"წლევანდელი ტურნირის ერთეულთა თანრიგმა ბევრი ვარსკვლავის დაცემა გამოიწვია. დღეიდან, უიმბლდონის საფარის "სიწმინდე" კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა
ბოლო ათი წლის განმავლობაში, საფარს ისე ანვითარებდნენ, რათა მაქსიმალურად შეენელებინათ ის. მიუხედავად ამისა, ბალახი მაინც რჩება განსაკუთრებულ საფრად, რომელიც მოთამაშეთა გადაადგილების სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისებურ ადაპტაციას მოითხოვს. ბალახის სეზონი ძალიან მოკლეა და მხოლოდ ოთხი კვირა გრძელდება. მთელი წელი, ჩოგბურთელები ჰარდსა და გრუნტზე უფრო მეტად ავითარებენ თავიანთ სათამაშო თვისებებს. მაგრამ ეს თვისებები შეგიძლია დაივიწყო, როცა უიმბლდონის დრო მოდის. ამ დროს არც ისე იოლია ყველა შენს სათამაშო თვისებაზე თქვა უარი. მაგრამ, ბალახის საფარის გამო, ნებისმიერი არასწორი მოძრაობა ან არასწორი რეაქცია წაქცევას იწვევს.
ამ პრობლემის გასაცნობიერებლად, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბალახი და გრუნტი, რომელიც როლან გაროსზეა დაგებული, ყველაზე რთული საფარია მოძრაობის ტექნიკის მხრივ. ერთს სჭირდება უფრო მეტი ნაბიჯი, სახსრების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა და კორტზე სრიალისთვის მზადყოფნა; მეორე საფარს სიმსუბუქე და მოკლე ნაბიჯები უხდება. ბუნებრივია, როლან გაროსის შემდეგ, მოთამაშეებმა ეს მოკლე ნაბიჯები უნდა დაივიწყონ ბალახზე (გარდა იმ ჩოგბურთელებისა, რომლებსაც შეუძლიათ დამუხრუჭებისას მკვეთრად სრიალი. მაგრამ ასეთი მოთამაშე ცოტაა).
როლან გაროსსა და უიმბლდონს შორის მხოლოდ ორი კვირაა. ძალიან რთულია შეიმუშავო და განახორციელო კარგი პროგრამა ერთი საფარიდან პრინციპულად განსხვავებულ მეორე საფარზე გადასასვლელად. ჩვენ ვხედავდით, როგორც სრიალდებდნენ ჩოგბურთელები ბალახზე და კარგავდნენ კონტროლს. რეალური საფრთხე ჩნდება მაშინ, როცა ფეხები სხვადასხვა მიმართულებით ცურავენ, ამით კი დიდ დატვირთვას იღებენ სახსრები. თითქმის ყველა ჩოგბურთელი შპაგატში ჯდებოდა.
ასეთ დროს, ჩოგბურთელებს უნდა დაეხმაროს სპეციალური ფეხსაცმელი, რომლებზეც მცირე ზომის ქაცვები იქნება დამაგრებული. ბალახისთვის საჭირო მსგავსი ფეხსაცმლის მოგონება აუცილებელია, მაგრამ რატომ არ ხდება ასეთი ეკიპირების შექმნა? იმიტომ, რომ უიმბლდონის ორგანიზატორები არ იძლევიან ამის უფლებას. წესებში წერია, რომ აკრძალულია ყოველგვარი ქაცვის გამოყენება.
ტურნირისა და მოთამაშეების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ამ წესის შეცვლა. ამ შემთხვევაში, მონაწილეებს საფართან უკეთესი მოჭიდება ექნებათ და უფრო დამაჯერებლად დაიწყებენ კორტზე გადაადგილებას.
2015 წლიდან მოყოლებული, საფრანგეთის ღია პირველობასა და უიმბლდონს შორის შესვენება არა ორი, არამედ სამი კვირა იქნება. ეს გადაწყვეტილება - პირველი სწორი ნაბიჯია, რადგან დამატებითი შვიდი დღე მოთამაშეებს მეტ დროს მისცემს ადაპტაციისთვისა და მომზადებისთვის.
ივან ლენდი: მარეი საუკეთესოა
ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ივან ლენდლმა, რომელიც უიმბლდონის ახალი ჩემპიონის ენდი მარეის მწვრთნელი გახლავთ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შეგირდი დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელია.
მარეიმ უიმბლდონის მოგებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში "დიდი სლემის" მეორე ტურნირზე გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა, ის თითქმის 3000 ქულით ჩამორჩება ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს.
"უდიდესი ზეწოლის ქვეშ მყოფმა ენდიმ მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი და ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი. ნოვაკი - დიადი ჩოგბურთელია, მაგრამ მინდა სწორად გამიგოთ. მან შესანიშნავად ჩაატარა ბოლო 12 თვე და საერთოდ ბრწყინვალე იყო 2011-ში, ამიტომაც ვხედავთ რეიტინგში ასეთ სურათს.
მაგრამ, თუ ერთმა ჩოგბურთელმა მოიგო ორი დიდი ტურნირი და გაიმარჯვა ოლიმპიადაზე, ამ დროს კი მისმა კონკურენტებმა მაქსიმუმ ერთი "დიდი სლემი" აიღეს - შეგიძლიათ დასკვნები თავად გამოიტანოთ.
ყველა ჩემპიონს ახსოვს, რამდენი "მეიჯორი" აქვს მოგებული კარიერაში და არა ის - რამდენი ხანი გაძლო მსოფლიოს რეიტინგის პირველ საფეხურზე. ენდი შარშან უიმბლდონის ფინალში გავიდა, შემდეგ მოიგო ოლიმპიადა, აშშ-ის ღია პირველობა, მიაღწია ავსტრალიის ღიას ფინალამდე და ბოლოს, მოიგო უიმბლდონი. ეს შესაშური სტაბილურობაა", - ამბობს ლენდლი Sky Sports-თან კომენტარში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩოგბურთი, ქრისტიანობა და პაციფიზმი - ენდი მარეიმ უიმბლდონის ბრიტანული წყევლა განდევნა