ვინუს უილიამსის დრო გავიდა

AutoSharing Option
ქალების ტურნირი ტორონტოში ზუსტად იმ სტადიაზეა, როგორზეც კაცების მასტერსი მონრეალში - აქ დასრულდა პირველი რაუნდი და გაიმართა მეორე წლის ორი შეხვედრა.

როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება ლეგენდარული ამერიკელის ვინუს უილიამსის კარიერა. 33 წლის ჩოგბურთელი ვეღარ უმკლავდება ვერც ქრონიკულ ტრავმებსა და ვერც ასაკს და პრაქტიკულად ყველა ტურნირზე საწყის რაუნდში ეთიშება ბრძოლას. ასე მოხდა ტორონტოში, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ვეტერანმა დიდი ბრძოლა გაუმართა უიმბლდონის ნახევარფინალისტს, ბელგიელ კირსტენ ფლიპკენსს.

პირველ სეტში ამერიკელმა ახალგაზრდობა გაიხსენა და ბრწყინვალე ჩოგბურთი აჩვენა. ამან მას 6:0 გამარჯვება მოუტანა.
მეორე სეტში თამაში გათანაბრდა, თუმცა ამ პარტიაში იყო მომენტი, როცა ვინუსს შეეძლო საბოლოოდ გაეტეხა ბელგიელის წინააღმდეგობა. 4:4-ზე და მეტოქის მოწოდებაზე, უფროს უილიამსს ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ეს შანსი რომ გამოეყენებინა, მატჩზე ჩაწოდების უფლებას მიიღებდა, მაგრამ ამერიკელმა ვერ შეძლო საქმის ბოლომდე მიყვანა. ფლიპკენსმა გადაარჩინა ურთულესი გეიმი, შემდეგ ბრეიკი გააკეთა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა, მესამე პარტიაში კი მისი უპირატესობა უკვე აშკარა იყო - 0:6, 6:4, 6:2.

მორიგი ნაადრევი წაგების მიუხედავად, ვინუს უილიამსმა განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებს, მაქსიმალურად მონდომებით ივარჯიშებს მომდევნო სამი კვირა და ეცდება, ღირსეულად გამოვიდეს ამერიკის ღია პირველობაზე.

დიდი ინტერესი გამოიწვია მეორე წრის მატჩმა დომინიკა ციბულკოვასა და ანჟელიკ კერბერს შორის. სლოვაკი ქალთა ტურის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ამასთან, არასტაბილური მოთამაშეა. მას ნებისმიერი ფავორიტის დამარცხება შეუძლია, რაზეც ერთი სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს - დომინიკას კარიერაში 19-ჯერ ჰყავს დამარცხებული TOP10-ის წევრები, მაგრამ, ამასთან, ხშირად აგებს მასზე რანგით გაცილებით დაბლა მდგომ ჩოგბურთელებთან.

ორი კვირის წინ, ციბულკოვამ სტენფორდის ტურნირი მოიგო, როცა ფინალში აგნიეშკა რადვანსკა დაამარცხა, შემდეგ კი პირველივე წრე წააგო ვაშინგტონში. ახლა, სლოვაკმა კარგად დაიწყო ტორონტოს ტურნირი, როცა მეორე წრეში მსოფლიოს მე-9 ჩოგანს, გერმანელ ანჟელიკ კერბერს გაუსწორდა. თანაც, დომინიკას ხასიათის სიმტკიცის გამოვლენა დასჭირდა, რადგან გადამწყვეტ მესამე სეტში 1:4 იყო ჩამორჩენილი. საბოლოოდ, თამაში 2 საათი და 57 წუთი გაგრძელდა და ციბულკოვამ ასეთი ანგარიშით გაიმარჯვა - 6:7(0), 6:2, 7:5.

* * *
ინტერესით ელოდნენ ერთ შეხვედრას წყვილებს შორის. როგორც იცით, დიდ ჩოგბურთს დაუბრუნდა ლეგენდარული შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი, რომელიც დუეტში სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვასთან ერთად თამაშობს. ამ წყვილმა გასულ კვირას კარლსბადში ითამაშა, გაიარა იულია გორგესისა და დარია იურაკის დუეტი (6:1, 6:1), მაგრამ მეორე რაუნდში დამარცხდა მომავალ ჩემპიონებთან - რაკელ კოპს-ჯონსთან და ებიგეილ სპირსთან.

ახლა კი ჰინგისისა და ჰანტუხოვას წყვილმა პირველი მატჩი მოიგეს ტორონტოში. მათ დაამარცხეს ანჟელიკ კერბერისა და პეტრა კვიტოვას დუეტი. შვეიცარიელმა და სლოვაკმა ცუდად დაიწყეს მატჩი და 1:3 ჩამორჩნენ, მაგრამ მომდევნო 14 გეიმიდან 11 აიღეს და 6:4, 6:2 მოიგეს.

Rogers Cup

ტორონტო (კანადა). ჰარდი
საპრიზო ფონდი: 2 369 000

I წრე
რობერტა ვინჩი (იტა, 10)-იულია გორგესი (გერ) 2:6, 6:4, 6:3; სლოუნ სტივენსი (აშშ, 14)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 6:2, 7:6(5); ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს)-კეროლ ჟაო (კან) 6:1, 6:3; ანა ივანოვიჩი (სერ, 16)-სუ-ვეი ჰსიე (ტაივ) 6:1, 6:2; მარია კირილენკო (რუს, 11)-პეტრა მარტიჩი (ხორ) 6:2, 6:1; ლორენ დევისი (აშშ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 3:6, 7:5, 7:5; ალიზ კორნე (საფ)-ელენა ვესნინა (რუს) 6:3, 6:3; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრა) 6:1, 7:5; ელენა იანკოვიჩი (სერ, 15)-ანა ტატიშვილი (საქ) 7:6(6), 4:6, 6:3; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 13)-ვინუს უილიამსი (აშშ) 0:6, 6:4, 6:2; ეჟენი ბუშარი (კან)-ალისა კლეიბანოვა (რუს) 6:3, 6:1; სამანტა სტოსური (ავსტრა, 12)-იულია გლუშკო (ისრ) 5:7, 6:2, 6:3.

II წრე
დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 8) 6:7(0), 6:2, 7:5; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 6:2, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამანტა სტოსურმა ნავსი გატეხა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული