ფედერერისა და ნადალის გავარდნის შემდეგ, მამაკაცებს შორის უიმბლდონს ორი მთავარი ფავორიტი შემორჩა - ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი მარეი. და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო დამაჯერებლად მოიგებს თავის შეხვედრას. ჯერჯერობით, ორივენი ძალიან იოლად მიიწევენ წინ. მარეიმ მერვედფინალის საგზური პარასკევს მოიპოვა, ჯოკოვიჩს კი მეორე დღეს მოუწია თამაში ფრანგი ჟერემი შარდის წინააღმდეგ. სერბმა მხოლოდ შვიდი გეიმი წააგო,
სავარაუდოდ, მსოფლიოს პირველ ჩოგანს გაცილებით მეტი ჯაფა დაადგება შემდეგ წრეში, სადაც მას გერმანელი ტომი ჰაასი დაუპირისპირდება. მათ შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიშია - 5:3 სერბის სასარგებლოდ, მაგრამ, გერმანელმა ბალახზე ორიდან ორჯერ მოუგო ჯოკოვიჩს.
35 წლის ჰაასი, რომელიც მერვედფინალისტებს შორის ყველაზე ასაკოვანია, მესამე წრეში უიმბლდონის სამგზის მეოთხედფინალისტ ფელისიანო ლოპესს ხვდებოდა. ესპანელმა ბრწყინვალედ ჩაატარა პირველი სეტი - პირველ მოწოდებაზე ყველა ქულა აიღო და მხოლოდ ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა. მაგრამ, შემდეგ ვეტერანმა სრული კონტროლი დააწესა თამაშზე და 43 "ვინერსი" და 18 ეისი მიითვალა.
უჭირს ტოპ-ოთხეულის წევრს დავიდ ფერერს, რომელსაც ხუთსეტიანი მარათონის გადატანა მოუწია უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვთან მატჩში, თანაც, სეტებს შორის ორჯერ აგებდა. ესპანელის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მეტოქისგან ბოძებულ შანსებს ვერ იყენებდა და 24 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ 10 გარდასახა მომგებიან ქულაში. სამაგიეროდ, შთამბეჭდავი იყო დავიდის 56 "ვინერსი". მერვედფინალში ფერერი ხორვატ ივან დოდიგს შეხვდება.
როგორც ჩანს, კარგ ფორმაშია არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელიც აპირებს პრობლემები შეუქმნას ფავორიტებს. ტურნირის მერვე ნომერმა 28 "ვინერსი" დააგროვა სლოვენიელი გრეგა ჟემლიას წინააღმდეგ და პირველი მოწოდებით ქულების 87 პროცენტი აიღო. არგენტინელის შემდეგი მეტოქე იქნება იტალიელი ანდრეას სეპი, რომელთანაც ხუნ მარტინს სამიდან სამი მოგება აქვს. აპენინელმა დაამტკიცა, რომ ხუთსეტიანი მატჩების სპეიციალისტია - 1:2-დან კეი ნიშიკორის 6:1, 6:4 მოუგო მეოთხე და მეხუთე პარტია და კარიერაში 28-დან მე-17 ხუთსეტიანი შეხვედრა მოიგო.
შაბათს, განთესილ ჩოგბურთელებსაც ჰქონდათ პრობლემები. ცენტრალურ კორტზე რიშარ გასკემ წააგო ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩთან. ფრანგმა დათმო პირველი პარტია, მეორეში სამი სეტბოლი მოიგერია და მოიგო. რიშარმა თითქოს ფსიქოლოგიურად გატეხა ახალგაზრდა ავსტრალიელი, მაგრამ ტომიჩი, როგორც ეს ჩვევია, არ ამოვარდა რითმიდან, დამაჯერებლად ჩაატარა შემდეგი ორი პარტია და დამსახურებულად მოუგო მსოფლიოს მეცხრე ჩოგანს.
1/16 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჟერემი შარდი (საფ, 28) 6:3, 6:2, 6:2; ტომი ჰაასი (გერ, 13)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 4:6, 6:2, 7:5, 6:4; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-რიშარ გასკე (საფ, 9) 7:6(7), 5:7, 7:5, 7:6(5); ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 27) 3:6, 6:3, 6:4, 7:5; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 26) 6:7(6), 7:6(2), 2:6, 6:1, 6:2; ივან დოდიგი (ხორ)-იგორ სისლინგი (ჰოლ) 6:0, 6:1, 1:0 უარი; ანდრეას სეპი (იტა, 23)-კეი ნიშიკორი (იაპ, 12) 3:6, 6:2, 6:7(4), 6:1, 6:4; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8)-გრეგა ჟემლია (სლოვენ) 7:5, 7:6(3), 6:0; ლუკაშ კუბოტი (პოლ)-ბენუა პერი (საფ, 25) 6:1, 6:3, 6:4; ფერნანდო ვერდასკო (ესპ)-ერნესტ გულბისი (ლატ) 6:2, 6:4, 6:4; კენი დე სხეპერი (საფ)-ხუან მონაკო (არგ, 22) 6:4, 7:6(8), 6:4; მიხაილ იუჟნი (რუს, 20)-ვიქტორ ტროიცკი (სერ) 6:3, 6:4, 7:5.
1/8 ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ჰაასი (13); ტომიჩი-ბერდიხი (7); ფერერი (4)-დოდიგი; სეპი (23)-დელ პოტრო (8); კუბოტი-მანარინო; იანოვიჩი (24)-მელცერი; ვერდასკო-დე სხეპერი; იუჟნი (20)-მარეი (2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: ენდი მარეი იოლად იგებს