ანა ტატიშვილი ბრისბენში ჩოგბურთის ლიდერებს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
თურქულ სტამბულში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი), რომელშიც სამი ქართველი ჩაება.

ნათია გეგია, რომელიც ძირითად ბადეში საკვალიფიკაციოდან მოხვდა (იქ იტალიელ კარლოტა სარტორის სძლია 6:1,7:6), სტარტზევე მასპინძელ ირეკ სოილუსთან დამარცხდა - 7:5, 3:6, 3:6.

თურქმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში მე-6 ნომრად განთესილ ეკატერინე გორგოძესაც აჯობა - 6:3, 6:3. სავარაუდო იყო, რომ იგი ნახევარფინალში მე-3 ნომრად განთესილ სოფიო ქვაცაბაიასაც შეხვედროდა, რადგან მეოთხედფინალში ტურნირის მე-2 ნომერი იაპონელი ერი ჰოზუმი დაჯაბნა - 6:3,6:3.

სამწუხაროდ, ქვაცაბაიამ, რომელმაც პირველ წრეში რუმინელი
ქრისტინა ადამესკუ ჩამოიშორა გზიდან, მეორეში მის გზას გაუყენა ბულგარელი ვივიან ზლატანოვა, მესამე ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, იოლად დანებდა ბორისლავა ბოტუშაროვას - 1:6, 2:6.

სლავმა ჩოგბურთელმა წყვილთა ტურნირში მარცხისთვის ჯავრი იყარა ჩვენებურზე. მეორე ნახევარფინალში ტურნირის რეიტინგფავორიტი ისაბელა შინიკოვა (ბულგარეთი) და ჰულია ესენი (თურქეთი) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

წყვილთა ფინალში ითამაშებს სოფიო ქვაცაბაიას და ეკატერინე გორგოძის დუეტი, რომელიც სტამბულის ტურნირზე მეორე ნომერია.

ქართველებმა პირველ წრეში სანდრა ჰონიკოვა (ჩეხეთი) და პოლინა ლეიკინა (რუსეთი) დაამარცხეს - 6:1, 6:4, შემდეგ ბულგარელებს ბორისლავა ბოტუშაროვას და იულია სტამატოვას აჯობეს - 5:7, 7:5, 10:6, 27 დეკემბერს კი ანა ბიანკა მინალა (რუმინეთი) და დიანა ოსპინა (აშშ) ჩამოიშორეს გზიდან - 6:4,6:2. ფინალში პირველ ნომრად განთესილ სლავებს ლიძია მაროზავას (ბელორუსი) და ეკატერინა იაშინას (რუსეთი) დაუპირისპირდებიან.

ინდოეთის ქალაქ პუნეს 25 000-იან ტურნირში ცდიდა ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა. სტარტზე მიღწეული წარმატების (მასპინძელი ნატაშა პალანა დაამარცხა) შემდეგ თურქ ბასაკ ერაიდინს შეხვდა.

პირველი ხელი თბილისელმა ჩოგბურთელმა მოიგო - 7:6, მაგრამ მომდევნო ორი დათმო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ავსტრალიურ ბრისბენში 30 დეკემბრიდან დაიწყება და 2013 წლის 6 იანვარს დასრულდება ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი 1 000 000 დოლარის საპრიზო ფონდით (შარშან 655 000 დოლარი იყო).

ამ შეჯიბრებას დღემდე ქალებში ოთხი გამარჯვებული ჰყავს: ვიქტორია აზარენკა (2009), კიმ კლაისტერსი (2010), პეტრა კვიტოვა (2011) და კაია კანეპი (2012).

წლეულს ბრისბენში თამაშს აპირებენ ვიქტორია აზარენკა (ბელორუსი), სერენა უილიამსი (აშშ), მარია შარაპოვა (რუსეთი), სემ სტოსური (ავსტრალია), პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი), კაროლინ ვოზნიაცკი (დანია), დომინიკა ციბულკოვა, დანიელა ჰანტუხოვა (ორივე სლოვაკეთი) და სხვები, მათ შორის 22 წლის ანა ტატიშვილი, რომელიც 1140 ქულით მსოფლიო რეიტინგში 51-ე ადგილზეა. ბოლო პერიოდში მას არსად უთამაშია, რადგან ტრავმებს იშუშებდა.

ამჟამად ანა ავსტრალიაში იმყოფება და ახალ სეზონს მსოფლიოს ჩოგბურთელ ქალთა თანავარსკვლავედთან ერთად მილიონიანი ტურნირით დაიწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული