პროგნოზი გამართლდა. პირველმა სეტმა თითქმის თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ამერიკელი სულ მცირე უპირატესობას ფლობდა - ერთით მეტი “ვინერსი” და სამით ნაკლები უნებლიე შეცდომა დააფიქსირა, ხოლო ბრეიკ-პოინტების რაოდენობა თანაბარი
მეორე სეტი უილიამსისთვის კარგად დაიწყო - მან ბრეიკით წაიყვანა ანგარიში, მაგრამ 0:2-დან ნა ლიმ სასწაული მოახდინა, როცა ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო, 5:2 დაწინაურდა და სეტბოლიც მოიპოვა, თუმცა ამერიკელის გეგმებში არ შედიოდა მესამე სეტის თამაში. მან გადაარჩინა მერვე გეიმი, შემდეგ ხუთიდან ოთხი გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც უკვე შტორმივით გადაუარა მეტოქეს - შემოკლებულ გეიმში ექვსი "ვინერსი" მითვალა - 6:3, 7:6(5).
აღსანიშნავია, რომ სერენამ ბოლო ხუთი მატჩი ისე მოუგო ჩინელს, რომ სეტი არ წაუგია.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა ამ ტურნირზე, როცა მსოფლიოს პირველ ჩოგანს ხასიათის სიმტკიცის გამოვლენა უწევს. მესამე წრეში 0:3-დან გადაარჩინა პირველი სეტი, მერვედფინალში კი 2:6, 1:4-ით იყო ჩამორჩენილი დომინიკა ციბულკოვას წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ ნა ლიზე გამარჯვება 59-ე იყო უილიამსისთვის მაიამიში და ის ამით ტურნირის აბსოლუტურ რეკორდსმენ შტეფი გრაფს გაუთანაბრდა. სწორედ ამ ჩოგბურთელებს აქვთ მოგებული ყველაზე მეტჯერ (ხუთ-ხუთჯერ) ეს შეჯიბრი.
* * *
სერენა უილიამსის მეტოქე აგნიეშკა რადვანსკასა და კირსტენ ფლიპკენსის მატჩში ირკვეოდა. შარშან ბელგიელ ჩოგბურთელს რამდენიმე თვე გაუცდა ტრავმის გამო და ამ მიზეზით ზაფხულში WTA-ს კლასიფიკაციაში 262-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. თუმცა ამას მოჰყვა თანდათანობით წინსვლა - ახლა ფლიპკენსი TOP30-ში შედის და მაიამიში ბოლო წლებში თავის საუკეთესო ტურნირს თამაშობს. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალამდე მან პეტრა კვიტოვა გამოთიშა ბრძოლას.
ფლიპკენსი რადვანსკას წინააღმდეგაც კარგად გამოიყურებოდა. მან ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა პირველი სეტი, 4:1 დაწინაურდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა საქმე - 6:4. მართალია, ბელგიელმა ცუდად დაიწყო მეორე პარტია და 0:3 ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ ისევ მოიპოვა ინიციატივა და გაათანაბრა ანგარიში – 4:4. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს კირსტენის ბოლო წარმატება იყო მატჩში. პოლონელმა ზედიზედ ორი გეიმი აიღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა, მესამეში კი 5:0 დაწინაურდა.
მართალია, ბელგიელმა ორი გეიმი აიღო და თითქოს მატჩში დაბრუნდა, მაგრამ რადვანსკამ მატჩზე წარმატებით ჩააწოდა და ნახევარფინალში სერენაზე გავიდა.
წაგების მიუხედავად, ფლიპკენსმა წარმატებული ტურნირი ჩაატარა და ორშაბათიდან კარიერაში უმაღლეს საფეხურს მიაღწევს - 22-ე ჩოგანი გახდება. რაც შეეხება სერენასა და აგნიეშკას მომავალ ნახევარფინალს, უილიამსს ოთხიდან ოთხ მატჩში ჰყავს დამარცხებული პოლონელი და ამ ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ერთი სეტი დათმო.
1/4-ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ნა ლი (ჩინ, 5) 6:3, 7:6(5); აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 30) 4:6, 6:4, 6:2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მაიამის ტურნირი: მაიამიში სენსაციები არ იციან