საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები ბელორუსთან დამარცხდა

AutoSharing Option
ეილათი მესამედ მასპინძლობს ფედერაციის თასის პირველი ლიგის გათამაშებას. ისრაელის საკურორტო ქალაქში 16 ქვეყნის ჩოგბურთელმა ქალებმა მოიყარეს თავი.

ისინი ოთხ ჯგუფში არიან განთესილნი. 6 თებერვალს დილიდან კოკისპირულმა წვიმამ, რაც მზიურ ეილათში იშვიათია, ლამის მთელი ქალაქი დატბორა და ასპარეზობის ორგანიზატორებს გეგმები აურია. B და D ჯგუფების მატჩები ერთი დღით გადავადდა.

A ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბელორუსს დაუპირისპირდა. სლავებს ორი საუკეთესო ჩოგბურთელი (ვიქტორია აზარენკა და ოლგა გოვორცოვა) აკლიათ, ჩვენი გუნდიც ანა ტატიშვილის გარეშე გამოდის.

ეილათის კორტზე პირველები მაკა ჩახნაშვილი (მსოფლიოს რეიტინგით მე-400) და ალიაქსანდრა
სასნოვიჩი (369) გავიდნენ.

სამწუხაროდ, ჩვენებურმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია მეტოქეს და ორივე ხელი დათმო - 3:6, 2:6. მერე სოფიო შაფათავა (300) და ილონა კრემენი (243) დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი სეტი ბელორუსმა მოიგო - 6:3, მეორეში ქართველმა ჩოგბურთელმა რევანში აიღო - 7:6. მესამეში კრემენი 3:0-ს რომ იგებდა, შაფათავამ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

წყვილებში ლიძია მაროზავამ და ალიაქსანდრა სასნოვიჩმა ეკა გორგოძისა და სოფიო ქვაცაბაიას დუეტს აჯობეს - 6:2, 6:2.

საბოლოოდ ბელორუსებმა 3:0 გაიმარჯვეს. A ჯგუფში ხორვატიამ ავსტრიას 2:1 მოუგო. C ჯგუფში ასეთივე ანგარიშით პოლონეთმა რუმინეთს, ისრაელმა კი თურქეთს სძლია.

7 თებერვალს საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები ხორვატიას გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული