ATP-ის ტურნირი წელს მეექვსე ესპანელმა მოიგო

AutoSharing Option
ავსტრიის ქალაქ კიტცბუელში ამ სეზონში გრუნტის საფარზე ბოლო ტურნირი გაიმართა. ამ შეჯიბრს რამდენიმე აღიარებული ფავორიტი ჰყავდა, მაგრამ მთავარი პრიზის მოპოვება შეძლო მსოფლიოს 53-ე ნომერმა, ესპანელმა მარსელ გრანოლერსმა, რომლისთვისაც ეს არის პირველი ტიტული 2011 წლის შემდეგ, როცა მან გამარჯვება მოიპოვა შვეიცარიის გშტაადსა და ესპანეთის ვალენსიაში. საერთოდ, გრანოლერსს ATP-ის ტურში ექვსი ტურნირის ფინალში უთამაშია და აქედან ოთხში მიაღწია გამარჯვებას.

კიტცბუელის ფინალში მისი მეტოქე იყო მეორე ნომრად განთესილი ხუან მონაკო, რომელმაც ისე დაიწყო გადამწყვეტი შეხვედრა, რომ წესით, ტიტული იოლად უნდა მოეპოვებინა. მან პირველ
პარტიაში "მშრალი" ანგარიშით გაიმარჯვა - 6:0. ეს სეტი 24 წუთი გაგრძელდა და არგენტინელმა მხოლოდ სამი ქულა წააგო თავის მოწოდებაზე და ცხრა - ჯამში. და სწორედ ამის შემდეგ გააკეთა გრანოლერსმა ისეთი რამ, რაც აქამდე ATP-ის ტურში მხოლოდ ერთხელ მომხდარა:

პირველი სეტის "მშრალად" წაგების შემდეგ მოახერხა ფინალის მოგება. პირველად ეს შეძლო რუსმა ნიკოლაი დავიდენკომ, როცა 2010 წელს, კატარის ტურნირის ფინალში 0:6, 7:6(8), 6:4 მოუგო რაფაელ ნადალს.

გრანოლერსმაც ზუსტად ასეთი ანგარიში დააფიქსირა. ერთადერთი განსხვავება ტაი-ბრეიკის ანგარიში იყო. მეორე და მესამე სეტში ესპანელი ფლობდა უპირატესობას, მაგრამ მაინც ირთულებდა საქმეს. მაგალითად, მეორე პარტიაში 5:4-ზე სეტზე აწვდიდა, თუმცა ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია, მესამე სეტში კი 4:0 დაწინაურდა, მაგრამ მეტოქეს ანგარიში გაათანარებინა და კიდევ ერთი ბრეიკის გაკეთება მოუწია საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად - 0:6, 7:6(3), 6:4.

გრანოლერსი ამ სეზონში მეექვსე ესპანელია, ვინც ATP-ის თუნდაც ერთი ტურნირი მოიგო. ის შეუერთდა ნადალს (7), დავიდ ფერერს (2), ტომი რობრედოს (2), ფელისიანო ლოპესსა (1) და ალბერტ მონტანიესს (1).


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული