ქართველი ჩოგბურთელები: მეტრეველი ესენის ტურნირის 1/4-ფინალში უბრძოლველად გავიდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი გერმანიაში იმყოფება და ესენის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მონაწილეობს.

პირველ ნომრად განთესილმა ჩვენებურმა პირველ წრეში პოლ ვოერნერი (გერმანია) დაამარცხა - 6:3, 6:4 და მერვედფინალში ასევე მასპინძელს - თანამემამულე იორდი ვალდერის მძლეველ (4:6, 6:1, 6:3) მატს როსენკრაცს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა თამაშზე უარი თქვა და მეტრეველი მეოთხედფინალში უბრძოლველად გავიდა, სადაც რობერტო სუბერვისა (დომინიკა) და ბარტ სტევენსს (ჰოლანდია) შორის უძლიერესს დაელოდება.

* * *
3 აგვისტოს თელავში, ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირზე ერთეულებში დარჩენილი პირველი წრის
შეხვედრები გაიმართა.

შოთა მეფარიძემ უზბეკი შონიქმაჯონ შოფაიზიევი დაამარცხა - 6:4, 6:4 და მერვედფინალში ბრიტანელ დენ დოუსონთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა ასპარეზობის რეიტინგფავორიტი ნიკოლას ალბერტო არეჩე (არგენტინა) ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:2.

წარმატებით ითამაშა ალექსანდრე ბაკშიმ - მეექვსე ნომრად განთესილ გაბორ ბორსოშს (უნგრეთი) აჯობა - 3:6, 7:5, 6:2. მეორე წრეში თბილისელი ჩოგბურთელი ილია ვასილიევს (რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ფრანგ ანტონ უალის მოუგო - 6:4, 6:3.

საგულისხმოა, რომ წყვილებში მეფარიძისა და ბაკშის დუეტი დღეს მეორე წრეში უკრაინელებს - ალექსანდრ ბიელინსკისა და ოლეგ პრიხოდკოს ეთამაშება.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების წევრ გიორგი ცივაძეს, მერვედფინალში მას ავსტრალიელი თომას ფანკუტი ელის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული