შეგახსენებთ, რომ ივნისში უიმბლდონზე როჯერი დამარცხდა უკრაინელ სერგეი სტახოვსკისთან, რომელსაც იმ მომენტში 116-ე ადგილი ეკავა მსოფლიოს რეიტინგში, ახლა კი ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში ფედერერი დაამარცხა მსოფლიოს 114-ე ნომერმა, 22 წლის არგენტინელმა ფედერიკო დელბონისმა.
ეს უკანასკნელი კვალიფიკაციაგამოვლილი მესამე ჩოგბურთელია სეზონში, ვინც ATP-ის ტურნირის ფინალამდე მიაღწია. მან საათსა და 53 წუთში ორი ტაი-ბრეიკი მოუგო როჯერს და კარიერაში პირველად გავიდა პროფესიულ
მატჩის მსვლელობისას ფედერერის არანაირ უპირატესობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ინიციატივას მუდმივად დელბონისი ფლობდა. პირველ სეტში ის ბრეიკით დაწინაურდა, მე-12 გეიმში კი ორი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ტაი-ბრეიკზე როჯერმა ერთადერთი სეტბოლი 6:5-ზე მიიღო, თუმცა შანსი ხელიდან გაუშვა, არგენტინელმა კი მეოთხე ცდაზე შეძლო პარტიის მოგება.
მეორე სეტში დელბონისი აგრძელებდა მეტოქეზე ზეწოლას. მეორე და მეექვსე გეიმებში სამხრეთამერიკელს სამ-სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ფედერერი ახერხებდა თამაშში დარჩენას. მეშვიდე გეიმში კი ერთი ბრეიკ-პოინტი შვეიცარიელმა ვერ გამოიყენა. ამჯერადაც, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც 4:4-მდე თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ როჯერმა ორი შეცდომა დაუშვა და დელბონისმა პირველივე მატჩბოლი გამოიყენა.
ფედერერს მთელი ტურნირის განმავლობაში ეტყობოდა, რომ არ იყო სათანადო ფორმაში - ფინალამდე შვეიცარიელს ორი სამსეტიანი მატჩის ჩატარება მოუწია. როგორც უკვე ვწერდით, ჰამბურგის შეჯიბრის წინ, როჯერმა ჩოგნის მოდელი შეიცვალა და, შესაძლოა, მისი არადამაჯერებელი თამაში ამის ბრალიც იყო, მაგრამ ეს მიზეზი თავად შვეიცარიელმა უარყო.
"მე მგონია, მეტოქე ჩემზე უკეთ თამაშობდა, - ამბობს ფედერერი. - რა თქმა უნდა, თითოეულ სეტში სცენარი შეიძლებოდა სხვაგვარი ყოფილიყო, ამიტომაც დასანანია, რომ ერთი პარტიის აღებაც ვერ შევძელი. მატჩის ბოლოს თავი უკეთ ვიგრძენი, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. მეტოქე ძალიან კარგად თამაშობდა, ჩემი გამართლება კი არ შეიძლება".
დელბონისის მეტოქე ფინალში იტალიელი ფაბიო ფონინი გახდა, რომელმაც საათსა და 49 წუთში ორ სეტში მოუგო ესპანელ ნიკოლას ალმაგროს - 6:4, 7:6.
ბოლო პერიოდში აპენინელი ბრწყინვალე ფორმაშია: გასულ კვირას მან მოიგო შტუტგარტის ტურნირი (კარიერაში პირველი წარმატება ATP-ის ტურში) და მისი გამარჯვებათა სერია ცხრა მატჩს უტოლდება.
* * *
დელბონისი ფინალშიც ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. პირველ პარტიაში მან ხუთი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მეათე გეიმში კი სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და 6:4 მოიგო. მეორე სეტი ფონინიმ ბრეიკით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო და 1:4 ჩამორჩა. ამას მოჰყვა იტალიელის მხრიდან მიჯრით სამი გეიმის აღება - 4:4. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც 6:5-ზე, 7:6-ზე და 8:7-ზე დელბონისს სამი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ სამივე შანსი გაანიავა. ყველაზე რეალური შანსი მას 6:5-ზე ჰქონდა, როცა ბადესთან გასულმა იოლი ბურთი ააცილა.
მესამე სეტში ბრძოლა თითქმის აღარ იყო. ფონინი 4:0 დაწინაურდა და საათსა და 28 წუთში გაიფორმა ბოლო ორ კვირაში მეორე ტიტული.
სერენა მონიკას დაეწია
გასულ კვირას, ქალებს შორის ყველაზე წარმომადგენლობითი ტურნირი შვედეთის ქალაქ ბაშტადში იმართებოდა, სადაც უიმბლდონის შემდეგ პირველად გამოჩნდა კორტზე სერენა უილიამსი. რა თქმა უნდა, ამერიკელი უმთავრესი ფავორიტი იყო და ეს სტატუსი ძალიან იოლად დაამტკიცა - ყველა მეტოქეს ისე მოუგო, რომ სეტი არ წაუგია.
სერენამ ნახევარფინალში ჩეხ კლარა ზაკოპალოვას სძლია და სეზონში 50-ე გამარჯვება გაიფორმა. გუშინ კი მან საათსა და 18 წუთში გაანადგურა ფინალში შვედი იოჰანა ლარსონი - 6:4, 6:1.
ეს ტიტული მეშვიდეა უილიამსისთვის ამ სეზონში და 53-ე კარიერაში. ამ მაჩვენებლით ის დაეწია მონიკა სელეშს და მასთან ერთად ყველა დროის სიაში მეხუთე ადგილს იყოფს. უფრო მეტი ტიტული კარიერაში მოგებული აქვთ: მარტინა ნავრატილოვას (167), კრის ევერტს (157), შტეფი გრაფსა (107) და ლინდსი დავენპორტს (55).
"დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონისთვის ეს ტრიუმფი განსაკუთრებულია. საქმე ისაა, რომ სერენას ადრე არასოდეს მოუგია International-ის სერიის შეჯიბრი. უფრო მეტიც, ის ხუთჯერ გამოდიოდა ამ სერიაში და ფინალამდეც არასოდეს მიუღწევია.
რაც შეეხება ლარსონს, ის კვლავაც WTA-ის ტიტულის გარეშე რჩება. მან მესამე ფინალი ითამაშა და მესამედ დამარცხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ამერიკის ღია პირველობის კონტურები გამოჩნდა
1. მარტინა ნავრატილოვა 167
2. კრის ევერტი 154
3.: შტეფი გრაფი 107
4. მარგარეტ კორტი 92
5. ივან გულიგანგ კოლი 68
6. ბილი ჯინ კინგი: 67
7. ლინდსი დავენპორტი: 55
7. ვიჯინია ვეიდი: 55
8. სერენა უილიამსი
8. მონიკა სელეში 53