უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები

AutoSharing Option
გუშინ, უიმბლდონის მერვედფინალურ ეტაპზე ესპანელმა გარბინ მუგურუსამ ახალი ისტორიის შექმნას შეუწყო ხელი. მე-14 ნომრად განთესილმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ანჟელიკ კერბერი დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ WTA-ის კლასიფიკაციას ახალი ლიდერი ეყოლება.

შეხვედრა 2 საათი და 18 წუთი გაგრძელდა. მუგურუსამ ძალიან აგრესიული თამაში შესთავაზა მეტოქეს, რაზეც მის მიერ შესრულებული 55 "ვინერსი" მეტყველებს, გარდა ამისა, ესპანელი 54-ჯერ გავიდა ბადესთან და 35 ქულა მოიგო. 4:6, 6:4, 6:4 და მუგურუსამ ზედიზედ მეხუთედ შეძლო გერმანელის დამარცხება.

* * *
ასევე ახალი
ისტორია დაწერა იოჰანა კონტამ - ის გახდა პირველი ბრიტანელი ქალი ბოლო 33 წლის განმავლობაში, ვინც უიმბლდონის მეოთხედფინალში გააღწია. კონტას ამისთვის 2 საათი და 11 წუთი ბრძოლა დასჭირდა ფრანგი კაროლინ გარსიას წინააღმდეგ - 7:6(3), 4:6, 6:4. ბოლო ბრიტანელი ქალი, ვინც უიმბლდონის მეოთხედფინალში ითამაშა, იო დური იყო, რომელმაც 1984 წელს, მერვედფინალში ტურნირის დებიუტანტი, მომავალი ლეგენდა, 15 წლის შტეფი გრაფი დაამარცხა.

* * *
კონტას შემდეგი მეტოქე სიმონა ჰალეპი იქნება, რომელმაც დღის მთავარ მატჩში დაამარცხა ვიქტორია აზარენკა - 7:6(3), 6:2. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი მატჩის მოგების შემთხვევაში, ჰალეპი მსოფლიოს ახალი პირველი ნომერი გახდება. სხვათა შორის, სიმონას კონტასთან ორიდან ორი მატჩი აქვს წაგებული. ანგარიშის მიუხედავად, რუმინელს იოლი მატჩი არ ჰქონდა - პირველ სეტში ორჯერ იყო ბრეიკით ჩამორჩენილი, მაგრამ ტაი-ბრეიკამდე მივიდა და იქ დომინირებდა.

* * *
როლან გაროსის სენსაციურმა ჩემპიონმა, ლატვიელმა ელენა ოსტაპენკომ "დიდი სლემის" ტურნირებზე ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო. ბალტიისპირელმა, ამჯერად, მეოთხე ნომრად განთესილი ელინა სვიტოლინა ჩამოაშორა ტურნირს - 6:3, 7:6(6). ოსტაპენკოს გაცილებით იოლად შეეძლო მოეგო, მაგრამ მეორე სეტში 5:2-დან ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო, თან ხუთი მატჩბოლი ვერ გამოიყენა. მისდა ბედად, სვიტოლინამ 5:4-ზე სეტზე ჩააწოდა და შემდეგ, ტაი-ბრეიკზე დამარცხდა. ლატვიელმა მისთვის დამახასიათებელი აგრესიული თამაში აჩვენა (42 "ვინერსი") და ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა - 10-დან 6.

* * *
უიმბლდონის ხუთგზის ჩემპიონმა ვინუს უილიამსმა ძალიან იოლად - 6:3, 6:2 მოუგო 19 წლის ხორვატ ანა კონიუჰს, რომელიც ამერიკელს შვილად ეკუთვნის. ვინუსს 1997 წლის როლან გაროსზე ჰქონდა დებიუტი "დიდი სლემის" ტურნირებზე და კონიუჰი ამ მომენტიდან შვიდი თვის შემდეგ დაიბადა. ამერიკელი მეცამეტედ ითამაშებს უიმბლდონის მეოთხედფინალში და მისი მეტოქე ოსტაპენკო იქნება.

* * *
მეოთხედფინალში კიდევ ერთი ამერიკელი იქნება - კოკო ვანდევეგე, რომელმაც 7:6(4), 6:4 დაამარცხა კაროლინ ვოზნიაცკი. კოკოს ახალი მწვრთნელი ჰყავს - უიმბლდონის 1987 წლის ჩემპიონი პატ კეში და, როგორც ჩანს, მათი თანამშრომლობა ნაყოფიერია - ამერიკელს ამ ტურნირზე, ჯერჯერობით, სეტი არ წაუგია. სხვათა შორის, უიმბლდონზე ის ერთხელ უკვე ყოფილა მეოთხედფინალში - 2015 წელს და მაშინ, სამ სეტში წააგო მარია შარაპოვასთან.

წელს, ვანდევეგე "დიდი სლემის" ტურნირებზე შესანიშნავად თამაშობს - იანვარში, ავსტრალიის ღიაზე ნახევარფინალამდე მივიდა, თან გზად დაამარცხა ანჟელიკ კერბერი და გარბინ მუგურუსა.

ნახევარფინალში გასასვლელად, ვანდენვეგე მაგდალენა რიბარიკოვას შეხვდება. სლოვაკი ჩეხი კაროლინა პლიშკოვას დამარცხებით არ დაკმაყოფილდა და უკვე მეოთხედფინალშია. მან ხორვატ პეტრა მარტიჩს რთულ ბრძოლაში აჯობა - 6:4, 2:6, 6:3. რიბარიკოვა კარიერაში პირველად ითამაშებს "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში.

უიმბლდონის მერვედფინალში გარბინ მუგურუსასთან წაგების შემდეგ (6:4, 4:6, 4:6), გერმანელი ანჟელიკ კერბერი დაკარგავს ლიდერობას WTA-ის კლასიფიკაციაში და ერთბაშად მესამე ადგილამდე დაქვეითდება.

კარიერაში პირველად, პირველ პოზიციაზე გადასვლის შანსი აქვთ: ჩეხ კაროლინა პლიშკოვასა და რუმინელ სიმონა ჰალეპს. პლიშკოვა, ამჟამად, მესამე ადგილზეა და უკვე გამოეთიშა უიმბლდონს - მან მეორე წრეში წააგო სლოვაკ მაგდალენა რიბარიკოვასთან. ჰალეპმა კი მერვედფინალში ბელარუსი ვიქტორია აზარენკა დაამარცხა (7:6, 6:2) და მეოთხედფინალშია გასული.

თუ რუმინელი ამ ეტაპზე ბრიტანელ იოჰანა კონტას მოუგებს, მაშინ მსოფლიოს ახალი პირველი ნომერი გახდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეიტინგის ლიდერობას პლიშკოვა მოიპოვებს.

ქალები
1/8 ფინალი
მუგურუსა (ესპ, 14)-კერბერი (გერ, 1) 4:6, 6:4, 6:4
ჰალეპი (რუმ, 2)-აზარენკა (ბლრ) 7:6(3), 6:2
ოსტაპენკო (ლატ, 13)-სვიტოლინა (უკრ, 4) 6:3, 7:6(6)
ვანდევეგე (აშშ, 24)-ვოზნიაცკი (დან, 5) 7:6(4), 6:4
კონტა (ბრიტ, 6)-გარსია (საფ, 21) 7:6(3), 4:6, 6:4
კუზნეცოვა (რუს, 7)-ა. რადვანსკა (პოლ, 9) 6:2, 6:4
ვ. უილიამსი (აშშ, 10)-კონიუჰი (ხორ, 27) 6:3, 6:2
რიბარიკოვა (სლოვაკ)-მარტიჩი (ხორ) 6:4, 2:6, 6:3

1/4 ფინალი
კუზნეცოვა (რუს, 7)-მუგურუსა (ესპ, 14)
ვანდევეგე (აშშ, 24)-რიბარიკოვა (სლოვაკ)
ვ. უილიამსი (აშშ, 10)-ოსტაპენკო (ლატ, 13)
ჰალეპი (რუმ, 2)-კონტა (ბრიტ, 6)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული