ანა ტატიშვილისა და მაკა ჩახნაშვილის წყვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა

AutoSharing Option
30 ივლისს მოუთმენლად ველოდით ლონდონის ოლიმპიურ კორტებზე 22 წლის ანა ტატიშვილისა და 29 წლის მაკა ჩახნაშვილის დუეტის გამოსვლას წყვილებში.

ჩვენებურები სლოვენიელებს - 26 წლის ანდრეა კლეპაჩსა და 31 წლის კატარინა სრებოტნიკს დაუპირისპირდნენ.

ამ დუელში ფავორიტებად ყოფილი იუგები მიიჩნეოდნენ, რადგან წყვილთა რეიტინგში მათ ბევრად უკეთესი მაჩვენებლები აქვთ. ამის მიუხედავად, პირველი სეტი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, რაზეც პაექრობის მსვლელობაც მიუთითებს - 4:4, 5:5 (აქ ჩვენებმა, სამწუხაროდ, 5 ბრეიკ პოინტი ვერ გამოიყენეს, რაც საბოლოოდ ძვირად დაუჯდათ). მერე სლოვენიელები დაწინაურდნენ - 6:5, ქართველებმა კვლავ გაათანაბრეს
ანგარიში. აი, ტაიბრეიკი კი მეტოქის უპირატესობით წარიმართა და 7:0 მოიგო.

მეორე სეტში ქართველმა ჩოგბურთელებმა მატჩის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანეს - 37 წუთში დაამარცხეს სლოვენიელები - 6:3.

ამგვარი შემობრუნების შემდეგ საბოლოო გამარჯვების იმედი ჩაგვესახა, მაგრამ კლეპაჩმა და სრებოტნიკმა მესამე ხელში ჩვენს ოცნებას ცივი წყალი გადაასხეს. მართალია, ანამ და მაკამ თავიანთი პირველი მოწოდება მოიგეს და 1:0 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ზედიზედ ხუთი გეიმი და საბოლოოდ სეტიც დათმეს - 2:6, რითაც შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

უკვე გაუწყეთ, რომ ერთეულთა სტარტზე ანა ტატიშვილმა ლიხტენშტეინელი შტეფანი ფოგტს მოუგო (6:2, 6:0) და მეორე წრეში გავიდა, სადაც 31 ივლისს ჩინელ ცზიე ჟენის (რეიტინგში 25-ე) მძლეველ (6:4, 7:6) რუს ნადია პეტროვას (19) დაუპირისპირდება, რომელიც ლონდონში მე-16 ნომრადაა განთესილი.

ამ წყვილში გამარჯვებული ბელარუს ვიტორია აზარენკას (1) და ესპანელ მარია ხოსე მარტინეს-სანჩესს (90) შორის უძლიერესს შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული