უცნაური დღე იყო უიმბლდონზე. ლონდონის კორტებზე 32 მატჩი უნდა გამართულიყო, მაგრამ აქედან მაყურებელმა მხოლოდ 25 სრულფასოვანი შეხვედრა იხილა. შვიდ შემთხვევაში საქმეში ტრავმები ჩაერია. შვიდმა ჩოგბურთელმა კორტზე გასვლა ვერ შეძლო ან დაწყებული მატჩი მიატოვა.
2010 წლის ივნისში ისნერმა ფრანგ ნიკოლა მაუსთან გამართა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი, რომელიც სამი დღე გაიწელა. შეხვედრის სუფთა დრო იყო 11 საათი და ხუთი წუთი და ისნერის გამარჯვებით
სამი წლის შემდეგ ამერიკელმა კიდევ ერთხელ გადაწერა ისტორია. ადრე უიმბლდონზე შეხვედრა არასოდეს გაგრძელებულა მხოლოდ ორი გეიმი. მეორე წრის მატჩში, ფრანგი ადრიან მანარინოს წინააღმდეგ საკუთარი გეიმის მოგების შემდეგ, ისნერმა მეტოქის მოწოდებაზე მხოლოდ ერთი გათამაშება ჩაატარა, სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო და ბოლოს, მუხლის ტრავმის გამო მატჩი ვეღარ გააგრძელა. ჩოგბურთელებმა კორტზე 15 წუთი გაატარეს.
ოთხშაბათს უიმბლდონმა კიდევ რამდენიმე სერიოზული დანაკლისი განიცადა. პირველი წრის მთავარი სენსაციის ავტორმა, რაფაელ ნადალის მძლეველმა სტივ დარცისმა საერთოდ ვერ შეძლო კორტზე გასვლა მხრის ტრავმის გამო. მისი მეტოქე პოლონელი ლუკაშ კუბოტი უნდა ყოფილიყო. ბელგიელის თქმით, დაზიანება მან ნადალთან მატჩის პირველი სეტის შუაში დაცემისას მიიღო. დარცისმა განაცხადა, რომ ამის შემდეგ ტკივილი ძლიერდებოდა, რაც უძილო ღამეში გადაიზარდა.
ტრავმის კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა ჩეხი რადეკ შტეპანეკი. ტურნირის 24-ე ნომერთან, პოლონელ იერჟი იანოვიჩთან მატჩი ვეტერანმა მაშინ მიატოვა, როცა 2:6, 3:5-ით იყო ჩამორჩენილი.
მამაკაცთა ბადეში სერიოზული დანაკლისი გახლავთ ტურნირის მეათე ნომერი, ხორვატი მარინ ჩილიჩი, რომელსაც სამხრეთაფრიკელი კენი დე სხეპერსის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ მარცხენა მუხლის ტრავმის გამო მოიხსნა ტურნირიდან.
უიმბლდონის მესამე დღის მთავარი იმედგაცრუება გახდა ბელორუსი ვიქტორია აზარენკა. მსოფლიოს მეორე ჩოგანი იძულებული გახდა, უარი ეთქვა იტალიელ ფლავია პენეტასთან მატჩზე. აზარენკასთვის საბედისწერო აღმოჩნდა პირველ წრეში, პორტუგალიელ მარია ჟოაო კოლერის წინააღმდეგ მატჩში წაქცევა, რამაც მუხლის სერიოზული ტრავმა გამოიწვია.
სხვათა შორის, ვიქტორიას ტურნირიდან გამოთიშვა იმას ნიშნავს, რომ უიმბლდონის შემდეგ აზარენკა დაკარგავს კლასიფიკაციაში მეორე ადგილს და წინ გაუშვებს რუს მარია შარაპოვას. რაც შეეხება რეიტინგის პირველ პოზიციას, მას ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებს სერენა უილიამსი.
დღის ბოლოს კიდევ ორი დანაკლისის შესახებ გავრცელდა ცნობა. მამაკაცებს შორის ტურნირის მეექვსე ნომერი, ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა სეტებში 1:2-ს აგებდა ლატვიელ ერნესტ გულბისთან, როცა მუხლის ტრავმა მოიმიზეზა და თამაში შეწყვიტა. ბოლო დანაკლისი კი გახდა ყაზახი იაროსლავა შვედოვა, რომელიც უბრძოლველად დანებდა პეტრა კვიტოვას. ამ შემთხვევაშიც მიზეზი ტრავმა იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: მიზეზი ისევ მუხლია?