ამერიკის ღია პირველობის დროც მოვიდა

AutoSharing Option
26 აგვისტოს იწყება მიმდინარე სეზონში "დიდი სლემის" ბოლო ტურნირი - ამერიკის ღია პირველობა.

"დიდი სლემის" ოთხი ჩემპიონატიდან თითოეულს თავისი ხიბლი და განსაკუთრებული ატმოსფერო გააჩნია. რა თქმა უნდა, ჩოგბურთის მოყვარულს ამ ოთხეულიდან საყვარელი ტურნირიც აქვს ამორჩეული.

ავსტრალიის ღია პირველობას იმის გამო აფასებენ, რომ ის სეზონში პირველი დიდი ტურნირია და ზამთრის არდადეგების შემდეგ დასვენებული ჩოგბურთელები ფიზიკურად კარგად გამოიყურებიან, რაც მატჩების ხარისხზე დადებითად აისახება.

კიდევ, ეს არის ერთადერთი ტურნირი ღია სტადიონზე, სადაც მოძრავი სახურავით აღჭურვილია არა ერთი, არამედ ორი კორტი და ამასთან, იქ
ყოველთვის ყველაზე მეტი სენსაცია ხდება.

როლან გაროსი - მთავარი სათიხნარო სტადიონია, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ უკანა ხაზზე თამაშის მოყვარულებს. უიმბლდონი - ეს არის ტრადიციების დაცვა (მაგალითად, სათამაშო ფორმის თეთრი ფერი, მოთამაშეების კორტიდან გასვლის რიტუალი...) შეხამებული ინოვაციებსა და ტექნიკურ პროგრესთან.

ორგანიზატორთა კონსერვატიზმი - მოჩვენებითია, რადგან მათი ტურნირი არასოდეს დარჩენილა ახალი ტექნოლოგიური მიღწევების მიღმა, იქნება ეს ტურნირზე პროფესიონალების მიწვევა, ტაი-ბრეიკის შემოღება, ბადესთან მიკროფონის დაყენება ან Hawk-eye-ის სისტემის დამონტაჟება.

თუმცა როლან გაროსსა და უიმბლდონზე ადრე უკვე მოგიყევით, ასე რომ, ახლა გადავიდეთ წელს "დიდი სლემის" ბოლო, რიგით მეოთხე ტურნირზე.

ამერიკის ღია პირველობა, უფრო მეტად, ვიდრე "დიდი სლემის" სერიის სხვა ტურნირები, ჩოგბურთისგან შოუს ქმნის და ერგება ტელევიზიის ინტერესებს.

კერძოდ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ აქ გადამწყვეტ მეხუთე სეტში ტაი-ბრეიკი თამაშდება - ამ სერიის არცერთ სხვა ტურნირზე ეს არ ხდება.

გარდა ამისა, ამერიკის ღიას ორგანიზატორებმა პირველებმა მოიფიქრეს სათამაშო დღის დილისა და საღამოს სესიებად დაყოფა. დღეისთვის ამ ტურნირებიდან ასეთ სქემას მხოლოდ ნიუ იორკსა და მელბურნში იყენებენ.

პარიზისა და ლონდონის კორტები კი არ იყო აღჭურვილი ხელოვნური განათებით (უიმბლდონის ცენტრალური კორტის გამოკლებით). ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანია თითო სესიაზე ცალკეული ბილეთების გაყიდვა. გარდა ამისა, სათამაშო დღის ორად გაყოფით ტელევიზიისთვის იოლია ტრანსლაციების დაგეგმვა.

გარდა ამისა, მხოლოდ ამერიკის ღია პირველობაზე არსებობს "სუპერშაბათი". რა თქმა უნდა, "დიდი სლემის" ყოველ ტურნირზე მატჩების ჩატარების განრიგი განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ მხოლოდ ამერიკელები ატარებენ ერთ დღეს მამაკაცთა ნახევარფინალებსა და ქალების ფინალს.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან მომგებიანია კომერციის თვალსაზრისით, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ღლის ფინალისტებს, რადგან თეორიულად მათ შეიძლება ორი დღის განმავლობაში ორი ხუთსეტიანი მატჩის ჩატარება მოუწიოთ, რაც ხანდახან პირდაპირ გავლენას ახდენს მამაკაცთა ფინალის შედეგზე.

და კიდევ, ნიუ იორკში აშენებულია ყველაზე დიდი ღია საჩოგბურთო სტადიონი. არტურ ეშის სახელობის კორტი, რომლის მშენებლობა 254 მილიონი დოლარი დაჯდა, 22 547 კაცს იტევს და ტრიბუნები ისეთი მაღალია, რომ ზედა იარუსებიდან დურბინდის გარეშე შეუძლებელია კორტზე მიმდინარე პერიპეტიებისთვის თვალის დევნება.

ეს არენა 1997 წელს აშენდა და ცენტრალური კორტის რანგში შეცვალა ლუი არმსტრონგის სახელობის კორტი. სამწუხაროდ, არტურ ეშის სტადიონის დაპროექტებისას გათვალისწინებული არ ყოფილა მოძრავი სახურავი, რის გამოც ბოლო ორი წელია, წვიმის გამო მამაკაცების ფინალი ორშაბათს გაიმართა.

* * *

ამერიკის ღია პირველობა სათავეებს 1881 წლიდან იღებს. ისევე, როგორც "დიდი სლემის" დანარჩენი ტურნირები, ის თავიდან იმ ადგილას არ ტარდებოდა, სადაც დღეს.

ტურნირი, რომელიც ამერიკის "უმაღლესი საზოგადოების" შეჯიბრებად მიიჩნეოდა და მასში ელიტური კლუბების წევრები იღებდნენ მონაწილეობას, ნიუპორტის ბალახის კორტებზე წარმოიშვა.

ზუსტად იქ, სადაც უიმბლდონის შემდეგ იმართება ტურნირი და ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზი მდებარეობს.

მამაკაცები ნიუპორტში 1914 წლამდე თამაშობდნენ, ქალთა ტურნირი კი იქ არასოდეს ჩატარებულა.

ამერიკის ღია პირველობაზე ქალების ერთეულთა თანრიგი 1887 წელს გამოჩნდა და ის ფილადელფიის კრიკეტის კლუბში იმართებოდა - 1920 წლამდე.

1921 წელს ქალთა ტურნირი მამაკაცების შეჯიბრთან გაერთიანდა, რომელიც იმ მომენტისთვის ნიუ იორკში, ფორესტ გრინში იყო გადაბარგებული. ამ ადგილას ამერიკის ღია დიდი ხნით დარჩა.

სწორედ იქ შეხვდა ამერიკის ჩემპიონატი "ღია ერას", რომელიც 1968 წელს დადგა და სწორედ იქ მოიპოვა ორივე "დიდი სლემი" როდ ლეივერმა (1962 და 1969 წლებში).

მაგრამ ოდესღაც ყველაფერი მთავრდება. 1975 წელს ტურნირმა საფარი შეიცვალა - ფორესტ ჰილში ბალახის ნაცვლად მწვანე გრუნტი (ასეთ საფარზე ტარდება ქალთა ტურნირი ჩარლსტონში) დააგეს. თუმცა ჩოგბურთელებმა ამერიკულ გრუნტზე მხოლოდ სამჯერ ითამაშეს.

1978 წელს ამერიკის ღია უკვე ახალ ადგილას ჩატარდა - USTA-ის (აშშ-ის საჩოგბურთო ასოციაცია) ახლად აშენებულ საჩოგბურთო ცენტრში, რომელიც იმავე ნიუ იორკში, "ფლეშინგ მედოუზე" ჩატარდა. დღემდე სწორედ ეროვნული საჩოგბურთო ცენტრი (ბილი ჯინ კინგის სახელობის) მასპინძლობს აშშ-ის ღია პირველობას.

ისევე, როგორც ასეთი ისტორიის სხვა ნებისმიერი ტურნირი, ამერიკის ღია პირველობასაც ბევრი დიადი ჩემპიონი ჰყოლია. რა თქმა უნდა, გეოგრაფიულად შეზღუდულ საწყის ტურნირებში დამყარებული რეკორდები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ბოლო წლების მიღწევები, მაგრამ მათი ყურადღების მიღმა დატოვება არ შეიძლება.

ასე მაგალითად, პირველი შვიდი (!) ტურნირი მამაკაცებს შორის რიჩარდ სირსმა მოიგო, რომელმაც ამ წლებში მეტოქეებს მხოლოდ სამი სეტი დაუთმო.

რა თქმა უნდა, ზედიზედ შვიდი ტიტული დღემდე სარეკორდო მაჩვენებელია. ყველაზე ახლოს მის გამეორებასთან ბილ ტილდენი იყო, რომელმაც ორი ფინალის წაგების შემდეგ მიჯრით ექვსი ტიტული მიითვალა.

მაგრამ შემდეგ, 1926 წელს ამერიკაში ფრანგი "მუშკეტერების" ოთხეული ჩავიდა და ტილდენს ზედიზედ მეშვიდე ტრიუმფის საშუალება არ მისცა. სამაგიეროდ, ბილმა სხვა რეკორდი დაამყარა - რვა ფინალი რვა წელიწადში. 64 წლის შემდეგ ამის გამეორება შეძლო ივან ლენდლმა.

გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკის ღიას ბალახზე (ასევე უიმბლდონის) ავსტრალიელები ბატონობდნენ. აქ იგებდნენ კენ როზუოლი, როი ემერსონი, ჯონ ნიუკომბი და, რა თქმა უნდა, როდ ლეივერი. რაც შეეხება ჩოგბურთელს, რომლის სახელსაც ატარებს დღევანდელი ცენტრალური კორტი, აშშ-ის ღიაზე ტიტული მხოლოდ ერთხელ, 1968 წელს მოიგო.

უნიკალური მიღწევის ავტორია ჯიმი კონორსი. ამ ლეგენდარულმა ამერიკელმა ნიუ იორკში სამივე საფარზე მოგება შეძლო! 1974 წელს - ბალახზე, 1976 წელს - გრუნტზე, 1978, 1982 და 1983 წელს - ჰარდზე.

სხვათა შორის, გრუნტის საფარზე გადასვლის წყალობით გახდნენ ჩემპიონები გრუნტის ისეთი მოყვარულები, როგორებიც იყვნენ გილერმო ვილასი და მანუელ ორანტესი.

"ღია ერაში" ზედიზედ მოპოვებული ტიტულების რაოდენობით ლიდერი როჯერ ფედერერია.

გამარჯვებათა საერთო რაოდენობით კი შვეიცარიელი პირველ ადგილს იყოფს ჯიმი კონორსთან და პიტ სამპრასთან - სამივეს ხუთ-ხუთი ტიტული აქვს. ზედიზედ ხუთი მოგება კი მხოლოდ ფედერერმა მოახერხა.

როჯერის სერია 2009 წელს ხუან მარტინ დელ პოტრომ შეწყვიტა, გასულ წელს კი შვეიცარიელმა ფინალში გასვლა ვერ შეძლო. სხვათა შორის, შარშანწინდელი ტურნირის შემდეგ ისტორიაში შევიდა რაფაელ ნადალი, ვინც კარიერული "დიდი სლემი" გაიფორმა (სხვადასხვა წლებში მოიგო "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირი).

ქალებს შორის საერთო გამარჯვებათა რიცხვით ლიდერია ჩოგბურთელი, ვინც პირველი ტიტულის მოგების მომენტში 30 წელს იყო გადაცილებული.

ეს არის ნორვეგიელი ანა-მარგარეტ ბიორსტედტი, რომელმაც ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და ისტორიაში მოლა მელორის სახელით შევიდა. ის გასული საუკუნის 10-იან და 20-იან წლებში რვაჯერ ეუფლებოდა მთავარ პრიზს, მათ შორის, ოთხჯერ ზედიზედ. მიჯრით ოთხი ტიტული დღემდე რეკორდია: ეს მიღწევა 1935 წელს ჰელენ ჯეიკობსმა და 1978 წელს კრის ევერტმა გაიმეორეს.

მთავარი "უიღბლო" კი, ალბათ, ივონ გულაგონგია. ავსტრალიელი ოთხი წელი ზედიზედ გადიოდა ფინალში (ორჯერ ბალახზე, ორჯერ - გრუნტზე), მაგრამ მოგება მაინც ვერ შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული