იტალიური დერბი პალერმოში და სიმონა ჰალეპის ჰეთ თრიქი

AutoSharing Option
როლან გაროსისა და უიმბლდონის შემდეგ საჩოგბურთო სამყაროში გარკვეული ხანი უინტერესო პერიოდი დადგა, რადგან წამყვანი ჩოგბურთელები ძალების აღსადგენად მცირე არდადეგებზე გავიდნენ.

თუმცა გასულ კვირას გამართულ WTA-ს ტურნირებზე რამდენიმე ვარსკვლავი მაინც ვიხილეთ საქმეში. მაგალითად, პალერმოში მონაწილეობდნენ სარა ერანი და რობერტა ვინჩი. შეგახსენებთ, რომ სარა ამჟამად მეექვსე ადგილს იკავებს მსოფლიოს კლასიფიკაციაში, რობერტა – მეთერთმეტეს. პალერმოში მათ განთესვის პირველი და მეორე ნომერი ერგოთ.

სატურნირო ბადეში მათი დონის მეტოქე თითქმის არ იყო - მესამე ნომრად განთესილი გახლდათ რეიტინგის 39-ე ჩოგბურთელი კრისტინა მლადენოვიჩი. ფრანგი აქ უიმბლდონის
მიქსტში ტრიუმფის შემდეგ ჩავიდა, მაგრამ ბალახიდან გრუნტზე სწრაფად გადასვლა ვერ შეძლო და მეორე რაუნდში დამარცხდა ესპანელ ესტრელა კაბესა-კანდელასთან.

ამ უკანასკნელმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ნახევარფინალში ვინჩის. პირველი სეტი 7:5 მოიგო, მაგრამ მომდევნო ორი პარტია იტალიელმა ერთნაირი ანგარიშით – 6:2 აიღო.

ბადის ზედა მხარეს ფინალამდე დამაჯერებელი გზა გაიარა ერანიმ. შარშან სარამ პალერმოში ისე მოიგო ტიტული, რომ არც ერთი სეტი არ წააგო და ახლაც ფინალამდე პარტიის წაუგებლად მიაღწია. უფრო მეტიც, ბოლო ცხრა მატჩში მას სეტში ოთხზე მეტი გეიმი არ წაეგო.

მანამდე ერანისა და ვინჩის ერთმანეთის წინააღმდეგ შვიდჯერ უთამაშიათ. პირველი ორი მატჩი ვინჩიმ მოიგო, მაგრამ შემდეგ ერანიმ ზედიზედ ხუთჯერ დაამარცხა თანამემამულე, თანაც ისე, რომ არც ერთი სეტი არ მიუცია მისთვის. ამჯერადაც ერანიმ უკეთ დაიწყო და 2:0 დაწინაურდა, მაგრამ ვინჩიმ მალე გაათანაბრა სიტუაცია.

პარტიის ბედი გადაწყვიტა ორმა მარათონულმა გეიმმა, რომელიც 26 წუთი (!) გაგრძელდა და ვინჩიმ მოიგო.

მეორე პარტიაში მას ჩავარდნა დაეწყო - სეტის შუაში იოლად წააგო ზედიზედ სამი გეიმი და გადარჩენა ვერ შეძლო. სამაგიეროდ, მესამე პარტიაში რობერტამ ისევ მოიპოვა ინიციატივა და სწრაფად წაიყვანა ანგარიში - 4:0, მაგრამ ერანი იოლად არ დანებდა და ზედიზედ სამი გეიმი აიღო.

თითქოს მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა თამაშში გარდატეხა შეიტანა, მაგრამ სარამ ბოლომდე კონცენტრაციის შენარჩუნება ვერ შეძლო. რობერტამ იოლად გააკეთა ბრეიკი და უპრობლემოდ მოაწოდა მატჩზე - 6:3, 3:6, 6:3.

ამ მოგებამ რობერტა ვინჩი მიაახლოვა ტოპ-ათეულს – ახლა მასსა და კაროლინ ვოზნიაცკის შორის 440 ქულა რჩება.

* * *
ბუდაპეშტში გააგრძელა თავისი წარმატებული სერია რუმინელმა სიმონა ჰალეპმა. უიმბლდონამდე მან კარიერაში თავისი პირველი და მეორე ტურნირი მოიგო – მთავარი პრიზი მოიპოვა ნიურნბერგსა და ჰერტოგენბოშში. უიმბლდონზე მას წილისყრის მხრივ არ გაუმართლა, როცა უკვე მეორე წრეში შეხვდა ნა ლის და მასთან სამ სეტში წააგო. მიუხედავად ამისა, უიმბლდონის შემდეგ ის TOP30-ში შევიდა.

უნგრეთში ჰალეპმა განთესვის მესამე ნომერი მიიღო, თუმცა მის ზემოთ მყოფმა ჩოგბურთელებმა პირველივე წრის მატჩები წააგეს: ალიზ კორნე დამარცხდა ანდრეა ჰლავაჩკოვასთან, ლუსი საფაროვა კი რუსმა ვალერია სოლოვიოვამ გაანადგურა – 6:1, 6:0.

ჰალეპი კი ძალიან დამაჯერებლად იგებდა თავის მატჩებს. ფინალამდე მან სეტის წაუგებლად მიაღწია და იქ ივონ მოისბერგურს შეხვდა, რომელიც მხოლოდ მეორედ თამაშობდა WTA-ს ტურნირის ფინალში. ჰალეპმა დამაჯერებლად აიღო პირველი სეტი, მაგრამ მეორეში ჩქარობდა და ბევრი შეცდომა დაუშვა.

მიუხედავად ამისა, რუმინელმა ტაი-ბრეიკამდე მიაღწია, სადაც 6:3 დაწინაურდა, მაგრამ მოახერხა სამმაგი მატჩბოლის განიავება და ავსტრიელისთვის სეტის მიცემა. ამ პარტიის წაგებამ ჰალეპი გააბრაზა და მან ძალიან იოლად აიღო მესამე სეტი – 6:3, 6:7(7), 6:1.

ამ კვირას ქალთა ტურში ბაშტადისა და ბად-გაშტაინის ტურნირები იმართება. შვედეთში მთავარი ვარსკვლავი იქნება სერენა უილიამსი. რაც შეეხება ავსტრიულ ტურნირს, იქ განთესვის პირველი ნომერი ექნება გერმანელ მონა ბარტელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბალახზე ნიკოლა მაუ ენდი მარეიზე ძლიერია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული