ქართველმა ჩოგბურთელებმა ტურნირები გამარჯვებით დაიწყეს

AutoSharing Option
უნგრეთის დედაქალაქში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი).

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა პირველი წრე საათსა და 13 წუთში გადალახა - "უაილდ ქარდით" მიწვეულ მასპინძელს - რეკა-ლუკა იანის 6:3, 6:4 სძლია, რითაც საკუთარ მონაგარს 30 სარეიტინგო ქულა შესძინა.

ჩვენებური მეორე წრეში შაჰარ პეერს (ისრაელი) გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა შვეიცარიელ ქსენია კნოლს აჯობა - 6:2, 6:2.

ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო კლასიფიკაციით ტატიშვილი ამჟამად 101-ეა, პეერი 162-ე ადგილზეა, არადა, 2011 წლის იანვარში მე-11 საფეხური ეკავა.

ფრანგულ ბიარიცში (ტურნირის საპრიზო ფონდი 100.000
დოლარი) ერთეულთა თანრიგში სოფიო შაფათავას სასტარტო მარცხზე ფრანგ ლაურა ტორპესთან უკვე გაუწყეთ.

თბილისელმა ჩოგბურთელმა 9 ივლისს წყვილებში იყოჩაღა: ბულგარელ ალექსანდრინა ნაიდენოვასთან შეამხანაგებულმა ორ სეტში სძლია ტურნირზე "უაილდ ქარდით" მიწვეულ ფრანგებს - ირინა რამიალისონსა და კოსტანცა სიბილეს.

ჩვენებურს ტორპესთან რევანშის შანსი მიეცა, რადგან ფრანგმა ჩოგბურთელმა ლიხტენშტეინელ შტეფანი ფოგთან ერთად პირველ ნომრად განთესილ მანდი მინელას (ლუქსემბურგი) და ალექსანდრა პანოვას (რუსეთი) დუეტს დაძაბულ პაექრობაში აჯობა - 6:7, 7:6, 10:8 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ქართველი დახვდება.

შეგახსენებთ, რომ სტამბულის 25-ათასიან ტურნირში ცდის ძალებს თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა. პირველ წრეში მან მასპინძელი იპეკ სოილუ დაჯაბნა. მეორეში მას ზუზანა ზლოჩოვა (სლოვაკეთი) გაუწევს წინააღმდეგობას.

თურქეთში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მონაწილეობს ალექსანდრე მეტრეველი, რომელმაც ძირითადი ბადის სტარტზე რუსი ანტონ ნანეგინი დაამარცხა და მეთექვსმეტედფინალში ტურნირის რეიტინგფავორიტ ჟიულ მარისა (საფრანგეთი) და ჰენრიკე კუნიას (ბრაზილია) შორის უძლიერესს შეხვდება.

ამავე ტურნირში ასპარეზობდა გიორგი ცივაძე, რომელმაც წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპი - ორ მეტოქეს აჯობა, ძირითად ბადეში კი პირველივე შეხვედრა დათმო კოსტინ პავალთან (რუმინეთი) - 6:7, 1:6.

წყვილებში მეტრეველისა და ცივაძის დუეტი კოსტინ პავალისა და დავით სოფაურის (ავსტრალია) ტანდემთან დამარცხდა - 6:7, 4:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული