ამ სენსაციის ავტორი გახდა 29 წლის ბელგიელი, მსოფლიოს 113-ე ნომერი სტივ დარცისი. 2 საათისა და 55 წუთის შემდეგ ტაბლოზე ასეთი ანგარიში დაფიქსირდა - 7:6(4), 7:6(8), 6:4.
შარშან ნადალმა უიმბლდონზე მეორე წრე წააგო ჩეხ ლუკაშ როსოლთან, რომელმაც იმ შეხვედრას "ცხოვრების მატჩი" უწოდა.
ესპანელს ჰქონდა მატჩის გადარჩენის მცირე შანსები. მაგალითად, მეორე პარტიაში 6:5-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ საქმე ისევ ტაი-ბრეიკამდე მივიდა და რაფამ მეორედ წააგო შეხვედრაში მე-13 გეიმი. მესამე პარტიაში, როცა დარცისი ადრეული ბრეიკით დაწინაურდა, 3:4-ზე ნადალმა ბრეიკ-პოინტი მიიღო, თუმცა ვერც ეს შანსი გამოიყენა, შემდეგ კი დარცისმა შესანიშნავი მოწოდებებით (ჯამში 13 ეისი ჩააწოდა) ესპანელს მიღებაზე შანსი აღარ მისცა.
ბელგიელს ჯამში 11 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, ნადალის ანგარიშზე ამ მატჩში ორი ბრეიკი მოდის.
ასე მოულოდნელად შეწყდა ნადალის 22-მატჩიანი მოგებათა სერია, სულ კი ეს ესპანელის მესამე მარცხი იყო წელს, 46 შეხვედრაში.
როჯერი წესრიგშია, ენდიც...
როჯერ ფედერერმა ტიტულის დაცვა რუმინელ ვიქტორ ჰანესკუსთან მატჩით დაიწყო და უპრობლემოდ გაიარა პირველი ბარიერი - 6:3, 6:2, 6:0. შვეიცარიელი სრულად დომინირებდა კორტზე: საათსა და 8 წუთში მან ექვსი ბრეიკი გააკეთა და მეტოქე ერთხელაც არ მიუშვა ბრეიკ-პოინტამდე, ჩააწოდა შვიდი ეისი და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა.
გარდა ამისა, როჯერმა 33 "ვინერსი" მიითვალა და მხოლოდ ექვსი უნებლიე შეცდომა დაუშვა. და კიდევ, მან პირველი მოწოდებით ქულების 90 პროცენტი აიღო. ეს იყო ამ ჩოგბურთელთა რიგით მეექვსე დაპირისპირება და ფედერერის მეექვსე გამარჯვება.
31 წლის ფედერერის მორიგი მეტოქე იქნება უკრაინელი სერგეი სტახოვსკი. სწორედ ის იყო წლევანდელ უიმბლდონზე პირველი გამარჯვებული, როცა სამ სეტში გაანადგურა როჟერიუ დუტრა სილვა - 6:4, 6:0, 6:4. როჯერი აქამდე ერთადერთხელ შეხვდა უკრაინელს - ორი წლის წინ, დუბაის მეოთხედფინალში მოუგო.
ასევე დამაჯერებელი იყო პირველ წრეში უიმბლდონის კიდევ ერთი ფავორიტი, ადგილობრივი პუბლიკის მთავარი იმედი ენდი მარეი. ის გერმანელ ბენჯამინ ბეკერს ხვდებოდა, რომელიც თავს მხოლოდ იმით მოიწონებს, რომ თავის დროზე ამერიკის ღიაზე ლეგენდარული ამერიკელი ანდრე აგასი დაამარცხა და ეს უკანასკნელი პენსიაში გაუშვა.
გერმანელმა ვერ შეძლო მორიგი წარმატებული ფურცლის ჩაწერა თავის კარიერაში და თითქმის უშანსოდ წააგო ბრიტანელთან. სხვათა შორის, ეს ჩოგბურთელები ბოლო სამი კვირის განმავლობაში მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს - "ქუინზ ქლაბის" ტურნირის მეოთხედფინალში მარეიმ ორ სეტში მოუგო ბეკერს, ამჯერად კი 11 ეისი ჩააწოდა და ათი ბრეიკ-პოინტიდან ხუთი შანსი გამოიყენა - 6:4, 6:3, 6:2.
ამ მოგებით ენდი ბრიტანული ჩოგბურთის რეკორდსმენი გახდა. მას "დიდი სლემის" ტურნირებზე 107 მოგება დაუგროვდა - ასეთი რამ არც ერთ მის თანამემამულეს არ გაუკეთებია.
სხვა მატჩები
სხვა მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონის, 32 წლის ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტისა და შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკას მატჩი. ბოლო პერიოდში, ვავრინკა ძალიან კარგ ფორმაშია - მადრიდის მასტერსის ფინალში ითამაშა, როლან გაროსზე მეოთხედფინალამდე მიაღწია, გასულ კვირას, ჰერტოგენბოშში კი ასევე ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მაგრამ ისიც აშკარა იყო, რომ ჰიუიტი კარგად მოემზადა ბალახის სეზონისთვის. მან "ქუინზ ქლაბის" ტურნირში ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა მარინ ჩილიჩთან. მანამდე კი გრიგორ დიმიტროვი, სემ კუერი და ხუან მარტინ დელ პოტრო გამოთიშა ტურნირს.
უკეთესი მზადყოფნა ჰიუიტმა აჩვენა. მცირე გამონაკლისების გარდა, ის მთელი მატჩი ფლობდა ინიციატივას, რაც ექვს ბრეიკში გამოიხატა. ვავრინკამ კი მხოლოდ ორჯერ შეძლო მეტოქის გეიმის აღება - 6:4, 7:5, 6:3. თამაში ორი საათი გაგრძელდა და ლეიტონმა გაათანაბრა ვავრინკასთან ურთიერთშეხვედრათა ანგარიში - 2:2.
აგრძელებს ბალახზე კარგი ფორმის დემონსტრირებას ხორვატი მარინ ჩილიჩი. წლევანდელი "ქუინზ ქლაბის" ფინალისტს სერიოზული მეტოქე ჰყავდა კვიპროსელი მარკოს ბაღდატისის სახით, რომელიც უიმბლდონის ყოფილი ნახევარფინალისტია. თუმცა კუნძულელი დიდი ხანია, შორს არის ოპტიმალური ფორმისგან და ვერაფერი მოუხერხა ხორვატის უძლიერეს მოწოდებებს. საათსა და 33 წუთში ჩილიჩმა 13 ეისი ჩააწოდა და 6:3, 6:4, 6:4 მოიგო.
ასევე სამ სეტში გაიმარჯვა ფრანგმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ, რომელმაც ორი საათი მოანდომა ბელგიელი დავიდ გოფენის დამარცხებას - 7:6, 6:4, 6:3. ბოლო ორი უიმბლდონის ნახევარფინალისტმა კმაყოფილება გამოთქვა თავისი სათამაშო ფორმით და ახლა, მეორე წრეში ლატვიელი ერნესტ გულბისის წინააღმდეგ სათამაშოდ მოემზადება.
ბალტიისპირელმა ასევე ერთი ტაი-ბრეიკი ითამაშა ფრანგი როჟე-ვასელენის წინააღმდეგ და სამ სეტში მოიგო - 7:6, 6:4, 7:5. ცონგას გულბისთან ურთიერთშეხვედრებში 3:0 მიჰყავს ანგარიში.
კიდევ ერთი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას - სერბულ დერბიში იანკო ტიპსარევიჩმა ბევრი იბრძოლა ვიქტორ ტროიცკის წინააღმდეგ, ათიდან რვა ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მაგრამ მაინც სამ სეტში წააგო - 3:6, 4:6, 6:7. ტროიცკის ანგარიშზე 15 ეისი მოდის. ტიპსარევიჩი ვერაფრით შევიდა წლევანდელ სეზონში ოპტიმალურ ფორმაში - ეს იყო მერვე ტურნირი წელს, როცა იანკო პირველივე წრეში გამოეთიშა ბრძოლას.
I წრე
სტივ დარცისი (ბელ)-რაფაელ ნადალი (ესპ, 5) 7:6(4), 7:6(8), 6:4; ლუკაშ კუბოტი (პოლ)-იგორ ანდრეევი (რუს) 6:1, 7:5, 6:2; სტეფან რობერი (საფ)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:3, 7:6(5), 7:5; ბენუა პერი (საფ, 25)-ადრიან უნგური (რუმ) 6:4, 4:6, 6:3, 6:1; ჯონ ისნერი (აშშ, 18)-ევგენი დონსკოი (რუს) 6:1, 7:6(5), 7:6(3); ადრიან მანარინო (საფ)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:1, 6:2, 6:3; დასტინ ბრაუნი (გერ)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ) 6:3, 6:3, 6:3; ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 11) 6:4, 7:5, 6:3; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 15)-იურგენ ცოპი (ესტ) 6:4, 7:6(2), 7:5; გიიომ რუფენი (საფ)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 6:1, 4:6, 6:4, 6:3; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ)-მეტ რიდი (ავსტრა) 6:2, 6:2, 6:4; იერჟი იანოვიჩი (პოლ, 24)-კაილ ედმუნდი (ბრიტ) 6:2, 6:2, 6:4; იურგენ მელცერი (ავსტრია)-ფაბიო ფონინი (იტა, 30) 6:7(5), 7:5, 6:3, 6:2; იულიან რაისტერი (გერ)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ) 6:3, 4:6, 7:6(5), 6:7(4), 6:4; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-როჟერიო დუტრა სილვა (ბრა) 6:4, 6:0, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 6:3, 6:2, 6:0; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-დავიდ გოფენი (ბელ) 7:6(4), 6:4, 6:3; ერნეტს გულბისი (ლატ)-ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ) 7:6(1), 6:4, 7:5; ფერნანდო ვერდასკო (ესპ)-ქსავიე მალისე (ბელ) 6:7(5), 6:1, 6:4, 6:3; ჟულიან ბენეტო (საფ, 31)-ტობიას კამკე (გერ) 6:4, 6:7(5), 6:4, 6:2; ხუან მონაკო (არგ, 22)-ბასტიან კნიტელი (გერ) 6:4, 6:2, 6:3; რაჯივ რამი (აშშ)-ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ) 7:5, 6:4, 6:7(2), 6:2; კენი დე სხეპერი (საფ)-პაოლო ლორენცი (იტა) 7:6(6), 6:4, 6:2; მარინ ჩილიჩი (ხორ, 10)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 6:3, 6:4, 6:4; ვიქტორ ტროიცკი (სერ)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 14) 6:3, 6:4, 7:6(5); ანდრეი კუზნეცოვი (რუს)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 6:3, 6:4, 3:6, 6:3; ვაშეკ პოსპიშილი (კან)-მარკ ჟიკელი (საფ) 6:3, 6:2, 7:6(3); მიხაილ იუჟნი (რუს, 20)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:4, 7:5, 7:5; ტომი რობრედო (ესპ, 32)-ალექს ბოგომოლოვი (რუს) 6:2, 6:2, 6:4; ნიკოლა მაუ (საფ)-იან ჰაიეკი (ჩეხ) 6:2, 6:4, 6:3; იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ)-ჯეიმს უორდი (ბრიტ) 6:7(4), 6:4, 7:6(11), 7:6(4); ენდი მარეი (ბრიტ, 2)-ბენჯამინ ბეკერი (გერ) 6:4, 6:3, 6:2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: ციფრები ლაპარაკობენ