდა. აქ კი ფედერერს გაუმართლა. თავიდან, 3:4-ზე როჯერმა აშკარად აუტში გაუშვა ბურთი, მაგრამ მსაჯმა ქულა ჩაუთვალა.
შემდეგ საკუთარ სეტბოლზე ამერიკელმა ცუდად მიიღო შვეიცარიელის მოწოდება. ჩემპიონი მსაჯს შეეკამათა - როჯერმა კვადრატში ვერ მოახვედრაო, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეცვლილა. სამპრასი ძალიან კარგად აწვდიდა, ტაი-ბრეიკზე ორი ეისი შეასრულა, მაგრამ ბადესთან გასვლები ყოველთვის წარმატებული არ გამოსდიოდა. ერთ-ერთი ასეთი გასვლის დროს (ფედერერის სეტბოლზე) გათამაშება უზუსტო დარტყმით დასრულდა. შვეიცარიელმა პირველი სეტი აიღო.
აშკარად ჩანდა, რომ მეორე პარტიაში მეტოქეები ზედმეტად ნერვიულობდნენ. სამპრასმა ექვსი ბრეიკ-პოინტი მისცა როჯერს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ამით ვერ ისარგებლა. მე-12 გეიმი ფედერერმა უცნაურად ჩაატარა - თავიდან ზედიზედ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა, მესამე გათამაშებისას ბადეს გაარტყა ბურთი. სამმაგი სეტბოლი მან გმირულად მოიგერია, შემდეგ კი მორიგი საჩუქარი გაუკეთა მეტოქეს, როცა მარტივ სიტუაციაში აუტში გაუშვა ბურთი. ხოლო, როცა ფედერერმა სმეში კორტს დიდი მანძილით ააცილა, ცხადი გახდა, რომ ასეთი თამაშით ის ტაი-ბრეიკს არ იმსახურებდა. 5:7 - სამპრასმა ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტის მესამე გეიმში ფედერერმა, როგორც იქნა, პირველი ბრეიკი გააკეთა, მაგრამ ასე გაჭირვებით მოპოვებული უპირატესობა იქვე დაკარგა. სამპრასმა რამდენჯერმე ბრწყინვალედ შეასრულა შემოვლითი დარტყმა და საბოლოოდ, დაიბრუნა საკუთარი მოწოდება. სეტის ბედი მეცხრე გეიმში სამპრასის მოწოდებაზე გადაწყდა. თავიდან ფედერერმა დიდი მონდომების წყალობით გაათანაბრა ანგარიში თითქმის წაგებულ გეიმში, მიიღო ბრეიკ-პოინტი, რასაც ბადესთან გასული სამპრასის შეცდომა მოჰყვა სმეშის შესრულებისას. შემდეგ გეიმში როჯერმა სამჯერ იდეალურად მოაწოდა - ორ მოწოდებას ამერიკელი მიწვდა, მაგრამ ბადეს გაარტყა ბურთი, სეტბოლზე კი როჯერს ეისი გამოუვიდა.
ჩემპიონი სერიოზულად გაბრაზდა. მეოთხე პარტიაში, როგორც იქნა, ვიხილეთ ის დიადი სამპრასი, რომელიც მთელი ათწლეულის განმავლობაში ანადგურებდა ყველას და ყველაფერს. თავის მოწოდებაზე პიტი შანსს არ უტოვებდა მეტოქეს - ეისები ბადესთან წარმატებული გასვლებს ენაცვლებოდა. ცუდად არც როჯერი აწვდიდა. ორი ბრეიკ-პოინტი, რომელიც ამერიკელს ჰქონდა, ფედერერმა მოიგერია, მაგრამ ტაი-ბრეიკზე სამპრასმა კარგი გაკვეთილი ჩაატარა - როგორ უნდა თამაში გადამწყვეტ ბურთებზე - 7:2 . პიტმა ანგარიში გაათანაბრა და მოსაგებად გაემზადა. უიმბლდონზე მას არასოდეს არ წაეგო მეხუთე სეტი.
მაგრამ ფედერერმა შეუძლებელი შეძლო. გადამწყვეტი პარტია ნერვების ბრძოლას დაემსგავსა. მეტოქეები თითქმის არ ცდებოდნენ. სამპრასს მეცხრე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ როჯერმა ამჯერადაც მოიგერია საფრთხე და გადაარჩინა საკუთარი გეიმი. მე-11 გეიმის დამაჯერებლად მოგების შემდეგ, სამპრასს, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, უნდა აეღო საკუთარი გეიმი. და აქ პიტს ხელი აუკანკალდა. 0:15 - ფედერერმა მეორე მოწოდებისას კარგად შეასრულა საპასუხო კროსი. 0:30 - სამპრასის ბადესთან წარუმატებელი გასვლა.
15:30 - პიტმა შეამცირა სხვაობა მას შემდეგ, რაც ფედერერმა ბადეს გაარტყა ბურთი უძლიერესი პირველი მოწოდების შემდეგ. 15:40 - სამპრასი წინ მიდის, ცდილობს კუთხეებში ითამაშოს, მაგრამ... ბურთი ისევ ბადეს ხვდება. ფედერერს ორმაგი მატჩბოლი აქვს. შვეიცარიელმა პირველივე შანსი გამოიყენა - იდეალურად დასვა ბურთი ხაზზე. წინ წასული სამპრასი გაშეშდა, ბედნიერი ფედერერი კი მუხლებზე დაეცა. მეფე მოკვდა - გაუმარჯოს მეფეს!
* * *
მეტოქეებმა 25-25 ეისი შეასრულეს. სამპარსმა 9 ორმაგი და 22 უნებლიე შეცდომა დაუშვა, 6 ორმაგი და 16 უნებლიე ჰქონდა ფედერერს. სტატისტიკამ როჯერს 42 "ვინერსი" დაუთვალა - ერთით მეტი (სწორედ ის ფინალური დარტყმა), ვიდრე მეტოქეს. ნახევარზე მეტი ბადესთან გასვლა ორივესთვის წარმატებული გამოდგა. ისინი მართლაც ღირსეული მეტოქეები იყვნენ.
სამსაათიანმა ბრძოლამ ძალიან გამოფიტა შვეიცარიელი. მეოთხედფინალში ის ოთხ სეტში დამარცხდა (ისევ ორი ტაი-ბრეიკი) ტიმ ჰენმანთან, მაგრამ მორიგი ინგლისული ოცნება არ ახდა - ტიმმა ნახევარფინალში ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა და დამარცხდა.
სამპრასმა კიდევ ერთხელ სცადა ძალები უიმბლდონზე, მაგრამ 2002 წლის გათამაშების მეორე წრეში მეორე შვეიცარიელთან - გეორგ ბასტლთან დამარცხდა. მოგვიანებით ამერიკის ღია პირველობა მოიგო და პენსიაში გავიდა, ერთი წლის შემდეგ კი უიმბლდონზე როჯერ ფედერერი ტრიუმფი ვიხილეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"