უიმბლდონი 2013: ლონდონში პირველად გაწვიმდა

AutoSharing Option
იმ უცნაურობების შემდეგ, რაც უიმბლდონის პირველ სამ დღეს მოხდა, მამაკაცთა ბადეს ტურნირის ერთადერთი ყოფილი ჩემპიონი შემორჩა - სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

წლევანდელმა უიმბლდონმა უკვე იმდენი სენსაცია იხილა, რომ ყველა ერიდებოდა მსოფლიოს პირველი ჩოგნისთვის წინასწარ გამარჯვების მინიჭებას ამერიკელ ბობი რეინოლდსთან შეხვედრაში.

მაგრამ ჯოკოვიჩმა სრულად გაამართლა ფავორიტის სტატუსი. მატჩში ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო, სადაც რეინოლდსმა ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, თუმცა სერბმა მე-13 გეიმში 5:0 დაწინაურება მოახერხა და ამის შემდეგ დაიწყო კორტზე მისი დომინირება.

მეორე სეტში ჯოკომ პირველი მოწოდებით ქულების
91 პროცენტი აიღო და ცხრა ბრეიკ-პოინტიდან ორი გამოიყენა, ხოლო, როცა მესამე პარტიაში 3:0 დაწინაურდა, უკვე ყველაფერი ისედაც ცხადი იყო. თამაში საათი და 54 წუთი გაგრძელდა - 7:6(2), 6:3, 6:1.

რეინოლდსის მეორე ეტაპზე გამოთიშვა იმას ნიშნავს, რომ 1912 (!) წლის შემდეგ პირველად, მესამე წრეში არც ერთი ამერიკელი ჩოგბურთელი არ ითამაშებს. არადა, მამაკაცთა ბადეში ამ ქვეყნის 11-მა წარმომადგენელმა აიღო სტარტი.

ჯოკოვიჩმა მიბაძა ენდი მარეის და მანაც საწყისი ორი მატჩი "მშრალი" ანგარიშით მოიგო. ოდნავ მოგვიანებით იგივე გააკეთა არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ. მან 6:2, 7:6(7), 6:3 მოუგო კანადელ იესე ლივაინს და ზედიზედ მესამედ გავიდა უიმბლდონის მესამე რაუნდში. იმასაც შეგახსენებთ, რომ არგენტინელს ამ ტურნირზე არასოდეს მიუღწევია მეოთხედფინალისთვის.

დელ პოტროს მხოლოდ მეორე სეტში გაუჭირდა, როცა 1:4 ჩამორჩა მეტოქეს, თუმცა მაინც მივიდა ტაი-ბრეიკამდე. იქ 2:4-ს აგებდა, მაგრამ აქაც უშველა მებრძოლმა ხასიათმა. თამაში ზუსტად ორი საათი გრძელდებოდა.

დელ პოტრო და ჯოკოვიჩი მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეები არიან. შეგახსენებთ, რომ არგენტინელს უიმბლდონის კორტებზე დამარცხებული ჰყავს სერბი - შარშან, ლონდონის ოლიმპიადაზე მესამე ადგილისთვის მატჩი მოუგო.

ორიოდე სიტყვით სხვა მატჩების შესახებ. დღის ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო კანადელი მილოშ რაონიჩის წაგება ჰოლანდიელ იგორ სისლინგთან - 5:7, 4:6, 6:7(4). რაონიჩმა აჯობა მეტოქეს ეისების რაოდენობით (22 17-ის წინააღმდეგ), სამაგიეროდ, სისლინგმა ძალიან აკურატულად ითამაშა, ორი საათის განმავლობაში მხოლოდ შვიდი უნებლიე შეცდომა დაუშვა და ამის ხარჯზე გაიმარჯვა. რაონიჩი ზედიზედ მესამე წელია, მეორე რაუნდიდან ეთიშება უიმბლდონს.

სხვათა შორის, კიდევ ერთი ჩოგბურთელი, რომელმაც პირველი ორი მატჩი "მშრალი" ანგარიშით მოიგო, იაპონელი კეი ნიშიკორია. მან 12-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა არგენტინელი ლეონარდო მაიერის წინააღმდეგ და 7:6(5), 6:4, 6:2 გაიმარჯვა. აზიელისთვის ეს არის ზედიზედ მეორედ უიმბლდონის მესამე წრეში გასვლა.

* * *
ხმაურიანი სენსაცია არც ქალების ტურნირზე მომხდარა. ზედიზედ 33-ე მატჩი მოიგო მიმდინარე სეზონში სერენა უილიამსმა. ამჯერად ამერიკელმა 6:3, 6:2 დაამარცხა ფრანგი კაროლინ გარსია.

სერენამ მსოფლიოს მე-100 ნომრის წინააღმდეგ თითო სეტში ორ-ორი ბრეიკი შეასრულა. უმცროსი უილიამსი კარგად აწვდიდა და 19 წლის მეტოქეს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი მისცა, თუმცა ფრანგმა ეს შანსი ვერ გამოიყენა. სხვათა შორის, ეს ჩოგბურთელები ერთი თვის წინ, როლან გაროსის მეორე წრეშიც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც სერენამ ორ სეტში მოიგო.

მესამე წრეში უილიამსის მეტოქე იქნება ქალთა ტურის ყველაზე ასაკოვანი წარმომადგენელი, იაპონელი კიმიკო დატე.  42 წლის ჩოგბურთელი ისტორიული რეკორდის ავტორი გახდა - ამ ასაკში უიმბლდონზე არავის მიუღწევია მესამე წრემდე. ამ რეკორდის დასამყარებლად დატეს რუმინელი ალექსანდრა კადანტუს დამარცხება დასჭირდა - 6:4, 7:5. საინტერესოა, რომ იაპონელი ასე შორს უიმბლდონზე 1996 წლის შემდეგ არ გასულა, როცა ლონდონში ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ორმა ფავორიტმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება. შარშანდელმა ფინალისტმა აგნიეშკა რადვანსკამ 6:1, 6:3 მოუგო ფრანგ მატილდ იოჰანსონს. ეს მატჩი ორ ნაწილად გაიყო, რადგან ლონდონში 27 ივნისს პირველად გაწვიმდა და ცენტრალურ კორტზე მოძრავი სახურავის ამოქმედება გახდა საჭირო. თუმცა იძულებით პაუზას პოლონელის თამაშზე გავლენა არ მოუხდენია. სხვათა შორის, წვიმის გამო დღეისთვის გადაიდო მეორე წრის რამდენიმე შეხვედრა.

რაც შეეხება ჩინელ ნა ლის, მან რუმინელ სიმონა ჰალეპს აუღო რევანში გასულ კვირას, ისტბურნის ტურნირში დამარცხებისთვის - 6:2, 1:6, 6:0.

II წრე

კაცები
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბობი რეინოლდსი (აშშ) 7:6(2), 6:3, 6:1; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-პოლ-ანრი მატიო (საფ) 6:3, 5:1 უარი; რიშარ გასკე (საფ, 9)-გო სოედა (იაპ) 6:0, 6:3, 6:7(5), 6:3; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 6:3, 6:4, 7:5; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 27)-მიხალ პრისიეჟნი (პოლ) 6:4, 7:6(2), 6:4; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-დანიელ ბრანდსი (გერ) 7:6(6), 6:4, 6:2; იგორ სისლინგი (ჰოლ)-მილოშ რაონიჩი (კან, 17) 7:5, 6:4, 7:6(4); ივან დოდიგი (ხორ)-დენის კუდლა (აშშ) 6:1, 7:6(4), 7:5; კეი ნიშიკორი (იაპ, 12)-ლეონარდო მაიერი (არგ) 7:6(5), 6:4, 6:2; ანდრეას სეპი (იტა, 23)-მიკაელ ლოდრა (საფ) 7:5 უარი; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8)-იესე ლივაინი (კან) 6:2, 7:6(7), 6:3.

ქალები
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-კაროლინ გარსია (საფ) 6:3, 6:2; კიმიკო დატე (იაპ)-ალექსანდრა კადანტუ (რუმ) 6:4, 7:5; საბინ ლისიცკი (გერ, 23)-ელენა ვესნინა (რუს) 6:3, 6:1; სამანტა სტოსური (ავსტრა, 14)-ოლგა პუჩკოვა (რუს) 6:2, 6:2; მარინა ერაკოვიჩი (ზელ)-შუაი პენგი (ჩინ, 24) 7:6(6), 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-მატილდ იოჰანსონი (საფ) 6:1, 6:3; მედისონ კისი (აშშ)-მონა ბარტელი (გერ, 30) 6:4, 6:2; ცვეტანა პირონკოვა (ბულ)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 7:5, 6:3; პეტრა მარტიჩი (ხორ)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 7:6(7), 6:1; რობერტა ვინჩი (იტა, 11)-იანა ჩეპელოვა (სლოვაკ) 6:1, 4:6, 9:7; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 18)-მარია-ტერეზა ტორო-ფლორი (ესპ) 6:0, 6:1; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 32)-ანიკა ბეკი (გერ) 7:6(5), 6:3; ნა ლი (ჩინ, 6)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 6:2, 1:6, 6:0.

გავარდნილებმა მაყურებლებში გადაინაცვლეს
უიმბლდონის პირველ წრეში ბელგიელ სტივ დარცისთან წაგების შემდეგ ესპანელი რაფაელ ნადალი სამშობლოში დაბრუნდა და ბარსელონაში ხულიო იგლესიასის კონცერტს დაესწრო. რაფაელს თან ახლდა შეყვარებული მარია ფრანსისკა პერელიო.

ტურნირის კიდევ ერთი იმედგაცრუება მარია შარაპოვა კი ჯერჯერობით ლონდონში რჩება. 27 ივნისს ის ტრიბუნაზე იჯდა და თავის შეყვარებულს, გრიგორ დიმიტროვს ქომაგობდა. ბულგარელი სლოვენიელ გრეგა ჟემლიას ხვდებოდა. წვიმის გამო ამ მატჩის დასრულება ვერ მოხერხდა. თამაში მაშინ შეწყდა, როცა ჟემლია მეხუთე სეტს 9:8-ს იგებდა.

ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: ტრავმიანობა ბალახის ბრალი არ არის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული