ინდიან უელსი: როცა აზარენკა და უილიამსი არ თამაშობენ

AutoSharing Option
ინდიან უელსში, პარალელურად, ქალების უმაღლესი კატეგორიის ტურნირი მიმდინარეობდა, სადაც უფრო იოლი იყო გამარჯვებულის წინასწარმეტყველება. სერენა უილიამსის არყოფნამ და ვიქტორია აზარენკას ტრავმამ ტიტულისკენ გზა გაუხსნა მარია შარაპოვას. ეს ის ჩოგბურთელები არიან, რომლებიც რეგულარულად ამარცხებენ რუსს დიდ ტურნირებზე და მათ არყოფნაში, ინდიან უელსში არ აღმოჩნდა მეტოქე, რომელიც შეძლებდა მარიასთვის წინააღმდეგობის გაწევას.

შარაპოვას ფინალში ბოლო წლებში არასტაბილური და რეიტინგში მეათე ადგილამდე ჩამოქვეითებული კაროლინ ვოზნიაცკი დაუპირისპირდა. მათ შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 6:4 იყო რუს
ის სასარგებლოდ.

რა შეეხება ინდიან უელსის ფინალამდე მათ მიერ გავლილ გზას, კაროლინისთვის ის უფრო მოკლე იყო, რადგან მას არ მოუწია მეოთხედფინალში აზარენკას წინააღმდეგ თამაში. ამასთან, დანიელს პრობლემები ჰქონდა ტურნირის სტარტზე ალიზ კორნესთან და ნახევარფინალში ანჟელიკ კერბერთან. ორივე შემთხვევაში დანიელმა მესამე სეტის ბოლოს დაამტკიცა თავისი უპირატესობა.

შარაპოვამ ხუთი შეხვედრა ჩაატარა და არც ერთი სეტი არ წააგო. მასაც ჰქონდა რთული მომენტები, მაგრამ მაინც დამაჯერებლად მიიწევდა წინ და ფინალამდე აშკარა ფავორიტის სტატუსით მივიდა.

პირველი ჩაწოდების უფლება ვოზნიაცკიმ მიიღო, მაგრამ პირველივე გეიმიდან ინიციატივა შარაპოვამ მოიპოვა. მან ისეთი შეტევები დაატეხა თავს მეტოქეს, რომლისთვისაც დანიელი მზად არ აღმოჩნდა. ვოზნიაცკი ცდილობდა, ეიძულებინა მეტოქე, რაც შეიძლება მეტი შეცდომა დაეშვა, მაგრამ ამ ტაქტიკამ არ გაამართლა, პირიქით, თავად სკანდინავიელი პირველ სეტში რვაჯერ შეცდა ჰაერიდან თამაშის დროს.

მეხუთე გეიმის შემდეგ კაროლინმა კორტზე მამამისს უხმო. პიოტრ ვოზნიაცკიმ ურჩია ქალიშვილს, უფრო მეტად მიემართა მოჭრილი დარტყმებისთვის.

ცალკეული გათამაშებები დანიელს კარგად გამოსდიოდა, მაგრამ, საერთო ჯამში, რუსს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა. მართალია, მრავალფეროვანი თამაშით მარია არ გამოირჩეოდა, მაგრამ უკანა ხაზიდან ღრმა დარტყმებიც საკმარისი იყო უპირატესობის მოსაპოვებლად.

რუსმა დამაჯერებლად მოიგო პირველი სეტი, მიუხედავად იმისა, რომ 38 პროცენტის სიზუსტით აწვდიდა პირველ ბურთს. მეორე სეტში განსაკუთრებული ცვლილება თამაშში არ მომხდარა. კაროლინი რაღაცის შეცვლას ცდილობდა, მაგრამ ხშირად ყველაფერი არაზუსტი დარტყმით სრულდებოდა.

მსოფლიოს მეორე ჩოგანს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა “ვინერსების” მიხედვით – 33:2 (!). მატჩის ბოლოსკენ პუბლიკამ დანიელის გამხნევება დაიწყო, მაგრამ მარიამ ლოგიკურ განადგურებამდე მიიყვანა შეხვედრა – 6:2, 6:2.

შარაპოვამ შეწყვიტა ფინალურ მატჩებში წაგებების უსიამოვნო სერია – მანამდე ის დამარცხდა ოლიმპიადის, პეკინისა და სტამბულის გადამწყვეტ შეხვედრებში. ახალ რეიტინგში ის უკვე მეორე ნომერია და წინ აქვს მაიამის ანალოგიური კატეგორიის ტურნირი, სადაც უკვე სერენა უილიამსიც ითამაშებს და ვიქტორია აზარენკაც.

ფინალი
მარია შარაპოვა (რუს, 2)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 8) 6:2, 6:2.

შარაპოვას ტიტულები (28)
2013 – ინდიან უელსი
2012 – როლან გაროსი, რომი, შტუტგარტი
2011 - ცინცინატი, რომი
2010 - სტრასბური, მემფისი
2009 - ტოკიო
2008 – ამელია აილენდი, დოჰა, ავსტრალიის ღია
2007 – სან დიეგო
2006 - ინდიან უელსი, სან დიეგო, აშშ-ის ღია, ციურიხი, ლინცი
2005 - ტოკიო, დოჰა, ბირმინგემი
2004 - ბირმინგემი, უიმბლდონი, სეული, ტოკიო, შემაჯამებელი
2003 - ტოკიო, კვებეკი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინდიან უელსი: მარია შარაპოვა მსოფლიოს მეორე ჩოგანი იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული