ანტალიაში 18 დეკემბერს ჩოგბურთელ ქალთა 50 000-დოლარიანი საერთაშორისო ტურნირის ძირითადი ბადის პირველ ტურში წარმატებით ითამაშა
ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელმაც ამერიკელი კიარა ჩოლი იოლად დაამარცხა - 6:4, 6:0 და მეორე წრეში კრისტინა დინუს (რუმინეთი) მძლეველ (4:6, 6:2, 6:3) აკქულ ამანმურადოვას (უზბეკეთი) დაუპირისპირდება.
ოქსანამ წყვილებშიც გაიმარჯვა. ბოსნიელ მერვანა იუგიჩ-სალკიჩთან ერთად ჩვენებური პირველ ნომრადაა განთესილი. სტარტზე მათ ალექსანდრა დულგნერუს (რუმინეთი) და მენდი მინელას (ლუქსემბურგი) დუეტს აჯობეს - 6:4, 6:2. მეოთხედფინალში ოქსანა და მერვანა ბელორუსებს - ილონა კრემენსა და ლიძია მაროზავას გაუწევენ მეტოქეობას.
რაც შეეხება
ანტალიაშივე ვაჟთა 10 000-იან ტურნირს,
ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც პირველ ნომრადაა განთესილი, სტარტზე ბელგიელ ჟულიენ დუბაილს შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"