ჯონ მაკინროი და კრის ევერტი: ფავორიტი ჯოკოვიჩია

AutoSharing Option
მოახლოებული უიმბლდონის წინ, ლეგენდარული ჩოგბურთელები და ამჟამად, ტელეარხ ESPN-ის ექსპერტები ჯონ მაკინროი და კრის ევერტი მთავარ ფავორიტად სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს მიიჩნევენ.

ამ დღეებში გაცხარებული კამათი მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ერგება "დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირის - უიმბლდონის მთავარი პრიზი. თუ ქალებს შორის ფავორიტი წინასწარ არის ცნობილი (სერენა უილიამსი უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონია, მან ცოტა ხნის წინ, როლან გაროსზე მოიპოვა მთავარი პრიზი და ამ მომენტისთვის 31-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს)., მამაკაცთა შორის პოტენციური გამარჯვებულის გამოვლენა არც ისე ადვილია.

მსოფლიოს რეიტინგის ლიდერმა ნოვაკ
ჯოკოვიჩმა წელს მოიგო "დიდი სლემის" პირველი ტურნირი - ავსტრალიიის ღია პირველობა, მაგრამ რაფაელ ნადალმა, რომელიც თებერვალში დაბრუნდა დიდ ჩოგბურთში, ინიციატივა ჩამოართვა სერბ ჩოგგბურთელს. ესპანელმა წელს უკვე მოიგო რვა ტიტული, მათ შორის ბოლო - როლან გაროსზე. უიმბლდონის შვიდგზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ უიმბლდონის კორტებზე ბოლო ტრიუმფატორი, ფაქტობრივად, ბრიტანელი ენდი მარეია, რომელმაც 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო. ფინალში შოტლანდიელმა სწორედ როჯერ ფედერერი დაამარცხა.

მომავალი ტურნირის ფავორიტის შესახებ დასმულ შეკითხვაზე ლეგენდარულმა ამერიკელებმა - ჯონ მაკინროიმ და კრის ევერტმა ერთნაირი აზრი გამოთქვეს - უიმბლდონის მოგების ყველაზე მეტი შანსი ჯოკოვიჩს გააჩნია.

"ძალიან რთული შეკითხვაა. ალბათ, მაინც უყოყმანოდ მივანიჭებ ფავორიტის სტატუსს ჯოკოვიჩს, შემდეგ კი ენდი მარეის დავაყენებ. შოტლანდიელი, ამჟამად, მონატრებულია თამაშს და, შესაძლოა, იმათზე უფრო დასვენებული იყოს, ვინც როლან გაროსზე იბრძოდა. მესამე ფავორიტია - როჯერ ფედერერი. ის კვლავ ბრწყინვალედ თამაშობს ბალახზე, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო რთული ხდება მოგება. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაბრუნებული ნადალი გრანდიოზულად თამაშობს. შეიძლება ვცდები, მაგრამ უიმბლდონისთვის ის ოდნავ დაღლილი იქნება. მოკლედ, ჩემს პროგნოზში ნახსენებ ჩოგბურთელებს ასეთი თანმიმდევრობით დავაყენებდი: ჯოკოვიჩი, მარეი, ფედერერი და ნადალი", - მოჰყავს მაკინროის სიტყვები უიმბლდონის ოფიციალურ ვებგვერდს.

თავის მხრივ, კრის ევერტმა აღნიშნა ნოვაკ ჯოკოვიჩის გაზრდილი მოტივაცია.
"პირველი გონებაში ჯოკოვიჩი მოდის. იმიტომ, რომ ის ძალიან იმედგაცრუებულია როლან გაროსზე მარცხის გამო და სიტუაციის გამოსწორებას ეშურება. რაც შეეხება ფედერერს, ეჭვი მაქვს, რომ ის მთელ ფსონს სწორედ უიმბლდონზე ჩავიდა. დღეისთვის, ეს არის "დიდი სლემის" ერთადერთი ტურნირი, სადაც მას გამარჯვების რეალური შანსი აქვს, მაგრამ, დღეს ძალიან მაღალი კონკურენციაა.

უბრალოდ შესანიშნავია, რომ ოთხი ჩოგბურთელი ამდენად სტაბილურად და თანაბრად გამოდის. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა დავაკვირდეთ ჯოკოვიჩის, ფედერერის, ნადალისა და მარეის თამაშებს პირველ რაუნდში. პირველი კვირის შემდეგ შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება"
, - ასეთია კრის ევერტის პროგნოზი.

კუზნეცოვაც თამაშგარეში
ამერიკელი ვინუს უილიამსის შემდეგ, უიმბლდონის ქალთა ბადეს კიდევ ერთი ცნობილი ჩოგბურთელი გამოაკლდა. ეს არის "დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ჩემპიონი, რუსი სვეტლანა კუზნეცოვა. მისი უარის მიზეზი მუცლის კუნთის ტრავმაა, - იტყობინება სააგენტო "როიტერი".

კუზნეცოვა ამბობს, რომ ეს ის დაზიანებაა, რის გამოც ჩოგბურთელმა მანამდე უარი თქვა ისტბურნის ტურნირში გამოსვლაზე. ორი დღის წინ გამოქვეყნებულ განთესილთა სიაში, რუს ჩოგბურთელს 26-ე ნომერი ერგო. ახლა, მის ნაცვლად უიმბლდონზე განთესვის ნომერს მიიღებს ჩეხეთის წარმომადგენელი კლარა ზაკოპალოვა.

აშშ-ს ღია პირველობისა და როლან გაროსის ყოფილი ჩემპიონი უიმბლდონზე მეოთხედფინალზე შორს არ წასულა.

ნალბანდიანი არ მიდის
არგენტინელი დავიდ ნალბანდიანი აგრძელებს აღდგენით პროცესს ბარძაყსა და მხარზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ. არგენტინელს ქირურგიული ჩარევა 2013 წლის მაისში დასჭირდა.

არგენტინული პრესის ინფორმაციით, 31 წლის ჩოგბურთელი ჯერჯერობით არ აპირებს კარიერის დასრულებას.

2013 წელს, ნალბანდიანს ერთადერთი წარმატება ჰქონდა - მან ბრაზილიაში, სან პაულუს ტურნირის ფინალში ითამაშა, სადაც ესპანელ რაფაელ ნადალთან დამარცხდა. სულ დავიდ კარიერაში ATP-ის 11 ტურნირის აქვს მოგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე გამორჩეული საჩოგბურთო ტურნირი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული