ანა ტატიშვილმა და ოქსანა კალაშნიკოვამ ბაქოს ტურნირის პირველი ბარიერი ვერ გადალახეს

AutoSharing Option
ბაქოში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) სასტარტო შეხვედრები გამართეს ანა ტატიშვილმა და ოქსანა კალაშნიკოვამ და ორივე ჩვენებური დამარცხდა.

ახალი რეიტინგით, ტატიშვილი 95-ეა, იტალიელი ნასტასია ბურნეტი კი 148-ე, ამიტომ ქართველ ჩოგბურთელს აპენინელის დამარცხება არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ მან ორივე სეტი საკმაოდ იოლად დათმო - 2:6, 3:6.

კალაშნიკოვა ძირითად ბადეში საკვალიფიკაციოდან აღზევდა. რეიტინგით იგი 310-ე ადგილზეა. სტარტზე მისი მეტოქე იყო 18 წლის ტერეზა მარტინცოვა (ჩეხეთი), რომელსაც ჩვენებური 79 საფეხურით უსწრებს.

ამის მიუხედავად, ძირითად ბადეში ასევე საკვალიფიკაციოდან მოხვედრილმა მარტინცოვამ სამ
სეტში აჯობა 22 წლის თბილისელ ჩოგბურთელს - 6:3, 6:7, 6:1.

ჩვენებურები ერთეულთა შეხვედრებს ჩამოშორდნენ და მხოლოდ წყვილებს შემორჩნენ: ანა ტატიშვილი ვესნა დოლონჩთანაა (სერბეთი) შეამხანაგებული და პირველ წრეში კამილა ფარხადისა (აზერბაიჯანი) და საბინა შარიპოვას (უზბეკეთი) დუეტს დაუპირისპირდება.

მე-2 ნომრად არიან განთესილნი კალაშნიკოვა და ირინა ბურიაჩოკი (უკრაინა). ისინი 24 ივლისს ალექსანდრა კატანდუს (რუმინეთი) და ინეს ფერერ სუარესს (ესპანეთი) შეხვდებიან.

თამარ ჭალაგანიძემ და ნაზრან ჯაფაროვამ (აზერბაიჯანი) 23 ივლისს ილონა კრემენისა (ბელორუსი) და მარინა მელნიკოვას (რუსეთი) დუეტთან წააგეს - 2:6, 0:6.

ასტანის (ყაზახეთი) 100.000-იანი ტურნირის პირველ წრეში თურქ კაგლა ბუიუკაკჩაისთან დამარცხდა სოფიო შაფათავა - 4:6, 6:7.

* * *

ასტანაშივე ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 125.000 დოლარი) პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდოელ ჯეევან ნედუნჩეჟინს სამ სეტში მოუგო - 7:5, 2:6, 7:6. მეოთხედფინალში ჩვენებურის მეტოქე მე-4 ნომრად განთესილი კონსტანტინ კრავჩუკი (რუსეთი) იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული