- რვა წლისა მიმიყვანეს კორტებზე და საკმაოდ
არასდროს დამავიწყდება ის მხარდაჭერა, რომელიც მაშინ და მერეც გაზეთმა გამიწია. დედას იმდროინდელი უამრავი გაზეთი აქვს შენახული. ნოსტალგია რომ შემომაწვება, იმ გაყვითლებულ ფურცლებს ვათვალიერებ და კინოს კადრებივით გაირბენს ხოლმე თვალწინ განვლილი სპორტული ცხოვრება.
"ლელო" არის საქართველოში ერთადერთი მდიდარი ტრადიციების სპორტული გაზეთი, რომელიც თითქმის რვა ათეული წელიწადია, ქომაგებს აცნობს სპორტის გმირების ცხოვრებას, ემსახურება ქართულ სპორტს... დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ.
- თქვენ ბრძანეთ, რომ რვა წლისა ეზიარეთ ჩოგბურთს.
- ეს მამაჩემის დამსახურებაა. დედასთვის უთქვამს - ბიჭი თუ შეგვეძინა, ფეხბურთელი იქნება, გოგო თუ გვეყოლა, ჩოგბურთელად გავზრდიო. ასე რომ, მამამ ჩემს დაბადებამდე იცოდა, შვილი სპორტის რომელი სახეობით დაესაქმებინა.
რომ წამოვიზარდეთ, მე და ჩემი და მამამ გურამ თოხაძესთან მიგვიყვანა. გამოცდილმა სპეციალისტმა მაშინვე განჭვრიტა, რომ ჩემგან ჩოგბურთელი დადგებოდა. ტრაბახად ნუ ჩამითვლით და ძალიან შრომისმოყვარე ვიყავი. მალე მივაღწიე შედეგებს.
ეს იმანაც განაპირობა, რომ მამაჩემს ძალიან სჯეროდა ჩემი წარმატებების, რაც პასუხისმგებლობას მიორკეცებდა.
სვანეთის უბანში გავიზარდე, სახლი გვქონდა ეზოთი. დედა ხეხილსა და ყვავილებს ახარებდა და უვლიდა. ერთ მშვენიერ დღეს, სამსახურიდან რომ დაბრუნდა, ბაღი მიწასთან გასწორებული დახვდა - ასფალტი იგებოდა, რომ ჩემთვის კორტი მოეწყოთ. ასე რომ, 12 წლისას უკვე შინაც შემეძლო მევარჯიშა.
- პირველად სად ითამაშეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ?
- კალინინგრადში. სადაც პირველი ადგილი დავიკავე თანატოლებში. მაშინ თეიმურაზ კაკულია იყო ჩემი მწვრთნელი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ არავის დავეჩაგრეთ. ევროპისკენაც გზა ხსნილი მქონოდა, ცხადია, პირადი შედეგების გათვალისწინებით.
საქართველოს ჩემპიონობა 14 წლისამ მოვიპოვე. შეჯიბრება თელავში გაიმართა და ფინალში ნინო თუხარელს ვძლიე. მაშინ თოხაძემ და კაკულიამ წარმატება მომილოცეს და დიდ ჩოგბურთზე შეგიძლია იფიქროო, მითხრეს.
რაც შეეხება საბჭოთა კავშირიდან უცხოეთში გასვლას, თანატოლებში ევროპის პირველობაზე ვითამაშე საფრანგეთში, სადაც მე-3 ადგილი დავიკავე - ნახევარფინალში გერმანელ შტეფი გრაფთან დავმარცხდი, რომელსაც საჩოგბურთო სამყარო უკვე იცნობდა, კონტრაქტებიც კი ჰქონდა მსხვილ ფირმებთან.
- კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად რომელი შეჯიბრება დაგამახსოვრდათ?
- 1991 წელს სამხრეთ კაროლინაში WTA-ს ტურნირი, სადაც მსოფლიოს რეიტინგით პირველი ათეულის სამ ჩოგბურთელს - ჯენიფერ კაპრიატის, ნატალია ზვერევას და მარტინა ნავრატილოვას ვძლიე.
ეს იყო ჩემს კარიერაში დაუვიწყარი მომენტი, რადგან ნავრატილოვა ქალთა ჩოგბურთს დღემდე ლეგენდად შემორჩა.
ჰილტონ ჰედის ტურნირის ფინალი კი გაბრიელა საბატინისთან წავაგე. თუმცა მომდევნო წლებში არგენტინელს ორჯერ ვაჯობე.
1990 წელსNეშვილის ქალთა ტურნირი მოვიგე: ნახევარფინალში ბულგარელი მალეევა, ფინალში კი კანადელი კელესი დავამარცხე.
საბჭოთა კავშირიდან ოლგა მოროზოვას შემდეგ პირველი ჩოგბურთელი ქალი გავხდი, რომელმაც უცხოეთში საერთაშორისო შეჯიბრება მოვიგე. მაშინ დიდი საპრიზო თანხა მივიღე და, ასე ვთქვათ, ამოვისუნთქე.
ვიფიქრე, რომ ცხოვრება შეიძლება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ფინანსურად წელგამართული უკვე მთლიანად ორთაბრძოლებზე ვიყავი კონცენტრირებული და ფულზე არ ვფიქრობდი.
- ბარსელონის ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავეთ. უკეთესი შედეგი თუ შეიძლებოდა?
- ალბათ, შეგვეძლო. გამიმართლა, რომ წყვილში ნატაშა ზვერევასთან ერთად ვთამაშობდი. ის ძალიან ძლიერი მეწყვილე გახლდათ.
იმის მიუხედავად, რომ ერთეულებში ხშირად მყავდა ძლეული, წყვილებში ახლოსაც ვერ მივიდოდი. მაშინ მსოფლიოში ის პირველი-მეორე იყო, მე კი მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე ადგილზე ვიყავი.
ოლიმპიადას ნატალია ცუდ სპორტულ ფორმაში შეხვდა, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა მე დამაწვა, რამაც ძალა შემმატა. ურიგოდ მაინც არ გვითამაშია: ნახევარფინალში გავედით და ერთადერთი მატჩი იქ ფერნანდესებთან დავთმეთ - 6:7, 6:7.
არადა, იმ შეხვედრის მოგებაც შეიძლებოდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ბრინჯაო, რომელიც მაშინ ავიღეთ, ჩვენი ტანდემის შესაძლებლობის მინიმუმი იყო. ამის შემდეგ მე და ზვერევამ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი მოვიგეთ წყვილებში.
- თქვენ მესამე ოლიმპიურ თამაშებშიც შეგეძლოთ მონაწილეობა. ნაადრევად ხომ არ დაანებეთ კორტს თავი?
- 1988 წელს საბჭოთა ნაკრებში, 1992 წელს კი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გუნდში ვიყავი.
კარგი იქნებოდა, 1996 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მეთამაშა. სამწუხაროდ, ტრავმამ შემიშალა ხელი. ჩოგბურთს თავი რომ დავანებე, 28 წლის ვიყავი.
1995 წელს მე-4 კატეგორიის ტურნირი მოვიგე ავსტრალიაში. თუმცა წინა წელს სერიოზული ტრავმა მივიღე და ყველა მატჩისას ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი. იძულებული გავხდი, აქტიურ სპორტს ჩამოვშორებოდი.
- უცხოური ტურნირებისას ქართველ ემიგრანტებს თუ შეხვედრიხართ?
- უამრავს. მე ისეთ დროს გავედი საერთაშორისო სარბიელზე, რომ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენებურებთან შეხვედრა საშიში აღარ იყო.
მართალია, საზღვრებს გარეთ გასვლისას კი გვაფრთხილებდნენ, მაგრამ იქ უშიშროების კლანჭები არასდროს მიგრძვნია.
ამიტომ ავსტრალიიდან, ამერიკიდან უამრავი წერილი, საჩუქარი თუ ფული მაქვს ჩამოტანილი ქართველებისთვის ემიგრანტი ნათესავებისგან გამოგზავნილი. ამ "ფოსტალიონობამ" უამრავი მეგობარი შემძინა საზღვარგარეთ. ბევრთან დღემდე მაქვს ურთიერთობა.
მაგალითად, პარიზში ნათელა ნიკოლაძე-ღამბაშიძესთან. 1990 წელს როლან გაროსზე ავსტრალიელი მაკ ქილანი და რუსი ლარისა სავჩენკო დავამარცხე, მეთექვსმეტედფინალში იუგოსლავიელ მონიკა სელეშს შევხვდი.
ამ მატჩის ტრანსლაცია საფრანგეთის ტელევიით გადაიცემოდა. პარიზში მცხოვრებ ნათელა ნიკოლაძე-ღამბაშიძეს ეკრანზე ჩემი გვარი რომ წაუკითხავს, მაშინვე წამოსულა კორტებზე და გასახდელში მოგვაგნო.
დედამისი თურმე 1937 წელს ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩემპიონი გამხდარა ჩოგბურთში. იან ჰომერმა მაშინდელი პლეხანოვის კორტებზე რომ მნახა, იმდენად მოეწონა ჩემი თამაში, რომ "ვერცხლის ფოთოლი" მაჩუქა, რომელსაც აწერია - 1937 წლის საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული.
მსგავსი "ფოთოლი" ქალბატონმა ნათელამაც მაჩუქა. საინტერესო დამთხვევაა. ასე რომ, საქართველოს პირველი ჩემპიონების "ვერცხლის ფოთლები" ჩემს კოლექციაში ინახება.
- თქვენ 14 წელიწადი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყავით. ამ პერიოდის შესახებ რას იტყვით?
- უფრო, ალბათ, დასაწყისსა და ბოლოს გავიხსენებ. 90-იანი წლების დასაწყისში შინ რომ დავბრუნდი, საქართველოში ეკონომიკური სიდუხჭირე სუფევდა. მანამდე გერმანიის ბუნდესლიგაში ვთამაშობდი საკმაოდ წარმატებულად, ორჯერ ჩემპიობა მოვიპოვე.
ასე ვთქვათ, საქმე აწყობილი მქონდა, მაგრამ დადგა საკითხი, საბოლოოდ სად მეცხოვრა. რა თქმა უნდა, სამშობლოს მოვაშურე.
მაშინ პრივატიზაციები ახალი დაწყებული იყო და პირველი რაც გავაკეთეთ, მარჯანიშვილის კორტები შევიძინე და ჩემი სახელობის ჩოგბურთის აკადემია გავხსენი. ნამდვილად ვამაყობ ამ სკოლით.
ძნელბედობის ჟამსაც არ შეგვიწყვეტია მუშაობა - მეტროპოლიტენიდან ვიღებდით ელექროენერგიას და ერთი ვარჯიშიც არ ჩაგვიგდია.
ამან თავისი როლი შეასრულა. სანამ ფედერაციის პრეზიდენტი გავხდებოდი, საერთაშორისო ტურნირები ჩავატარე საქართველოში, რითაც, მიმაჩნია, რომ დიდი საქმე გავაკეთე. მართალია, ამ წამოწყებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა - ფულს უცხოელი სპორტსმენები წაიღებენო.
მაგრამ იმის შიშით, რომ ავსტრალიასა და ინგლისში მასპინძლები პირველ ადგილებს ვერ დაიკავებენ, მწვანე კონტინენტის ღია ჩემპიონატი და უიმბლდონი არავის გაუუქმებია. საქართველოში გამართულმა ტურნირებმა ის მოგვცა, რომ ჩემი პრეზიდენტობის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქალთა ნაკრები მსოფლიო ფედერაციის თასის გათამაშების პირვილ ლიგაში გადავიდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის ორი ლიცენზია მოვიპოვეთ.
საერთაშორისო ფედერაციასთან ჩემი პირადი კონტაქტების წყალობით გამოგვიყვეს 2 საგზური, თუმცა ანა ტატიშვილმა თავად დაიმსახურა ლონდონის საგზური, მაგრამ წყვილებში საერთაშორისო ფედერაციამ 6 ლიცენზიიდან ორი ადგილი ჩვენ გვარგუნა. ცხადია, ჭაბუკების წარმატებაცაა გასათვალისწინებელი.
ალექსანდრე ბაკში 16-წლამდელებში 8 საუკეთესოს მასტერსზე მოხვდა. ყოველივე ეს კი იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც დღეს ქართულ ჩოგბურთშია, განსაკუთრებით რეგიონებში, მიმაჩნია, რომ ზემოაღნიშნული დიდი შედეგია.
- ფედერაციის ბოლო ყრილობაზე დელეგატებმა ახალ ხელმძღვანელად ალექსანდრე მეტრეველი-უმცროსი აირჩიეს. ლეილა მესხი ოპოზიციაში ჩადგომას ხომ არ აპირებს?
- არავითარ შემთხვევაში. ეს ჩემი პოლიტიკა არ არის. ყრილობაზე მოხდა სრულიად ლოგიკური ფაქტი: 14 წელიწადი ვიმუშავე ფედერაციის პრეზიდენტად. მუდმივი არაფერია.
მე ხომ პროფესიონალი სპორტსმენი ვარ. მართალია, უფრო მოგებებს, მაგრამ გამარჯვებებთან ერთად მარცხსაც მიჩვეული ვარ. ამ გადარჩევით, მართალი გითხრათ, ერთი დიდი ტვირთი მომეხსნა, რადგან ფედერაციის პრეზიდენტობა უდიდესი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.
განსაკუთრებით იმ სფეროში, სადაც ფედერაცია უნდა შეინახო, არ არსებობს სპონსორობის არანაირი ინსტიტუტი. ყველაფერი მხოლოდ პირად კონტაქტებზეა დამოკიდებული.
ჩოგბურთის გასავითარებლად სახელმწიფომ სხვა პოლიტიკა უნდა გაატაროს. ვიმედოვნებ, რომ ასეც იქნება და ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობასაც წარმატებებს ვუსურვებ.
როგორც იცით, ჩემი სკოლა მაქვს და მისი განვითარებისთვის მეტი დრო დამრჩება. ვემსახურებოდი და მომავალშიც მოვემსახურები ქართულ ჩოგბურთს.
სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი, მანამ ჩავუყარე საფუძველი საქართველოში საერთაშორისო ტურნირებს. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ეს შეჯიბრებები მომავალშიც არ შეწყდეს.
ძალიან მალე ჩოგბურთის აკადემია მემორანდუმს გააფორმებს კომპანია "კოკა-კოლასთან" და ჩვენი სკოლის ნაკრები უფასოდ გაივლის შეკრებებს, დაფინანსდება სხვადასხვა ტურნირზე. სხვა სპონსორებთანაც მაქვს მოლაპარაკება და ყველაფერი ეს ქართული ჩოგბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.
თებერვლის მიწურულს დონეცკში გავემგზავრები - იქაურ ჩოგბურთის აკადემიასთან ერთობლივი პროექტის განხორციელებას ვაპირებ. დღევანდელ ჩოგბურთში უნდა იყვნენ ფინანსურად ძლიერი ადამიანები, რომ სპორტის ეს სახეობა განვითარდეს, რადგან პროფესიონალ სპორტსმენებს თანადგომა სჭირდებათ: ოთხი-ექვსი საათი ვარჯიში, კარგი მწვრთნელი, ტურნირებზე გამგზავრება.
ყოველივე ეს პრობლემებთან არის დაკავშირებული, რადგან ბიუჯეტი საკმაოდ მცირეა, იმის მიუხედავად, რომ ბოლო ორი წელიწადი ფედერაციებს შორის დაფინანსებით მეოთხე ადგილზე ვიყავით. ეს არ არის საკმარისი.
არადა, როგორც ვიცი, წლევანდელი ბიუჯეტი, შარშანდელთან შედარებით, მაინცდამაინც არ გაიზრდება.
150 ათასი ლარით ჩოგბურთს ვერ შეინახავ. მაგალითად, საფრანგეთში 2 მილიონი ლიცენზირებული ჩოგბურთელია, თითოეული წელიწადში 20 ევროს იხდის. ნახეთ, როგორი ბიუჯეტი აქვთ.
ჩვენთან ლიცენზირება რომ დავიწყეთ საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნით, ვერ წარმოიდგენთ, როგორი წნეხის ქვეშ აღმოვჩნდით - მესხი ფულს აკეთებსო.
არადა, ლიცენზირებისთვის წლიური გადასახადი იყო 30 ლარი. სულ 200 ჩოგბურთელი გვაყვს ლიცენზირებული.
უცხოეთში ლიცენზირებისთვის თანხას იმიტომ იხდიან სიამოვნებით, რომ ეს ფული ჩოგბურთის განვითარებას მოხმარდეს. ეს არის კულტურა. წინააღმდეგობების მიუხედავად, ამგვარი ხედვა ნელ-ნელა ჩვენთანაც იკიდებს ფეხს.
- იან ჰომერის კორტებზეც გვინდა გკითხოთ...
- ჩვენი მიზანი იყო, აგვეშენებინა ჩოგბურთის უდიდესი ბაზა, სადაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირები გაიმართებოდა, ნაკრებები გუნდები ივარჯიშებდნენ. მაშინ მშენებლობის დამთავრებას თანხა არ ეყო და საბანკო კრედიტი ავიღეთ.
მჯეროდა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ხელი მოკიდეს ამ საქმეს, წარმატებით დაასრულებდნენ ყველაფერს, მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა, რამაც გული დამწყვიტა. ის ბაზა ფეხბურთს გადაეცა.
- კარიერის განმავლობაში თილისმა თუ გქონიათ ან შეჯიბრების წინ რაიმე რიტუალს ხომ არ ასრულებდით?
- სპორტსმენობისას ჩემთვის დიდი მნიშვენლობა ჰქონდა, დილით როგორ ავდგებოდი, ხურდას თუ ვიპოვიდი...
დღემდე ჩანთაში მიდევს ერთდოლარიანი, რომელსაც 25 წელიწადია, თან ვატარებ. მართალი გითხრათ, დღეს ამგვარ რამეებს ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას.
- ანა ტატიშვილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილზე რას იტყვით?
- ანა უდიდესი ჩოგბურთელია. განსაკუთრებით მის შრომისნაყოფიერებას ვაფასებ. როცა ადამიანი ამდენს ირჯება, წარმოუდგენელია, წარმატებას არ მიაღწიოს. დარწმუნებული ვარ, რომ ანა კიდევ ბევრ გამარჯვებას მიაღწევს.
რეიტინგით ჯერ კიდევ 220-ე იყო, როცა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელ პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილს ვუთხარი, რომ ტატიშვილი ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვდება-მეთქი. არ ეჯერა, რომ სამ წელიწადში ანა ამას შეძლებდა.
ხომ ნახეთ, ანამ ლონდონში იასპარეზა. დღეს რეიტინგში 52-ეა, მაგრამ პირველი ოცეულის დონეზე თამაშობს. ჩვენი ვაჟთა ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნიკოლოზ ბასილაშვილის დაბრუნება.
მამაკაცებში მეტი კონკურენციაა, ამიტომ ძნელად მიდის წინ, მაგრამ მჯერა, რომ ბასილაშვილს დიდი პოტენციალი აქვს, ოღონდ მას ხელშეწყობა სჭირდება.
სასიამოვნოა ისიც, რომ ახალი თაობის მომზადებას დიდი ყურადღება ექცევა, განსაკუთრებით იმ ასაკს, რომელმაც 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში უნდა იასპარეზოს.
ორ-ორი ნაკრები ჩამოყალიბდა გოგონებსა და ბიჭებში. დაფინანსებაც ნორმალურია. მიმაჩნია, რომ ესეც ქართულ ჩოგბურთს სასიკეთოდ წაადგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"