ფინალში ლეგენდარულ შვეიცარიელს მოხერხებული მეტოქე ჰყავდა რუსი მიხაილ იუჟნის სახით. ფედერერს ეს ჩოგბურთელი 14-დან 14 მატჩში ჰყავდა დამარცხებული და გააგრძელა ეს სერია. თუმცა იუჟნის ეტყობოდა, რომ კარგად იყო მზად ჰალეს ტურნირისთვის - ფინალამდე რამდენიმე ძლიერი მოთამაშე დაამარცხა, მათ შორის, ნახევარფინალში ფრანგი რიშარ გასკე, რომელსაც მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო.
რუსის კარგი ფორმა პირველ სეტში გამოჩნდა. მართალია, ფედერერი
მეორე და მესამე სეტებში კი ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ფედერერმა მეორე პარტიაში მხოლოდ ოთხი უნებლიე შეცდომა დაუშვა და მერვე გეიმში გაკეთებული ბრეიკით მოიგო, გადამწყვეტ სეტში კი ყველაფერი მაშინ დასრულდა, როცა ფედერერმა მეშვიდე გეიმში აიღო მეტოქის მოწოდება - 6:7(5), 6:3, 6:4. შეხვედრა ორ საათზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა.
ფედერერმა მეექვსედ მოიგო ჰალეს ტურნირი, კარიერაში კი 77-ე ტიტული მოიპოვა. სხვათა შორის, წინა ხუთ შემთხვევაში, როცა შვეიცარიელი გერმანიაში იმარჯვებდა, შემდეგ უიმბლდონის მოგებასაც ახერხებდა. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად...
სხვათა შორის, ATP-ის ტურში 77 გამარჯვებით, ფედერერი ყველა დროის სიაში გაუთანაბრდა მესამე ადგილზე მყოფ ჯონ მაკინროის. ახლა, შვეიცარიელზე მეტი ტიტული მოგებული აქვთ მხოლოდ ივან ლენდლსა (94) და ჯიმი კონორსს (109).
* * *
ასევე ფავორიტმა გაიმარჯვა ლონდონში, "ქუინზ ქლაბის" ტურნირზე. და აქაც, ფინალის წინ, ერთ მეტოქეს მეორეზე დიდი უპირატესობა ჰქონდა ურთიერთშეხვედრებში: ენდი მარეის ათ მატჩში ცხრა ჰქონდა მოგებული მარინ ჩილიჩის წინააღმდეგ. ბრიტანელი და ხორვატი წელს ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს - მაიამის "მასტერსის" მეოთხედფინალში და მაშინ ენდიმ მოიგო.
პირველ სეტში მარეის მხოლოდ საწყის გეიმში ჰქონდა ბრეიკის აღების შანსი, მაგრამ ჩილიჩმა 15:40-დან გადაარჩინა საკუთარი მოწოდება, მე-11 გეიმში კი ხორვატმა გააკეთა პირველი ბრეიკი და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მეორე სეტი პირველ ჰგავდა. აქაც, დიდი ხანი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და მე-12 გეიმში მასპინძელმა შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. შარშანდელმა ჩემპიონმა ჩილიჩმა ვერც გადამწყვეტ სეტში მოახერხა ბრეიკის გაკეთება, მეოთხე გეიმში საკუთარი მოწოდება ვერ შეინარჩუნა და 5:7, 7:5, 6:3 მოიგო. ეს იყო მარეის მესამე ტიტული ლონდონში.
1979 წლიდან მოყოლებული, ექვსმა მოთამაშემ შეძლო "ქუინზ ქლაბზე" მოგების შემდეგ უიმბლდონზე ტიტულის აღება: ჯონ მაკინროიმ (1981, 84), ჯიმი კონორსმა (1982), ბორის ბეკერმა (1985), პიტ სამპრასმა (1995, 99), ლეიტონ ჰიუიტმა (2002) და რაფაელ ნადალმა (2008).
პირველი რუმინული და მეექვსე სლოვაკური
გასულ კვირას, ორი ტურნირი გაიმართა ქალებს შორის - ერთი გრუნტზე და მეორე - ბალახზე. ნიურნბერგის გრუნტზე ფინალი შაბათს ჩატარდა, სადაც კარიერაში თავისი პირველი ტიტული მოიპოვა რუმინელმა სიმონა ჰალეპმა. ეს ამ უკანასკნელისთვის WTA-ის ტურში მეოთხე ფინალი იყო და წინა სამი ისე ჰქონდა წაგებული, რომ სეტიც ვერ მოიგო.
ჰალეპმა ნავსი გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩის წინააღმდეგ გატეხა. რუმინელმა ცხრიდან ცხრა საკუთარი გეიმი აიღო, სამი ბრეიკი გააკეთა და საკმაოდ იოლად - 6:3, 6:3 მოიგო. გამარჯვებულმა განსაკუთრებით კარგად მნიშვნელოვან მომენტებში ითამაშა - პეტკოვიჩის რვავე ბრეიკ-პოინტი მოიგერია.
ჰალეპი მერვე რუმინელია ისტორიაში, ვისაც WTA-ის ტიტული მოუგია. მანამდე ეს გააკეთეს: ვირჯინია რუზიჩიმ, ირინა სპირლეამ, რუქსანდრა დრაგომირ ილიემ, სორანა კირსტეამ, ალექსანდრა დულგერუმ, ირინა-კამელია ბეგუმ და მონიკა ნიკულესკუმ.
* * *
ბირმინგემის ბალახზე ვერ ვიხილეთ ქალთა ტურის წამყვანი ჩოგბურთელები, რამაც ფინალში თამაშის საშუალება მისცა 30 წლის სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვასა და 16 წლის ხორვატ დონა ვეკიჩს.
გამოცდილებისა და ახალგაზრდობის დუელში გამოცდილებამ გაიმარჯვა. ჰანტუხოვამ გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო სეზონში პირველი და კარიერაში მეექვსე ტიტულის მოპოვება. პირველ სეტში ყველაფერი ტაიბ-ბრეიკმა (7:5) გადაწყვიტა, მეორეში კი სლოვაკმა წარმატებას ბოლო, მეათე გეიმში შესრულებული ბრეიკის წყალობით მიაღწია - 7:6(5), 6:4. შეხვედრა საათი და 40 წუთი გრძელდებოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ორი ნული როჯერ ფედერერისგან