აქეთ ჯოკოვიჩი, იქით - ნადალი, ფედერერი, მარეი

AutoSharing Option
ლონდონში გაიმართა "დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირის - უიმბლდონის წილისყრა. მამაკაცთა ბადეში მივიღეთ პოტენციური სუპერ-მეოთხედფინალი: რაფაელ ნადალი როჯერ ფედერერის წინააღმდეგ.

ის, რომ ნადალი განთესვის მეხუთე ნომერს მიიღებდა, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჰალეს ტურნირიდან გამოიტანა განაცხადი. ესპანელს გერმანიაში ფინალამდე რომ მიეღწია, მაშინ დავიდ ფერერს გაუსწრებდა და მეოთხე ნომერი გახდებოდა. წილისყრის ორი მთავარი ინტრიგა შემდეგში მდგომარეობდა - ბადის რომელ ნახევარში მოხვდებოდა როჯერ ფედერერი და რომელ მეოთხედში - ნადალი.

ბადის მიმოხილვა დავიწყოთ პირველი ნომრით, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩით. განთესილთა შორის "ნოლეს" პირველი მეტოქე
უნდა იყოს ფრანგი ჟერემი შარდი, მაგრამ, მანამდე, მან უნდა დაამარცხოს ფლორიან მაიერი, შემდეგ - ბობი რეინოლდსი ან სტივ ჯონსონი. რთული ამოცანა არ უნდა იყოს. სავარაუდოდ, ფავორიტებს შორის, ჯოკოვიჩს ყველაზე იოლი ბადე აქვს. მეოთხედფინალში სერბმა შეიძლება ითამაშოს ტომაშ ბერდიხთან, რომელსაც ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს პირველი ჩოგანი უიმბლდონის ბალახზე. მანამდე კი შესაძლებელია შეხვედრა ტომი ჰაასთან. მაგრამ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჯოკოვიჩის ნახევარში მოხვდა ფერერი და არა ფედერერი, ხოლო სერბის ოთხეულში არ აღმოჩნდა ნადალი. ეს უკვე სერიოზული უპირატესობაა.

ვერ დაიწუწუნებს ბადის გამო ენდი მარეი. მისი პირველი მეტოქე იქნება ბენჯამინ ბეკერი, ხოლო ბადის მის ნაწილში განთესილია ტომი რობრედო. მერვედფინალში მარეი შეიძლება შეხვდეს მიხაილ იუჟნის, მეოთხედფინალში - ჟო-ვილფრიდ ცონგას ან მარინ ჩილიჩს (რომელსაც უიმბლდონისთვის მოამზადებს ლეგენდარული გორან ივანიშევიჩი). თუ ბრიტანელი მოახერხებს ხუთი წრის გავლას, შემდეგ მას ელის სერიოზული გამოცდა - ფედერერი ან ნადალი.

ისევე, როგორც ინდიან უელსის მასტერსზე, როჯერი და რაფა ერთ მეოთხედში მოხვდნენ. ბევრს იმედი ჰქონდა, რომ წილისყრა ერთად მოახვედრებდა ნადალსა და ფერერს და ასეთ შემთხვევაში, მათ ურთიერთშეხვედრაში გაირკვეოდა - ვინ არის მეოთხე და ვინ მეხუთე ნომერი. თან, ასეთი წილისყრის შემთხვევაში, უფრო თანაბარ მეოთხედებს მივიღებდით. ფერერისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ის უიმბლდონზე ფავორიტად არ მიიჩნევა.

ასე რომ, ბადის ერთ ნახევარში არის მხოლოდ ჯოკოვიჩი, მეორეში - მარეი, ფედერერი და ნადალი.

ვინ შეიძლება შეუშალოს ხელი მეოთხედფინალში ესპანელისა და შვეიცარიელის შეხვედრას? როგორც წინა უიმბლდონმა გვიჩვენა, თეორიულად ამის გაკეთება შეუძლია მეასე ნომერს ლუკაშ როსოლს (შარშან რაფაელ ნადალის მძლეველს). ნადალსაც და ფედერერსაც საწყისი მეტოქეები იოლი შეხვდათ: სტივ დარცისი რაფას და ვიქტორ ჰანესკუ - როჯერს. 1/16 ფინალში ნადალს ბენუა პერთან შეხვედრა ელოდება, შემდეგ კი - ჯონ ისნერი ან სტანისლას ვავრინკა (სხვათა შორის, ეს უკანასკნელი პირველ წრეში ლეიტონ ჰიუიტს ხვდება და ეს არის საწყისი რაუნდის ცენტრალური შეხვედრა). როჯერს უფრო იოლი გზ აქვს - ფაბიო ფონინი 1/16 ფინალში და ნიკოლას ალმაგრო ან ერჟი იანოვიჩი - მერვედფინალში. მოკლედ, მორიგი "კლასიკოს" ხილვის შანსი საკმაოდ მაღალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე გამორჩეული საჩოგბურთო ტურნირი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული