ანა ტატიშვილი რეიტინგში თერთმეტი საფეხურით ჩამოქვეითდა

AutoSharing Option
გასულ კვირას ზოგიერთმა ქართველმა ჩოგბურთელმა ქალმა საერთაშორისო ტურნირებში მაინცდამაინც ხეირიანად ვერ ითამაშა, ზოგს კი გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა, რამაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.

ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტი ანა ტატიშვილი 11 საფეხურით ჩამოქვეითდა და დღეს 84-ე (იყო 73-ე) პოზიციაზეა, რასაც, ცხადია, კატასტროფა არ ეთქმის, მაგრამ მოახლოებული თამაშების წინ მთლად სასურველი მაინც ვერ არის, რადგან "ლონდონი 2012"-ის წილისყრისას (26 ივლისს) განთესვა 23 ივლისის კლასიფიკაციით მოხდება.

როგორც აღვნიშნეთ, ანა 792 ქულით 84-ეა. პოზიციები დათმო მეორე ლიცენზიანტმა მარგალიტა ჩახნაშვილმაც - 240
ქულით 225-ედან 234-ე ადგილზე გადაინაცვლა. დანარჩენ ქართველ ჩოგბურთელთა სარეიტინგო მაჩვენებლები ასეთია: 349 (353). სოფიო შაფათავა - 121 ქულა; 384 (388). სოფო ქვაცაბაია - 101; 537 (500). ეკატერინე გორგოძე - 52; 622 (458). თათია მიქაძე - 39; 672 (692). ნათია გეგია - 32; 679 (684). ოქსანა კალაშნიკოვა - 31; 971 (975). ანი გოგვაძე - 11 ქულა.

ეს კვირაც საინტერესო შეჯიბრებებით იქნება დატვირთული. ბაქოს 220 000-იან ტურნირში (დირექტორი - საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი) ვერ ითამაშებს ანა ტატიშვილი, რადგან იგი ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. აზერბაიჯანის დედაქალაქში "ველური ბარათითაა" დაშვებული ეკატერინე გორგოძე.

ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა 100 000-იან ტურნირს მასპინძლობს. იქ საკვალიფიკაციოდან აიღო სტარტი სოფიო შაფათავამ, რომელიც მე-6 ნომრად იყო განთესილი.

პირველ წრეში რუს საბინა კურბანოვას სძლია - 6:2, 6:2, შემდეგ იაპონელი მაკოტო ნინომია ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:0, ფინალში კი მე-3 ნომრად განთესილ ნადია კიჩენოკის დასამარცხებლად სამი სეტი დასჭირდა - 5:7, 6:1, 6:4. ძირითად ბადეში იგი მე-5 ნომრად განთესილ კურუმი ნარას (იაპონია) დაუპირისპირდება.

პირდაპირ ძირითად ბადეში დაუშვეს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა. იგი I წრეში თურქ კაგლა ბუიუკაკჩაის გაუწევს მეტოქეობას. წყვილთა შეჯიბრებაში ოქსანა რუს მარტა სიროტკინასთან ერთად ჩაება და პირველ წრეში ეკატერინა კლუევას და ანასტასია ეპიშინას (ორივე - ყაზახეთი) დუეტს აჯობა - 6:2, 6:1. ოქსანასა და მარტას მეოთხედფინალშიც ანა დანილინას და ზალინა ხაირუტდინოვას ყაზახური წყვილი ელოდება.

იზმირის (თურქეთი) 10 000-იანი ტურნირის კვალიფიკაციაში ჩაება თამარ ჭალაგანიძე, რომელმაც პირველ წრეში მასპინძელი ისილ ილერი დაამარცხა - 6:1. 6:2, მეორეშიც თურქ სენა ლარა ნურალის სძლია - 6:0, 6:1 და ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც ბელგიელ კატერინა ჩანტრაისთან გაარკვევს ურთიერთობას. ნათია გეგია კი მე-8 ნომრად განთესილ იტალიელ ლინდა მაირს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული