რაფაელ ნადალი - მისტერ მასტერსი

AutoSharing Option
გასულ კვირას სახელოვანმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა, რომელიც მრავალი წელია, ატარებს "გრუნტის მეფის" სახელს, თავისივე რეკორდი გააუმჯობესა "მასტერსის" სერიის ტურნირებზე მოგებების რაოდენობით.

ახლა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ATP-ის ეგიდით, ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებზე 24 გამარჯვებით იწონებს თავს. ნადალის უახლოესი მდევარი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ჯერჯერობით 21-ზე გაჩერდა. დღეს გავიხსენებთ მასტერსის სერიის ყველა ტურნირზე ნადალის გამოსვლას და გავარკვევთ, ყველაზე მეტად სად ეხერხება გამოსვლა და ყველაზე მეტად რომელ ტურნირზე უჭირს.

მონტე კარლო - 8 ტიტული (2005-12)
ნადალის გზა რეკორდამდე სწორედ მონაკოდან დაიწყო - 2005 წელს,
როცა იუნიორი ესპანელი მე-17 ნომერი იყო კლასიფიკაციაში. მაშინ რაფა 19 წლისაც არ გახლდათ. ნადალი ამ ტურნირს ერთ-ერთ საყვარელს უწოდებს, რადგან "როგორც უიმბლდონი, ის ტრადიციებს ინარჩუნებს".

გზად თავის პირველ ტიტულამდე მან პირველი ათეულის ორი მოთამაშე დაამარცხა: გასტონ გაუდიო და გილერმო კორია. გრუნტის მომავალმა მეფემ ფინალს უცნაური უწოდა: ესპანელმა ოთხ პარტიაში გაიმარჯვა, ამასთან, მოახერხა მესამე სეტის 0:6 წაგება.

შემდეგ წელს რაფამ დრამატულ ფინალში აჯობა მსოფლიოს პირველ ჩოგანს როჯერ ფედერერს - ორი მატჩბოლი გადაარჩინა. ეს ტურნირი ნადალისთვის ერთგვარ მეორე სახლად იქცა: აქ ნადალმა ზედიზედ რვა ტიტული მოიგო და საერთო ჯამში 46 შეხვედრაში გაიმარჯვა. მისი ჰეგემონია წელს, ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაამხო.

რომი - 7 ტიტული (2005-2007, 2009, 2010, 2012, 2013)
ნადალისთვის კიდევ ერთი საყვარელი ტურნირია - რომის მასტერსი. აქ მან შვიდჯერ მოიპოვა მთავარი პრიზი და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა - 2008 წელს, პირველ წრეში ხუან-კარლოს ფერეროსთან და 2011 წელს, ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან.

ესპანელს რომში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა და ფინალში აქაც გილერმო კორია დაამარცხა. იმ შეხვედრაში ორივემ ბრწყინვალე თამაში აჩვენა, რაზეც ანგარიში მეტყველებს - 6:4, 3:6, 6:3, 4:6, 7:6(6). მაშინ რაფამ ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა, როცა ორბრეიკიანი ჩამორჩენის შემდეგ მოიგო გადამწყვეტი სეტი.

ამ გამარჯვების შემდეგ შერაცხეს ექსპერტებმა ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის მთავარ ფავორიტად და ეს სტატუსი მან ღირსეულად გაამართლა. შემდეგ სეზონში მან ისევ აჯობა როჯერ ფედერერს და მათი დაპირისპირება ერთ-ერთი უდიადესი გახდა ჩოგბურთის ისტორიაში. სხვათა შორის, მათი ბოლო კლასიკა სწორედ რომში შედგა და რაფამ შვეიცარიელს არანაირი შანსი არ დაუტოვა.

მადრიდი - 3 ტიტული (2005, 2010, 2013)
იმავე 2005 წელს, მონრეალისა და პეკინის კორტებზე ტრიუმფის შემდეგ, ნადალმა მადრიდში მშობლიურ ტურნირზე პირველად მოიგო დარბაზში ჰარდზე შეჯიბრი - მან ხორვატ ივან ლუბიჩიჩს არ დაუტოვა შანსი. იმ მატჩში ხასიათი და ფსიქოლოგიური მდგრადობა ისევ გახდა ნადალისთვის მთავარი კოზირი: მან ისევ შეიტანა თამაშში გარდატეხა, როცა სეტებს შორის 0:2-ს აგებდა.

ტურნირის დროს თითქმის ყველა მეტოქემ გაუმართა მას ბრძოლა: ხუთიდან ოთხ მატჩში მინიმუმ ერთი ტაი-ბრეიკი იმართებოდა. ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება მან მესამე წრეში თანამემამულე ტომი რობრედოსთან შეძლო.

ამის შემდეგ მისი გამოსვლა ესპანეთის დედაქალაქში არ იყო წარმატებული იქამდე, სანამ ჩემპიონატი გრუნტზე არ გადაიტანეს. მომდევნო ორი გამარჯვება - 2010 და 2013 წლებში შვეიცარიელებზე: როჯერ ფედერერსა და სტანისლას ვავრინკაზე იქნა მოპოვებული.

ინდიან უელსი - 3 ტიტული (2007, 2009, 2013)
ხისტი საფარის მასტერსებზე რაფას მხოლოდ ექვსი ტიტული აქვს მოპოვებული და აქედან ნახევარი ინდიან უელსზე მოდის. 2007 წლის ტურნირის მსვლელობისას (იმ მომენტისთვის ჰარდზე სამი ტიტული ჰქონდა მოგებული) ესპანელს არც ერთი სეტი არ წაუგია და ერთადერთი ტაი-ბრეიკი არნო კლემანის წინააღმდეგ სასტარტო მატჩში ითამაშა.

განსაკუთრებული იყო ენდი როდიკზე გამარჯვება ნახევარფინალურ სტადიაზე, ფინალში კი ესპანელი მსოფლიო რეიტინგის მომავალ ლიდერს ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუსწორდა. ეს უკანასკნელი მაშინ კლასიფიკაციის პირველ ათეულშიც არ შედიოდა.

განსაკუთრებული როლი ენიჭება ესპანელის კარიერაში წლევანდელ ტრიუმფს. ნადალმა ხუან მარტინ დელ პოტროს სძლია დაძაბულ ბრძოლაში და პირველი დიდი ტურნირი მოიგო შვიდთვიანი პაუზის შემდეგ.

მონრეალი/ტორონტო - 2 ტიტული (2005, 2008)
მონრეალის მასტერსზე, რომელიც ლუწ წლებში ტორონტოში გადადის, რაფაელმა სადებიუტო ტიტული მოიგო ჰარდზე, როცა ფინალში სამ სეტში დაამარცხა ლეგენდარული ანდრე აგასი, რომელიც ჯერ კიდევ შედიოდა პირველ ათეულში. რაც ყველაზე საინტერესოა, ნადალისთვის განსაკუთრებით რთული იყო პირველი წრის მატჩი კარლოს მოიას წინააღმდეგ. დანარჩენ შეხვედრებში მან საკმაოდ დამაჯერებლად გაიმარჯვა: რიკარდო მელოს, სებასტიან გროსჟანს, მარიანო პუერტასა და პოლ-ანრი მატიოს ჯამში მხოლოდ 24 გეიმი დაუთმო. აგასიზე გამარჯვებამ კი რაფას კარიერაში მეათე ტიტული მოუტანა და დაანახვა ყველას, რომ ის არა მხოლოდ გრუნტზეა გამორჩეული მოთამაშე.

2008 წელს კანადაში გამოსვლა კი ფინალში ნიკოლას კიფერზე დამაჯერებელი გამარჯვებით აღინიშნა, რამაც ნადალი მაქსიმალურად მიაახლოვა მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტულს, რომელიც მოგვიანებით, 18 აგვისტოს გაიფორმა.

ჰამბურგი - 1 ტიტული (2008)
ცალკე ისტორიაა ჰამბურგის მასტერსთან დაკავშირებით. ნადალმა ეს ტურნირი 2008 წელს მოიგო, როცა შეჯიბრი ჯერ ისევ შედიოდა მასტერსის სერიაში და ის გრუნტზე თამაშდებოდა. მოგვიანებით ტურნირი ჩინეთში ჰარდზე გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩები ნადალის საყვარელ გრუნტზე იმართებოდა, აქ პირველი ტიტულის მოპოვება საკმაოდ გართულდა: ნახევარფინალში ჯოკოვიჩთან და ფინალში ფედერერთან ნადალს გრძელი სამსეტიანი მატჩების ჩატარება დასჭირდა. შვეიცარიელის დამარცხებით ესპანელმა რევანში აიღო წინა წელს წაგებისთვის.

მაიამი - 3 ფინალი
მაიამის მასტერსი, რომელიც ინდიან უელსის შემდეგ იმართება, ნადალისთვის არც ისე წარმატებულია. აქ მან ვერცერთხელ ვერ შეძლო მთავარი პრიზის მოპოვება. ესპანელი სამჯერ იყო ფინალში და ორჯერ წააგო "დიდ ოთხეულში" შემავალ ჩოგბურთელებთან: 2005 წელს - ხუთსეტიანი მატჩი როჯერ ფედერერთან, 2011 წელს - ნოვაკ ჯოკოვიჩთან. კიდევ ერთხელ რაფაელმა ფინალამდე 2008 წელს გააღწია, მაგრამ დამარცხდა რუს ნიკოლაი დავიდენკოსთან.

პარიზი - 1 ფინალი
ასევე წარუმატებლად გამოდის ნადალი საფრანგეთის დედაქალაქის ჰარდზე. მხოლოდ ერთხელ - 2007 წელს მიაღწია მან გადამწყვეტ მატჩამდე, მაგრამ ვერაფერი დაუპირისპირა დავიდ ნალბანდიანს, რომელმაც ბრწყინვალე ტურნირი ჩაატარა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაფაელი პარიზის მასტერსს დიდად არ სწყალობს. მაგალითად, ბოლო სამი წელია, იქ არ ჩასულა.

შანხაი - 1 ფინალი
ყველაზე "ახალგაზრდა" მასტერსზე ესპანელი მხოლოდ ერთხელ იბრძოდა მთავარი პრიზისთვის - 2009 წელს, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა მორიგმა პრობლემამ არ მისცა ნადალს საუკეთესო თამაშის ჩვენების საშუალება რუსი ნიკოლაი დავიდენკოს წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი იშვიათთაგანი ჩოგბურთელია, ვისაც დადებითი ბალანსი აქვს ნადალის წინააღმდეგ (6:5).

ცინცინატი - ფინალის გარეშე
ეს არის "გრუნტის მეფისთვის" ყველაზე წარუმატებელი მასტერსი. აქ ნადალმა მხოლოდ ორჯერ მიაღწია ნახევარფინალამდე, ორჯერ კი პირველი წრე წააგო: 2005 წელს ტომაშ ბერდიხთან და 2007 წელს - ხუან მონაკოსთან. სწორედ ამ ჩემპიონატის თასი არ ჰყოფნის მას მასტერსის სერიის ტურნირებზე გამარჯვებების სრული კოლექციის შესავსებად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"როლან გაროსი" - ყველაზე პარიზული სტადიონი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული