ჯონ ისნერმა შეწყვიტა ამ სეზონში თავისი წარუმატებელი სერია. აქამდე ამერიკელი სხვადასხვა ტურნირის პირველ ან მეორე წრეში ეთიშებოდა ბრძოლას და თანდათან კარგავდა პოზიციებს რეიტინგში. და აი, სრულიად მოულოდნელად, წარმატება გრუნტის სეზონის სტარტზე მოვიდა.
ამასთან, ვერ ვიტყვით, რომ ჰიუსტონში ისნერმა იოლად გაიმარჯვა. ჯონმა მეორე წრეში მხოლოდ გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკზე დაძლია ჯეკ სოკის წინააღმდეგობა, შემდეგი ორი მატჩიც სამ სეტში მოიგო და მხოლოდ ფინალში ნიკოლას ალმაგროს წინააღმდეგ იკმარა ორი სეტი - 6:3, 7:5. ისნერისთვის ეს არის კარიერაში მეექვსე ტიტული და პირველი გრუნტის კორტზე.
* * *
ტომი რობრედო დიდ ჩოგბურთში დაბრუნდა. ესპანელი ბოლო დროს იშვიათად ჩნდებოდა დიდ ტურნირებში. თავიდან მან ბევრი დაკარგა რეიტინგში ტრავმის გამო, შემდეგ კი დიდი ხანი მოუნდა ოპტიმალური ფორმის დაბრუნებას. ახლა ATP-ის ტურნირში გამარჯვებამ მას მეტი თავდაჯერებულობა უნდა შესძინოს. ესპანელსაც ასევე დიდი ბრძოლა მოუწია კასაბლანკაში გამარჯვებისთვის. ბოლო სამი შეხვედრა მან სამ სეტში მოიგო და სამივეში TOP50-ის წარმომადგენელი დაამარცხა - ბენუა პერი, სტანისლას ვავრინკა და ფინალში კევინ ანდერსონი - 7:6, 4:6, 6:3.
ტომისთვის ეს იყო მე-11 ტიტული კარიერაში და ამით მან დაიბრუნა ადგილი კლასიფიკაციის საუკეთესო 50 ჩოგბურთელს შორის - ახლა ის 43-ე ადგილზეა რეიტინგში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მასტერსის წინ: რაფა ნადალი მეცხრეს უმიზნებს