მოგვიანებით გაირკვა შვეიცარიელის მარცხის მიზეზი - ფედერერმა აღიარა, რომ სერიოზული პრობლემები აქვს ზურგთან დაკავშირებით.
"ზურგი სერიოზულად მაწუხებს. გასულ კვირას, ჰამბურგში ტკივილის გამო იძულებული ვიყავი გამაყუჩებლები მიმეღო, - განაცხადა ფედერერმა. - ბრანდსის წინააღმდეგ ძალიან გამიჭირდა თამაში და კორტზე მოძრაობა. აუცილებელია მკურნალობის კურსის გავლა და დაკვირვება - რა იქნება მომავალში".
"ტკივილი ზურგის არეში ამჯერადაც მქონდა, ამიტომაც ასი პროცენტით
* * *
როჯერ ფედერერს მიმდინარე სეზონში უკვე ხუთი უცნაური და მისთვის შეუფერებელი წაგება დაუგროვდა (სხვათა შორის, პირველ სამ შემთხვევაში მას ზურგი არ აწუხებდა). სწორედ ამ მატჩების გახსენება გადავწყვიტეთ დღეს:
როტერდამი (ATP500). 1/4 ფინალი. ჟულიან ბენეტო
შარშან, უიმბლდონის მესამე წრეში ბენეტო ფედერერთან მატჩში მოგებაზე აწვდიდა, მაგრამ, საბოლოოდ, დამარცხდა. 2013 წელს, როტერდამში ფრანგმა საქმე ბოლომდე მიიყვანა და შვეიცარიელს ტიტულის დაცვის საშუალება არ მისცა.
მადრიდი (მასტერსი). III წრე. კეი ნიშიკორი
მადრიდში ფედერერი მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა - გასულ წელს, მან დაიპყრო ეკზოტიკური ცისფერი გრუნტი. მაგრამ, წელს, ჩვეულებრივ წითელ გრუნტზე როჯერს ბევრი არაფერი გამოუვიდა და უკვე მესამე წრეში, მოულოდნელად სამ სეტში წააგო იაპონელ კეი ნიშიკორისთან.
უიმბლდონი - II წრე - სერგეი სტახოვსკი
საყოველთაო აზრით, უიმბლდონი ფედერერისთვის წლევანდელი სეზონის ერთადერთი მიზანი იყო. მაგრამ სარეკორდო მერვე ტიტულის ნაცვლად, შვეიცარიელმა მეორე წრეში წაგება მიიღო, რამაც შეწყვიტა მისი ბრწყინვალე სერია: ზედიზედ 36 მეოთხედფინალი "დიდი სლემის" ტურნირებზე. გარდა ამისა, როჯერმა ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დაკარგა ადგილი ტოპ-ოთხეულში.
ჰამბურგი (ATP500) - 1/2 ფინალი - ფედერიკო დელბონისი
ევროპულ გრუნტზე ფედერერი ახალი ჩოგნის გამოსაცდელად ჩავიდა. გამოცდამ წარუმატებლად ჩაიარა. "მაესტრომ" ნახევარფინალში 22 წლის არგენტინელ ფედერიკო დელბონისთან წააგო, რომელიც მანამდე არასოდეს ასულა რეიტინგში 98-ე ადგილზე ზემოთ. პირველად 2002 წლის შემდეგ, როჯერმა ზედიზედ ორი მატჩი წააგო TOP100-ის მიღმა მყოფ ჩოგბურთელთან.
გშტაადი (ATP250) - II წრე - დანიელ ბრანდსი
გასულ კვირას, ჰამბურგში ფედერერმა ბრანდსთან პირველი სეტი წააგო, მაგრამ მომდევნო ორი თავის სასარგებლოდ დაასრულა. ამჯერად მან დამარცხებულმა დატოვა კორტი. ერთადერთი ჯილდო, რომელიც როჯერს საშინაო ტურნირიდან მიაქვს - ეს არის ძროხა სახელად "დეზირე".
გაძევება 2015 წლამდე
სერბი ჩოგბურთელი ვიქტორ ტროიცკი, რომელსაც ATP-ის რეიტინგში 53-ე ადგილი უკავია, წლინახევრით არის დისკვალიფიცირებული ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის.
ტროიცკის დოპინგ-სინჯები უნდა წარმოედგინა აპრილში, მონტე კარლოს მასტერსის მსვლელობისას, სადაც ის პირველივე წრეში დამარცხდა იარკო ნიემინენთან.
ჩოგბურთელმა ჩააბარა შარდის ანალიზი, მაგრამ სისხლის ანალიზზე უარი განაცხადა და მიზეზად ის თქვა, რომ ცუდად გრძნობდა თავს. მოგვიანებით, ვიქტორმა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ტრიბუნალს მოუყვა იმის შესახებ, რომ მონტე კარლოში დოპინგ-ოფიცერმა უთხრა, რომ შარდის ანალიზი საკმარისი იქნებოდა. ამაზე ფედერაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დოპინგ-სამსახურის წარმომადგენელს ჩოგბურთელისთვის ასეთი გარანტია არ მიუცია. შესაბამისად, ტროიცკი ჩოგბურთის ანტისადოპინგო პროგრამის 2.3 სტატიის მიხედვით დამნაშავედ სცნეს.
ფედერაციის ტრიბუნალმა გაითვალისწინა ის რომ, ტროიცკი დოპინგ-ტესტის ჩაბარებისას სტრესულ მდგომარეობაში იყო, ამიტომაც დისკვალიფიკაციის ვადა ორიდან წლინახევრამდე შეუმცირა. ასე რომ, სერბი ჩოგბურთელი კორტზე მხოლოდ 2015 წლის 24 იანვარს დაბრუნდება.
დევისის თასის ყოფილი გამარჯვებული მალე გამოეხმაურა ამ ამბავს და განაცხადა, რომ ლოზანაში საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანს აპელაციას.
"რა თქმა უნდა, ამ საქმეს ბოლომდე მივყვები და აპელაციას შევიტან, - ამბობს 27 წლის ჩოგბურთელი. - მთლიანად ვენდობი საერთაშორისო საარბიტირაჟო სასამართლოს და იმედია, ისინი სიმართლეს გაარკვევენ. ექიმს ჩემი დოპინგ-ტესტის ნიმუში ჩავაბარე და ვთქვი, რომ თავს ცუდად გრძნობდი. სისხლი რომ ჩამებარებინა, კიდევ უფრო ცუდად გავხდებოდი. ექიმმა, რომელიც ტესტირებაზე იყო პასუხისმგებელი, თქვა, რომ მართლაც ცუდად გამოვიყურებოდი და არ შემეძლო სისხლის ჩაბარება. მან შესაბამისი ახსნა-განმარტებითი ბარათი შეადგინა. უბრალოდ, არაკვალიფიციური ექიმი შემხვდა, რომელმაც არ მითხრა რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა სისხლის ანალიზზე უარის თქმას, მე კი მას ბოლომდე ვენდე".
ვიქტორ ტროიცკის კარიერაში ერთადერთი ტურნირი აქვს მოგებული - 2010 წელს, მოსკოვში კრემლის თასზე გაიმარჯვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ეს უკვე მეტისმეტია, როჯერ!