რაფაელ ნადალმა პასუხი გასცა

AutoSharing Option
ესპანელმა რაფაელ ნადალმა უპასუხა ნოვაკ ჯოკოვიჩის მამის - სდრიან ჯოკოვიჩის კრიტიკას.

გაგაცანით უფროსი ჯოკოვიჩის ინტერვიუს ფრაგმენტები. ის ამბობს, რომ ნოვაკი და რაფა მეგობრები იყვნენ იქამდე, სანამ მისმა ვაჟმა რეგულარულად არ დაიწყო ესპანელის დამარცხება. თან სდრიან ჯოკოვიჩმა ნადალი არასპორტულ საქციელში დაადანაშაულა.

"ნოვაკის მამას ურჩევნია საკუთარ ვაჟს დაელაპარაკოს. ჩვენ ადრეც კარგად ვუგებდით ერთმანეთს და ახლაც ასეა. მე მასთან ბევრი თამაში წავაგე, მაგრამ ბევრჯერ მოგებული დავრჩი, თუმცა ამის გამო პრობლემა არასოდეს შექმნილა. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ჩემი საქმე არ არის -
ნებისმიერი ადამიანის სიტყვებზე რეაგირება, მით უმეტეს, თუ აზრი ინტერვიუშია გამოთქმული"
, - ამბობს ნადალი Tennisweb.com-თან კომენტარში.

გარდა ამისა, მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა თავის დღევანდელ მდგომარეობაზე ილაპარაკა.

"ოთხი თვის განმავლობაში ფანტასტიკურ ფორმაში ვიყავი, მაგრამ სეზონი გრძელია... უბრალოდ უნდა მოემზადო. შევეცდები კონკურენტუნარიანი ვიყო უახლოეს მასტერსზე, რომელიც მონრეალში გაიმართება, მაგრამ შვიდკვირიანი პაუზის შემდეგ რთულია ისეთ ტურნირზე გამოსვლა, სადაც საუკეთესო ჩოგბურთელები არიან შეკრებილნი. მიუხედავად ამისა, ყველაფერი ვაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული", - განაცხადა ესპანელმა.

დელ პოტროს დიდ ოთხეულში უნდა
მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანს, 24 წლის არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს მიაჩნია, რომ უკვე მზად არის იმისთვის, რათა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების გვერდით დადგეს.

ამ კვირას, დელ პოტრო ვაშინგტონის ტურნირზე თამაშობს. ეს მისთვის პირველი შეჯიბრია უიმბლდონის შემდეგ, სადაც ნახევარფინალში ხუთსეტიან მარათონში დამარცხდა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან.

"იმ წაგების მიუხედავად, შესანიშნავი გამოცდილება მივიღე, - ამბობს დელ პოტრო Sky Sports-თან ინტერვიუში. - კარგად ვითამაშე მსოფლიოს პირველი ჩოგანის წინააღმდეგ. ეს იყო მარათონული ბრძოლა: ბრწყინვალე ხუთსაათიანი ინტენსიური მატჩი ჩავატარეთ. ამის შემდეგ, ერთი კვირა დამჭირდა აღდგენისთვის. როგორც ნახეთ, თავად ნოვაკიც ფინალში ძალიან დაღლილი ჩანდა".

2009 წელს, არგენტინელი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა, მაგრამ ამის შემდეგ, მის კარიერაში ცუდი პერიოდი დადგა, რაც მაჯის ტრავმას უკავშირდებოდა. დელ პოტროს აზრით, აუცილებელია მეტი სტაბილურობა იმისთვის, რომ "დიდი სლემის" ტურნირებზე კონკურენცია გაუწიოს ჯოკოვიჩს, ენდი მარეის, რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს.

"ეს არის ჩემი მთავარი მიზანი მომავალ წელს. კარგად უნდა გამოვიდე მთავარ ტურნირებზე, მაგრამ ეს საკმაოდ რთული ამოცანაა. "დიდი ოთხეული" ბევრად აღემატება დანარჩენებს. მე და სხვა ჩოგბურთელებს სეზონში სამი-ოთხი ტურნირი გამოგვდის კარგად, მაგრამ ტრავმებიც ხშირად გვაქვს და წარუმატებელი გამოსვლებიც. ვიცი, როგორ უნდა დავამარცხო საუკეთესო ჩოგბურთელები, მაგრამ ეს იოლი არ არის. საკუთარი თავის მჯერა, თუმცა ეს ხშირად არასაკმარისია", - მიაჩნია დელ პოტროს.

აზარენკამ აშშ-ის ღიას მოგება დაგეგმა
ბელარუსი ჩოგბურთელი ვიქტორია აზარენკა, რომელიც გუშინ, კარლსბადის ტურნირზე დაუბრუნდა კორტს მკურნალობის კურსის შემდეგ, თავიდანვე უმაღლეს მიზნებს უსახავს საკუთარ თავს. აზარენკას უიმბლდონის შემდეგ არ უთამაშია, სადაც მან ტრავმის გამო მეორე წრის მატჩზე გასვლა ვერ შეძლო.

"გამიმართლა, როცა ასეთი დაცემის შემდეგ მოვახერზე კორტზე დაბრუნება, - განაცხადა ბელარუსმა. - უკვე მზად ვარ სათამაშოდ".

ჯერ კიდევ უიმბლდონამდე, ვიქტორიამ გამოტოვა გრუნტის სეზონის დიდი ნაწილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, როლან გაროსზე კი ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც რუს მარია შარაპოვასთან დამარცხდა.

"იმ მარცხის გამო იმედგაცრუებული არ დავრჩენილვარ, რადგან წინა წლებთან შედარებით, მაღალ შედეგს მივაღწიე", - აგრძელებს აზარენკა.

ახლა, ბელარუსი სტარტს იღებს ამერიკული ტურნირების სერიაში, რომლის კულმინაცია გახდება აშშ-ის ღია პირველობა. ვიქტორია აპირებს გადადგას ის ერთი ნაბიჯი, რომელიც 2012 წელს ამ ჩემპიონატის მოგებისთვის დააკლდა. მაშინ ის ფინალში სერენა უილიამსის წინააღმდეგ მატჩზე აწვდიდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.

"ვფიქრობ, იმ წაგებამ კიდევ უფრო გამაძლიერა. ბევრი რამ ვისწავლე. დავინახე, რაზე უნდა მემუშავა. ახლა, ჩემი მიზანია ამერიკის ღია პირველობის მოგება, რითაც ძალიან ბედნიერი ვიქნები. ჩემი თვალები სწორედ ამ მიზნისკენ არის მიმართული", - ამბობს ვიქტორია.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა: ენდი მარეი კარგია, როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი - ცუდები
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი რაფა მიაწექი! - უფროსი ჯოკოვოჩი ჭედავს, ინდივიდუალურ სპორტში ბუნებრივია რომ ძნელია კონკურენტთან იმეგობრო!
brola
01:06 01-08-2013
0

სიახლეები პოპულარული