იულია სალნიკოვა: ქართველებთან ურთიერთობა ყოველთვის მსიამოვნებდა

AutoSharing Option
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და `დინამოს~ კორტებზე ორ კვირას გრძელდებოდა თბილისისა და `რენას და დათოს~ თასის გათამაშება 14-16 წლის ჩოგბურთელთა შორის. შეჯიბრებას მრავალი სტუმარი ჰყავდა. ერთ-ერთი გახლდათ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი იულია სალნიკოვა. მისი ვაჟი - სტეფანოს ციციპასი 14-წლიანებში გამოდიოდა და წყვილებში მეორე ადგილიც დაიკვა. თავად იულია ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელის, საკავშირო ნაკრებისა და მოსკოვის `სპარტაკის~ მოთამაშის სერგეი სალნიკოვის ქალიშვილია. სსრკ ჩემპიონატებზე იგი ლეილა მესხსაც უწევდა მეტოქეობას, 80-იანი წლების მიწურულს კი ისინი წყვილებში ერთად ავიდნენ
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ტალინში.

- ლეილა მესხი ჩოგბურთელი დების - ირინა და მარინა მალაციძეების მეშვეობით გავიცანი. - მითხრა იულიამ. - მართალია, იგი ოთხი წლით უმცროსია, მაგრამ ჩვენი მეგობრობისთვის ამას ხელი არ შეუშლია. თუმცა, კორტებზე უშეღავათო მეტოქეები ვიყავით. თუ არ მეშლება, დადებითი ბალანსი ჩემს მხარეს უნდა იყოს. ერთხელ ერევანში საბჭოთა კავშირის თასის გათამაშებისას დავუპირისპირდით ერთმანეთს. მახსოვს, ბურთს რომ ვაწოდებდი, კორტზე უეცრად უშველებელმა ვირთხვამ გადაირბინა. ლეილამ შიშისგან შეკივლა, მე კი ხელები ჰაერში გამიშეშდა, მაგრამ მალევე მოვეგე გონს, როგორც უფროსმა, შიშიც ადრე დავძლიე და ის მატჩიც მოვიგე. მერე და მერე ლეილა უფრო დაწინაურდა. არა მარტო საბჭოეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გაითქვა სახელი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორიც გახდა. ყოველთვის მიხაროდა მისი წარმატებები.

- სხვა ქართველ ჩოგბურთელებთან თუ გქონიათ ურთიერთობა?
- როგორ არა. როგორც გითხარით, ნაცნობობა მალაციძეებით დაიწყო. ალექსანდრე მეტრეველი მოსკოვში რომ ჩამოდიოდა სათამაშოდ, გოგონები სპეციალურად მივდიოდით კორტებზე მის საყურებლად. შესანიშნავი პიროვნება და ჩოგბურთელი გახლდათ თეიმურაზ კაკულია. დღემდე ვინარჩუნებ მეგობრულ ურთიერთობას მალაციძეებთან, ლეილა მესხთან, ლალი ზერეკიძესთან, სხვებთანაც. საერთოდ, ძალიან მსიამოვნებს ქართველებთან ურთიერთობა. თბილისში თავს შინაურულად ვგრძნობ.

- როგორც ვიცი, წყვილებში უფრო ტყუპისცალთან ერთად ამჯობინებდით ასპარეზობას...
- დიახ, ასე იყო. არბიტრებსა და მეტოქეებს უჭირდათ ჩვენი გარჩევა. ჩემს დას უფრო ძლიერი მოწოდება ჰქონდა, ამიტომ ხშირად მივმართავდით სპორტულ ეშმაკობას - ბურთს უფრო ხშირად ალა აწვდიდა, რაც მეტოქეთა ბანაკში გაუგებრობას და უკმაყოფილებას იწვევდა. არბიტრები სხვადასხვა ფერის წინდების ჩაცმას გვთხოვდნენ.

- შეყვარებულებსაც ხომ არ ერეოდით ერთმანეთში?
- (ეცინება). Gგაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საბერძნეთში გავთხოვდი. ოთხი შვილი მყავს. ორი ვაჟი ჩოგბურთის თამაშობს, აი, სტეფანოსი ამ შეჯიბრებაზე სხვებზე უმცროსია, მაგრამ ერთი პრიზი უკვე დაიმსახურა. იმედია, მომავალში ბიჭები უფრო დიდ სიმაღლეზე ავლენ.
ვაჟა დანელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული