უიმბლდონი: ფავორიტები მაგრად დგანან

AutoSharing Option
უიმბლდონი ტრადიციას არ ღალატობს - კვირა აქ ისევ დასვენების დღეა, მანამდე კი ტურნირზე ყველა მერვედფინალისტი გამოვლინდა.

რაფაელ ნადალი ისევ სეტის წაუგებლად მიიწევს წინ. "დიდი სლემის" ტურნირებზე მას უკვე ზედიზედ 10 მატჩი აქვს მოგებული ანგარიშით - 3:0. მესამე წრეში ესპანელმა ფანტასტიკური სეტნახევარი ითამაშა რუსი კარენ ხაჩანოვის წინააღმდეგ, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში მისმა მეტოქემაც მოუმატა და ფავორიტი გარკვეულ პრობლემებს წააწყდა.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ხაჩანოვს 6:5-ზე მიღებაზე სეტბოლი ჰქონდა. ნადალმა ეს საფრთხე მოიგერია, ტაი-ბრეიკზე კი ისევ დამაჯერებელი იყო. 2 საათი და
15 წუთი ბრძოლის შემდეგ - 6:1, 6:4, 7:6(3).

ნადალმა სეზონში 47-ე მატჩი მოიგო და ამ მაჩვენებლით ის ულაპარაკო ლიდერია. შეგახსენებთ, რომ მას ფინალში გასვლა სჭირდება, რათა ისევ გახდეს მსოფლიოს პირველი ჩოგანი. რაფას შემდეგი მეტოქე ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი იქნება, რომელმაც 19 ეისი ჩააწოდა ალიაჟ ბედენეს წინააღმდეგ, სულ კი 72 ეისი დაუგროვდა სამ მატჩში.

ნოვაკ ჯოკოვიჩს სახიფათო მეტოქე ჰყავდა ლატვიელი ერნესტ გულბისის სახით, რომელიც 589-ე ჩოგანია, მაგრამ წინა წრეში ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა. ბალტიისპირელმა ბრეიკით დაიწყო, თუმცა, სერბმა მალე მოარჯულა მეტოქე. ნამდვილი ბრძოლა მესამე სეტში გაიმართა, გულბისმა 15 ეისი ჩააწოდა, მაგრამ ვერც ერთი სეტის აღება ვერ შეძლო.

როჯერ ფედერერს იდეალური სტატისტიკა ჰქონდა მიშა ზვერევის წინააღმდეგ - 61 "ვინერსი" და მხოლოდ 7 უნებლიე შეცდომა! გერმანელი ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ როჯერი ერთი ნაბიჯით წინ იყო და სამი ბრეიკი იკმარა მოსაგებად. ფედერერმა "დიდი სლემის" ტურნირებზე 317-ე მატჩი მოიგო, რითაც ერთით გაუსწრო წინა ლიდერს სერენა უილიამსს.

სხვა ფავორიტებისგან განსხვავებით, ენდი მარეიმ პირველი სეტი დათმო ტურნირზე. ბრიტანელი ფაბიო ფონინის ეთამაშებოდა, რომელთანაც წელს რომში წააგო, ურთიერთშეხვედრებში კი თანაფარდობა ჰქონდა - 3:3. ამიტომაც, დაძაბულ ბრძოლას ელოდნენ და ასეც გამოვიდა.

მიზეზი მარეის ცუდი კონცენტრაცია იყო, რომელიც ერთ სეტს უმაღლეს დონეზე ატარებდა (მესამე სეტში ერთი უნებლიე შეცდომა არ დაუშვია), შემდეგ კი პაუზას იღებდა. იტალიელი ძალიან აგრესიულად თამაშობდა, მაგრამ მეოთხე სეტში ხუთი სეტბოლი ვერ გამოიყენა თავისი რთული ხასიათის გამო - ერთ-ერთი გათამაშების შემდეგ, მან მსაჯს გასძახა და თითი დაანახა, რომელიც პირში ჩაიდო. ფაბიომ გაფრთხილება მიიღო, საერთოდ მოიშალა და ბრიტანელს 2:5-დან მოაგებინა სეტი.

ნამდვილი მარათონი გამართეს ნიკოლოზ ბასილაშვილის მძლეველმა სემ კუერიმ და ჟო-ვილფრიდ ცონგამ, რაც მათგან გასაკვირი არ იყო. 2014 წლის უიმბლდონზე მათი მატჩი ორი დღე გრძელდებოდა - შეხვედრა მეხუთე სეტში 9:9-ზე გადაიდო და მეორე დღეს, ფრანგმა 14:12 მოიგო გადამწყვეტი პარტია. ამჯერადაც, მატჩი მეხუთე სეტში შეწყდა, როცა კუერი 6:5-ს იგებდა. მეორე დღეს, ჩოგბურთელები ერთი გეიმისთვის გავიდნენ კორტზე - ამერიკელმა ბრეიკი შეასრულა და საქმე მომთავრებული იყო - 6:2, 3:6, 7:6(5), 1:6, 7:5.

ტოპ-ათეულის წევრი კეი ნიშიკორი გამოეთიშა ტურნირს. ის სამი საათი და 21 წუთი ებრძოდა რობერტო ბაუტისტა აგუტს და ოთხ სეტში დამარცხდა - 4:6, 6:7(3), 6:3, 3:6. მატჩი ხანგრძლივი გამოვიდა იმის გამო, რომ 107 გათამაშებაში იყო ხუთი ან მეტი დარტყმა.

აგრძელებს კარგი ფორმის დემონსტრირებას მარინ ჩილიჩი. ხორვატს 15 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა სტივ ჯონსონის წინააღმდეგ, მხოლოდ ოთხი გამოიყენა, მაგრამ მაინც სამ სეტში მოიგო - 6:4, 7:6(3), 6:4. ჩილიჩს, რომელმაც 17 ეისი ჩააწოდა, უფრო იოლად მოგება შეეძლო, მაგრამ მეორე სეტში 5:2 უპირატესობა გაფლანგა.

კაცები
ჯოკოვიჩი (სერ, 2)-გულბისი (ლატ) 6:4, 6:1, 7:6(2)
ფედერერი (შვეიც, 3)-მ. ზვერევი (გერ, 27) 7:6(3), 6:4, 6:4
რაონიჩი (კან, 6)-რამოსი (ესპ, 25) 7:6(3), 6:4, 7:5
ტიმი (ავსტრია, 8)-დონალდსონი (აშშ) 7:5, 6:4, 6:2
ა. ზვერევი (გერ, 10)-ოფნერი (ავსტრია) 6:4, 6:4, 6:2
ბერდიხი (ჩეხ, 11)-ფერერი (ესპ) 6:3, 6:4, 6:3
დიმიტროვი (ბულ, 13)-სელა (ისრ) 6:1, 6:1 უარი
მანარინო (საფ)-მონფილსი (საფ, 15) 7:6(3), 4:6, 5:7, 6:3, 6:2

1/8 ფინალში ხვდებიან
მარეი (ბრიტ, 1)-პერი (საფ)
კუერი (აშშ, 24)-ანდერსონი (ს. აფრ)
ნადალი (ესპ, 4)-მიულერი (ლუქ, 16)
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 18)-ჩილიჩი (ხორ, 7)
რაონიჩი (კან, 6)-ა. ზვერევი (გერ, 10)
დიმიტროვი (ბულ, 13)-ფედერერი (შვეიც, 3)
ტიმი (ავსტრია, 8)-ბერდიხი (ჩეხ, 11)
მანარინო (საფ)-ჯოკოვიჩი (სერ, 2)

ქალები
კერბერი (გერ, 1)-როჯერსი (აშშ) 4:6, 7:6(2), 6:4
ვოზნიაცკი (დან, 5)-კონტავეიტი (ესტ) 3:6, 7:6(3), 6:2
კუზნეცოვა (რუს, 7)-ჰერცოგი (სლოვენ) 6:4, 6:0
ა. რადვანსკა (პოლ, 9)-ბაშჩინსკი (შვეიც, 19) 3:6, 6:4, 6:1
მუგურუსა (ესპ, 14)-კირსტეა (რუმ) 6:2, 6:2
ვანდევეგე (აშშ, 24)-რისკე (აშშ) 6:2, 6:4
რიბარიკოვა (სლოვაკ)-ცურენკო (უკრ) 6:2, 6:1
მარტიჩი (ხორ)-დიასი (ყაზ) 7:6(6), 6:1

1/8 ფინალში ხვდებიან
კერბერი (გერ, 1)-მუგურუსა (ესპ, 14)
ა. რადვანსკა (პოლ, 9)-კუზნეცოვა (რუს, 7)
რიბარიკოვა (სლოვაკ)-მარტიჩი (ხორ)
ვანდევეგე (აშშ, 24)-ვოზნიაცკი (დან, 5)
კონიუჰი (ხორ, 27)-ვ. უილიამსი (აშშ, 10)
ოსტაპენკო (ლატ, 13)-სვიტოლინა (უკრ, 4)
კონტა (ბრიტ, 6)-გარსია (საფ, 21)
აზარენკა (ბლრ)-ჰალეპი (რუმ, 2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული