ერევნის ტურნირზე ვაჟ ჩოგბურთელთა იმედად დავრჩით

AutoSharing Option
ერევანში გრძელდება 18 წლამდე ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი "პრეზიდენტის თასზე", რომელზეც 2 წრის შემდეგ 5 ქართველი იყო შემორჩენილი.

წინა კვირას სომხეთის დედაქალაქში შესანიშნავად ითამაშა შოთა მეფარიძემ, რომელმაც ექვსი მეტოქე დაჯაბნა და პირველი ადგილი დაიკავა.

"პრეზიდენტის თასის" რეიტინგფავორიტი ახლაც შეუპოვრად მიიწევს კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურისკენ.

როგორც გაუწყეთ, პირველ წრეში მეფარიძე თავისუფალი იყო, მეორეში ფრანგ მეტიუ რაჯაონაჰს აჯობა (6:2, 6:1), 14 აგვისტოს მესამე წრეში კი მასპინძელი მიხაილ ხაჩატრიანი დაამარცხა - 6:4, 6:0.

ასევე წარმატებით თამაშობს გიორგი დათაშვილი - მან უკვე სამი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან.
ჯერ - საველი ვარლამოვი (რუსეთი, 6:0, 7:6) და როი ბარანი (ისრაელი, 6:4, 6:2), 14 აგვისტოს კი მე-5 ნომრად განთესილ ალექსანდრ იარკოვს (რუსეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:3, 6:1.

მეოთხედფინალში მეფარიძე მე-10 ნომერ მიხაილ ვოვკანეტთან (რუსეთი) გაარკვევს ურთიერთობას, დათაშვილი - მასპინძელ სურენ ბაღდასარიანთან. წარმატების შემთხვევაში ქართული ნახევარფინალი გვექნება.

გოგონებში ორი წრის შემდეგ სამი წარმომადგენელი გვყავდა. სამწუხაროდ, მეოთხედფინალში მათგან ვერავინ გააღწია: მარიამ მითაიშვილი ელინა ვიხრიანოვასთან (რუსეთი) დამარცხდა - 1:6, 2:6, მე-6 ნომრად განთესილმა თამარ კუტუბიძემ უკრაინის სახელით მოასპარეზე ირინა ვარდანიანთან წააგო - 4:6, 1:6, ირინე ყარანგოზიშვილს კი ანა მახორკინამ (რუსეთი) აჯობა - 6:1, 4:6, 6:4. გოგონათა შეჯიბრებას მეოთხედფინალში ექვსი რუსი და ორი უკრაინელი შემორჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული