სერენა უილიამსი სულ სხვა განზომილებაა

AutoSharing Option
რაფაელ ნადალმა მესამედ მოიგო კარიერაში კანადური ტურნირი. იგივე გააკეთა სერენა უილიამსმა.

მთელი ტურნირის განმავლობაში ამერიკელის თამაშით ისე ჩანდა, რომ უმცროსი უილიამსი არ იყო ოპტიმალურ ფორმაში, მიუხედავად ამისა, მან სეტის წაუგებლად მოიგო მთავარი პრიზი, თან მეტოქეებს ჯამში მხოლოდ 22 გეიმი დაუთმო. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ტორონტოში სათამაშოდ არ ჩასულან ვიქტორია აზარენკა და მარია შარაპოვა. ერთადერთი მეტოქე, რომელმაც სერენას ბრძოლა მოახვია თავს, აგნიეშკა რადვანსკა იყო, თუმცა ისიც ორ სეტში დამარცხდა.

2008 წლის შემდეგ, WTA-ის ტურნირის ფინალში პირველად გასულმა სორანა კირსტეამ კი
გმირული გზა გაიარა გადამწყვეტ მატჩამდე (მოუგო ვოზნიაცკის, იანკოვიჩს, შარშანდელ ჩემპიონს კვიტოვასა და ნა ლის), მაგრამ სერენა უილიამსისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. 23 წლის რუმინელი არასოდეს შესულა WTA-ის რეიტინგის TOP20-ში და ტიტულიც მხოლოდ ერთი აქვს მოგებული (2008 წელს, ტაშკენტში).

მოკლედ, ფინალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სერენა უილიამსი ტურის სხვა მოთამაშეებთან შედარებით, სხვა განზომილებაში იმყოფებდა. გარდა იმისა, რომ მას უდიდესი საჩოგბურთო ოსტატობა გააჩნია, ამერიკელს დამატებით უპირატესობას აძლევს ის, რომ მეტოქეებს არ სჯერათ სერენას დამარცხების და თავის შესაძლებლობებზე სუსტად თამაშობენ.

შეიძლება ითქვას, რომ იგივე დაემართა კირსტეას. პირველივე გეიმში რუმინელმა ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა, მათ შორის, ბრეიკ-პოინტზე. შემდეგ გეიმებშიც არ იგრძნობოდა, რომ სორანა საკუთარ თავში დამაჯერებელი იყო. მას ცალკეულ ეპიზოდებში გამოსდიოდა კარგი თამაში, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა სერენას ანგარიშში დიდი უპირატესობა ჰქონდა.

ყველა მნიშვნელოვან მომენტში სერენა მეტოქეზე დამაჯერებლად მოქმედებდა, თან რუმინელი ამერიკელს უხვად ეხმარებოდა უნებლიე შეცდომებით. პირველ სეტში, კირსტეამ 0:3-დან შეძლო მინიმუმამდე ანგარიშის შემცირება, ხოლო მეორე სეტში მაშინ გააქტიურდა, როცა სერენა უკვე მატჩზე აწვდიდა. თამაში საათი და ხუთი წუთი გაგრძელდა და უილიამსმაც, ნადალის მსგავსად, სეზონში მერვე ტიტული მოიპოვა.

სხვათა შორის, უილიამსმა ლეგენდარულ მონიკა სელეშს ერთეულებში ტიტულების რაოდენობით გაუსწრო. სერენამ მეცხრე ადგილზე ადგილზე გადაინაცვლა 54 ტიტულით. მასზე წინ შემდეგი ჩოგბურთელები არიან: ვირჯინია უეიდი (55), ლინდსი დავენპორტი (55), ბილი ჯინ კინგი (67), ივონ გულაგონგი (68), მარგარეტ კორტი (92), შტეფი გრაფი (107), კრის ევერტი (154) და მარტინა ნავრატილოვა (167).

Rogers Cup
ტორონტო (კანადა). ჰარდი
საპრიზო ფონდი: 2 369 000

ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-სორანა კირსტეა (რუმ) 6:2 6:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სორანა კირსტეას ზღაპარი გაგრძელდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული