როჯერისა და ნოლეს იუბილეები

AutoSharing Option
შაბათს ჩოგბურთელები მესამე წრეს ასრულებდნენ და კვირისთვის სრულად უნდა დაკომპლექტებულიყო მერვედფინალური წყვილები.

ამერიკული როლან გაროსი
ჯერჯერობით ვერ აჩვენებს ჩვეულ სპორტულ ფორმას მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ბელორუსი ვიქტორია აზარენკა, რომელიც ფრანგ ალიზ კორნეს ხვდებოდა. ეს უკანასკნელი, დიდი ხანია, ნიჭიერ და პერსპექტიულ ჩოგბურთელად მიიჩნევა, მაგრამ ახალ, უფრო მაღალ დონეზე გასვლას ვერ ახერხებს. 1-ელ ივნისს კორნეს ჰქონდა კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვების მოპოვების შანსი.

ვიქტორიამ ცუდი სტარტი აიღო. პირველ ორ საკუთარ გეიმზე მან ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ორივე გეიმი წააგო. ამის შემდეგ ბელორუსმა, რა
თქმა უნდა, სცადა სეტის გადარჩენა, 3:5-ზე კორნეს სეტზე ჩაწოდების საშუალება არ მისცა, მაგრამ შემდეგ ისევ ჩავარდა და საკუთარი გეიმი "მშრალი" ანგარიშით წააგო.

თამაშში გარდატეხა მეორე სეტის შუაში მოხდა. მანამდე იყო ეპიზოდი, რომელმაც გავლენა იქონია ფრანგის თამაშზე - ის კორტზე დაეცა და, მართალია, ტრავმას გადაურჩა, მაგრამ ამის შემდეგ შებოჭილად მოქმედებდა. ცალკეულ ეპიზოდებში მასპინძელი კარგად თამაშობდა, მაგრამ, საერთო ჯამში, ბელორუსს დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა - 4:6, 6:3, 6:1.

იოლი მატჩი არც მარია შარაპოვას ჰქონდა. მან ჩვეულ სტილში, აგრესიულად დაიწყო შეხვედრა ჩინელ ჟიე ჟენგთან და პირველ პარტიაში 6:1 მოიგო, მაგრამ მეორე სეტში კორტზე სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. რუსის თამაშში შეცდომებმა იმატა და ამით ჟენგმა ორბრეიკიანი უპირატესობა მოიპოვა.

მარიას 1:4-დან მოუწია სეტის გადარჩენა და ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით, თითქოს საბოლოოდ მოახერხა თამაშში გარდატეხის შეტანა, მაგრამ ჟენგმა ანგარიში გაათანაბრა და შარაპოვას მაინც ბრძოლა დასჭირდა მერვედფინალის საგზურის გასაფორმებლად - 6:1, 7:5.

უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ ამერიკელი ქალების წარმატებული გამოსვლის შესახებ. სერენა უილიამსში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ, მასთან ერთად, მერვედფინალში გაიკვლიეს გზა სლოუნ სტივენსმა, ბეტანი მატეკმა და ჯეიმი ჰემპტონმა. ამ უკანასკნელმა სენსაციურად დაამარცხა პეტრა კვიტოვა, თანაც, ამერიკელმა პირველი სეტი ძალიან სწრაფად მოიგო; მეორეში მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა იბრძოლა, ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც სეტბოლი ვერ გამოიყენა და მოულოდნელად ჩამოშორდა ტურნირს.

მერვედფინალში ჰემპტონის მეტოქე იქნება ელენა იანკოვიჩი, რომელმაც რთული მატჩი ჩაატარა სამანტა სტოსურის წინააღმდეგ. მეტოქეები თანაბრად იბრძოდნენ სამი სეტის განმავლობაში, მაგრამ ბოლოსკენ ელენა უფრო სტაბილური იყო. სტოსურმა ვერ დაიცვა შარშანდელი ნახევარფინალისთვის ქულები და ახლა საუკეთესო ათეულს დატოვებს.

1/16-ფინალი
ბეტანი მატეკი (აშშ)-პაულა ორმაეჩეა (არგ) 4:6, 6:1, 6:3; მარია კირილენკო (რუს, 12)-სტეფანი ფოგელი (შვეიც) 7:6(3), 7:5; ფრანჩესკა სკიავონე (იტა)-მარიონ ბარტოლი (საფ, 13) 6:2, 6:1; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 3)-ალიზ კორნე (საფ, 31) 4:6, 6:3, 6:1; ჯეიმი ჰემპტონი (აშშ)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 7) 6:1, 7:6(7); ელენა იანკოვიჩი (სერ, 18)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 9) 3:6, 6:3, 6:4; სლოუნ სტივენსი (აშშ, 17)-მარინა ერაკოვიჩი (ა. ზელ) 6:4, 6:7(5), 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:1, 7:5.

1/8-ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-რობერტა ვინჩი (იტა, 15) 6:1, 6:3; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 8) 6:4, 4:6, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-ანა ივანოვიჩი (სერ, 14) 6:2, 6:4; სარა ერანი (იტა, 5)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 20) 5:7, 6:4, 6:3.

ისევ არადამაჯერებელი ნადალი
მამაკაცთა ბადეში შაბათის სათამაშო დღის მშვენება იყო ტომი ჰაასისა და ჯონ ისნერის შეხვედრა. ერთი დღით ადრე ისნერმა კარიერაში 0:2-დან პირველად შეძლო მოგება და ახლაც კინაღამ იგივე გმირობა ჩაიდინა. მთავარი მოვლენები მეოთხე სეტში განვითარდა, როცა ჰაასი 2:1 იყო დაწინაურებული.

პარტიის ბოლოს გერმანელს მატჩის დასრულების უამრავი შესაძლებლობა ჰქონდა - ისნერმა 9 (!) მატჩბოლი მოიგერია და ტაი-ბრეიკამდე მიაღწია. ჰაასმა იქ მეათე მატჩბოლი მოიპოვა თავის მოწოდებაზე და... ორმაგი შეცდომა დაუშვა. სულ ტომიმ 12 (!) მატჩბოლი ვერ გამოიყენა.

ნებისმიერ გამოცდილ მოთამაშეს გაუჭირდებოდა ასეთი შოკიდან გამოსვლა და ჰაასმაც მეხუთე სეტი იმით დაიწყო, რომ საკუთარი მოწოდება წააგო. 35 წლის გერმანელი განწირული ჩანდა, მაგრამ გონს მოსვლა მოახერხა, ისნერს კი დაღლილობის სერიოზული ნიშნები ეტყობოდა. თუმცა ჰაასი ვერაფრით ახერხებდა საკუთარი შანსების რეალიზაციას - რაღაც მომენტში, ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის პროცენტი ხუთს უდრიდა.

გერმანელმა მაინც მოახერხა ბრეიკის დაბრუნება, ოღონდ მოგვიანებით პრობლემები შეექმნა საკუთარ მოწოდებაზე და ახლა უკვე მას მოუწია მატჩბოლის გადარჩენა. გამორიცხული არ იყო, რომ ჯონი მაყურებელს მორიგ მარათონს შესთავაზებდა, მაგრამ ამერიკელს ძალები გამოელია. ის ძლივს გადაადგილდებოდა კორტზე და საბოლოოდ, დათმო საკუთარი მოწოდება.

ტომიმ მე-13 მატჩბოლიდან დაასრულა თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული შეხვედრა - 7:5, 7:6 (7:4), 4:6, 6:7 (10:12), 10:8.

რაფაელ ნადალი კვლავინდებურად რთულად მიიწევს წინ თავის საყვარელ ტურნირზე. ფაბიო ფონინისთან შეხვედრამდე ესპანელმა თითო სეტი წააგო დანიელ ბრანდსთან და მარტინ კლიჟანთან. ამჯერად რაფამ "მშრალი" ანგარიშით გაიმარჯვა, მაგრამ სირთულეები ვერც ამჯერად აიცილა თავიდან.

პირველ სეტში ფავორიტი ორჯერ აგებდა ბრეიკით და მხოლოდ ტაი-ბრეიკზე გაიმარჯვა; მეორეში დიდი ხანი ვერ მიაღწია გადამწყვეტ უპირატესობას და მხოლოდ მესამე სეტში იგრძნობოდა მისი სათამაშო ინიციატივა.

რაც შეეხება ნოვაკ ჯოკოვიჩს, მან დამაჯერებლად მოიგო თავისი შეხვედრა. არადა, გრიგორ დიმიტროვთან დაპირისპირება ყველაზე დამაინტრიგებელი ჩანდა, რადგან ბულგარელმა სამი კვირის წინ შეძლო მადრიდის მასტერსზე სერბის დამარცხება.

ჯოკოვიჩმა ძალიან დამაჯერებელი რევანში აიღო, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ დიმიტროვმა თავის შესაძლებლობებზე სუსტად ითამაშა - მხოლოდ 18 "ვინერსი" და 48 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. გარდა ამისა, კორტზე ექიმი გამოიძახა მარჯვენა ხელში ტკივილის გამო. სერბმა რევანშისთვის საათნახევარზე ოდნავ მეტი დახარჯა - 6:2, 6:3, 6:3. სხვათა შორის, ჯოკოვიჩმა კარიერაში მე-500 გამარჯვება გაიფორმა.

1/16-ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 26) 6:2, 6:2, 6:3; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 16)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 6:0, 7:6(0), 6:1; ტომი ჰაასი (გერ, 12)-ჯონ ისნერი (აშშ, 19) 7:5, 7:6(4), 4:6, 6:7(12), 10:8; მიხაილ იუჟნი (რუს, 29)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8) 6:4, 6:4, 6:3; რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-ფაბიო ფონინი (იტა, 27) 7:6(5), 6:4, 6:4; კეი ნიშიკორი (იაპ, 13)-ბენუა პერი (საფ, 24) 6:3, 6:7(3), 6:4, 6:1; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 9)-იერჟი იანოვიჩი (პოლ, 21) 6:3, 6:7(2), 6:3, 6:3; რიშარ გასკე (საფ, 7)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 6:4, 6:4, 6:3.

900-იანი ფედერერი
როლან გაროსზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო და სწორედ ამ სტადიაზე ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა - როჯერ ფედერერმა კარიერაში მე-900 გამარჯვება მოიპოვა. ამისთვის მას ხუთი სეტის ჩატარება დასჭირდა ფრანგი ჟილ სიმონის წინააღმდეგ.

ფედერერი მეოთხე მოთამაშე გახდა ისტორიაში, ვისაც ტურში 900 მოგება დაუგროვდა. "მეიჯორების" 17-გზის ჩემპიონმა ზედიზედ 36-ედ მოიპოვა "დიდი სლემის" ტურნირებზე მეოთხედფინალში თამაშის უფლება. ბოლოს მან უფრო ადრეულ ეტაპზე 2004 წლის როლან გაროსზე წააგო გუსტავო კუერტენთან.

სიმონთან მატჩის პირველ 40 წუთში ფედერერი დომინირებდა - ის დაწინაურდა 5:1, მაგრამ პირველი სეტის მეშვიდე გეიმი დროში ძალიან გაიწელა. სიმონმა ისიც წააგო, მაგრამ სწორედ აქედან შეიტანა თამაშში გარდატეხა. მეორე და მესამე პარტიებში ფრანგმა არც ერთი საკუთარი გეიმი არ დაუთმო მეტოქეს, თავად კი სამი ბრეიკი გააკეთა და სეტებში ანგარიში წაიყვანა - 2:1.

სიტუაცია კორტზე ძალიან დაიძაბა. მეოთხე სეტში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა იქამდე, სანამ ფედერერმა მეექვსე გეიმში ბრეიკი არ გააკეთა. ეს საკმარისი აღმოჩნდა პარტიის მოსაგებად. მეხუთე სეტის სტარტი უკეთ ფედერერს გამოუვიდა - მან მეორე გეიმში აიღო მეტოქის მოწოდება და დამაჯერებლად ინარჩუნებდა მას, თუმცა შვეიცარიელს ერთი კრიტიკული მომენტი მაინც ჰქონდა, როცა 5:3-ზე მატჩზე აწვდიდა და ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია.

საბოლოოდ, მან მეორე მატჩბოლიდან მოიგო 3-საათიანი შეხვედრა და მეოთხედფინალში გავიდა.

ამ ეტაპზე ფედერერის მეტოქე ჟო-ვილფრიდ ცონგა იქნება და თავიდანვე უნდა ითქვას, რომ შვეიცარიელს რთული მატჩი ელის მასპინძელთან, რადგან ჟომ მეოთხედფინალამდე ისე მიაღწია, რომ სეტი არ წაუგია. სერბ ვიქტორ ტროიცკის წინააღმდეგ ცონგას 33 "ვინერსი" და ოთხი ბრეიკი ჰქონდა.

აგრძელებს როლან გაროსზე ფანტასტიკურ გამოსვლას 31 წლის ესპანელი ტომი რობრედო. ის პირველი მამაკაცი ჩოგბურთელია 1927 წლის შემდეგ, ვინც ზედიზედ სამი მატჩი მოიგო ისე, რომ სამივეში სეტებს შორის 0:2-ით იყო ჩამორჩენილი! ამჯერად ვეტერანმა თანამემამულე ნიკოლას ალმაგროსთან გადაარჩინა თითქმის წაგებული მატჩი - 6:7(5), 3:6, 6:4, 6:4, 6:4.

პირველად რობრედომ სისლინგთან შეძლო ასეთი გმირობა, წინა ეტაპზე კი მონფილსთან მოიგერია ორი მატჩბოლი და ეს იმ დროს, როცა ბოლო წელიწადნახევარში ტომი რეიტინგის მეხუთე საფეხურიდან 470-მდე დაქვეითდა და 14 თვე თითქმის არ უთამაშია.

ალმაგრო მატჩის შემდეგ ძალიან იმედგაცრუებული და განაწყენებული ჩანდა, რაც გასაგებია. ორი სეტის მოგების შემდეგ ის მომდევნო სამ პარტიასაც კომფორტული ანგარიშით იგებდა - მესამეს 4:1, მეოთხეს 4:2 და მეხუთეს - 2:0 და მაინც მოახერხა წაგება. სხვათა შორის, იგივე დაემართა მას ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში, როცა 2:0-დან დათმო მატჩი დავიდ ფერერთან.

სხვათა შორის, სწორედ ფერერი იქნება რობრედოს მეტოქე. მეოთხე ნომრად განთესილს, ცონგას მსგავსად, ჯერ სეტი არ წაუგია. მან 2 ივნისს ყველაზე იოლად მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური - საათსა და 45 წუთში მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო კევინ ანდერსონს - 6:3, 6:1, 6:1.

1/8-ფინალი
ტომი რობრედო (ესპ, 32)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 11) 6:7(5), 3:6, 6:4, 6:4, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 23) 6:3, 6:1, 6:1; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-ვიქტორ ტროიცკი (სერ) 6:3, 6:3, 6:3; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ჟილ სიმონი (საფ, 15) 6:1, 4:6, 2:6, 6:2, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალი სეტებს არიგებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული