რაფაელ ნადალის გასეირნება ფინალში

AutoSharing Option
კვირას, მონრეალსა და ტორონტოში დასრულდა მამაკაცთა მასტერსი და ქალებს შორის უმაღლესი კატეგორიის ტურნირი. წინა ეტაპებისგან განსხვავებით, როცა ორივე კანადურ ქალაქში საკმაოდ ბევრი სენსაცია დაფიქსირდა, ფინალებში კანონზომიერი შედეგები მივიღეთ.

მონრეალში რაფაელ ნადალმა გაიმყარა ლიდერობა კარიერაში მოგებული მასტერსების რაოდენობით. ახლა, ესპანელის აქტივში 25 გამარჯვებაა და მას უკვე ოთხი ტიტულით ჩამორჩება როჯერ ფედერერი. რაფას გამარჯვების წინასწარმეტყველება გადამწყვეტ მატჩში ნახევარფინალის შემდეგ შეიძლებოდა, როცა ნადალმა სამ სეტში დაამარცხა ნოვაკ ჯოკოვიჩი.

მილოშ რაონიჩი სერბზე ნაკლებად მრისხანე მეტოქეა, თან რაფამ კარგად იცის ასეთი ყაიდის ჩოგბურთელების წინააღმდეგ თამაში,
რომლებიც აქცენტს ძლიერ მოწოდებასა და მოკლე გათამაშებებზე აკეთებენ. ნადალი ერთ-ერთი საუკეთესოა ტურში მიღებაზე თამაშით, თან უყვარს ხანგრძლივი გათამაშებები უკანა ხაზზე და ასეთ დროს, რაონიჩისა თუ ისნერის ტიპის მოთამაშეებს შანსი არ აქვთ. ასეთ სიტუაციაში გადარჩენის ერთადერთი შანსი - იდეალური მოწოდებაა, თუმცა ფინალში რაონიჩმა მხოლოდ ოთხი ეისი მოაწოდა.

ფინალი ერთ საათზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა. ნადალმა პირველი პარტია ორი ბრეიკის უპირატესობით მოიგო და თან, მეტოქეს მინიმალური შანსიც არ მისცა თავის მოწოდებაზე. მეორე სეტში, რაფაელი კვლავ ბრეიკით იყო დაწინაურებული, როცა მასპინძელმა ინტრიგის აღდგენის შანსი მიიღო - რაონიჩმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, იმ დროს, როცა მანამდე მხოლოდ ორი ქულა ჰქონდა აღებული მეტოქის გეიმებში. მაგრამ ნადალი მაშინვე გამოფხიზლდა, ორი ეისი ჩააწოდა, ბრწყინვალე შემოვლითი დარტყმაც შეასრულა და 15 წუთში უკვე გამარჯვებას ზეიმობდა. ესპანელს ამ მატჩში მხოლოდ ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ოთხივეს გამოყენება შეძლო. ეს არის ნადალისთვის წელს მერვე ტიტული, არადა, ის სეზონში მხოლოდ თებერვლის ბოლოს ჩაერთო.

"ჩემი თამაში მიღებაზე ძალიან კარგი გამოვიდა. მნიშვნელოვან მომენტებში კარგად მოვიგერიე პირველი მოწოდება და ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ასევე ვფიქრობ, რომ რაონიჩმა ჩვეულებრივზე ბევრი შეცდომა დაუშვა. ეს ძალიან დამეხმარა", - ასეთი კომენტარი გაუკეთა შეხვედრას ნადალმა.

ახლა, რაფაელი ცინცინატიში გადაინაცვლებს, სადაც ასევე მასტერსის სერიის ტურნირი იმართება. სხვათა შორის, ამერიკის ამ ქალაქში ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვს უნიკალური მიღწევის დაფიქსირების შანსი. სერბი ისტორიაში შევა როგორც პირველი მოთამაშე, რომელსაც ცხრავე მასტერსი ექნება მოგებული. თუმცა ცინცინატიში ძალიან ძლიერი შემადგენლობა იკრიბება. მაგალითად, კორტზე ბრუნდება როჯერ ფედერერი, რომელმაც ზურგის ტრავმის გამო ვერ ითამაშა მონრეალში. ბუნებრივია, კანადურ მასტერსზე ჩავარდნის შემდეგ რეაბილიტაციას ეცდება ენდი მარეიც...

Rogers Cup
მონრეალი (კანადა). ჰარდი
საპრიზო ფონდი: 2 887 085

ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 4)-მილოშ რაონიჩი (კან, 11) 6:4, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალისთვის ჰარდიც გრუნტია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული