აშშ-ის ღია პირველობა. კაცები: ახალი თაობის პრობლემები

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის მეორე დღეს გაგრძელდა პირველ წრეში ურთიერთობის გარკვევა.

ამჯერად ორი მთავარი ფავორიტი ვიხილეთ საქმეში - ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი. ორივემ ძალიან იოლად შეძლო მოგება.

ჯოკოვიჩმა ლიტველ რიკარდას ბერანკისს 81 წუთში მოუგო - 6:1, 6:2, 6:2. სერბმა 28 "ვინერსი" მიითვალა და ცხრა უნებლიე შეცდომა დაუშვა; გარდა ამისა, რვიდან შვიდი ბრეიკ-ბრეიკ პოინტი გამოიყენა და ერთხელ, მეორე სეტში მოულოდნელად დათმო საკუთარი მოწოდება. სხვათა შორის, ეს იყო ჯოკოვიჩის საიუბილეო, მე-40 მოგება ამერიკის ღია პირველობაზე.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩს ნახევარფინალში გასვლა სჭირდება იმისთვის,
რომ შეინარჩუნოს კლასიფიკაციაში პირველი ადგილი აშშ-ის ღიას შემდეგ. სხვათა შორის, ნოვაკმა ამერიკის ჩემპიონატის ბოლო ექვს გათამაშებაში მიაღწია ნახევარფინალამდე. მისი შემდეგი მეტოქე იქნება გერმანელი ბენჯამინ ბეკერი.

როჯერ ფედერერმა აშშ-ის ღიაზე მეექვსე ტიტულისკენ სვლა სლოვენიელი გრეგა ჟემლიას დამარცხებით დაიწყო.

აქაც ყველაფერი სამ სეტში გადაწყდა. შვეიცარიელს მხოლოდ მესამე სეტში მოუწია ბრძოლა, როცა ჟემლია ბრეიკით დაწინაურდა და ახლო იყო პარტიის მოგებასთან, მაგრამ ბოლოსკენ ფედერერის კლასმა მაინც თავისი გაიტანა. როჯერმა აშშ-ის ღიაზე თავისი 65-ე მატჩი მოიგო.

საინტერესოა, რომ ამ ტურნირზე როჯერმა რეკორდი გაიმეორა "დიდი სლემის" ტურნირებზე ზედიზედ გამოსვლის მხრივ. შვეიცარიელისთვის ეს არის ზედიზედ 56-ე "მეიჯორი". მანამდე ანალოგიური მაჩვენებელი სამხრეთაფრიკელ უეინ ფერეირას ჰქონდა.

კარგი ფორმა აჩვენეს ტომაშ ბერდიხმა და ჯონ ისნერმა. ჩეხმა 36 "ვინერსი" მიითვალა და რვა ბრეიკი გააკეთა პაოლო ლორენცისთან მატჩში. ისნერმა კი მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო ფილიპო ვოლანდრის, რაშიც 16 ეისი დაეხმარა.

იოლი მატჩი მოიგო გერმანელმა ტომი ჰაასმა პოლ-ანრი მატიოსთან - 6:4, 6:4, 6:1. სხვათა შორის, ჰაასმა ეს ფრანგი პირველად დაამარცხა კარიერაში.

* * *

ახალგაზრდა თაობის წამყვან მოთამაშეებს შორის მხოლოდ მილოშ რაონიჩმა შეძლო პირველი წრის ბარიერის გადალახვა. მან 28 ეისი ჩააწოდა ტომას ფაბიანოსთან მატჩში, 12-დან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ორ საათსა და 12 წუთში გაიმარჯვა.

მოულოდნელად უშანსოდ წააგო თავისი შეხვედრა უიმბლდონის ნახევარფინალისტმა იერჟი იანოვიჩმა. თითქოს მას იოლი მეტოქე ჰყავდა არგენტინელი მაქსიმო გონსალესის სახით, რომელიც მსოფლიოს 247-ე ნომერია და ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა.

იანოვიჩმა საშინლად ითამაშა თავის მოწოდებაზე და ექვსი ბრეიკის საშუალება მისცა მეტოქეს.

როდრიგესი 30 წლისაა და კარიერაში მხოლოდ მეხუთედ მოიგო მატჩი "დიდი სლემის" ტურნირებზე.

პოლონელის ბედი გაიზიარა ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა, რომელსაც არ მოუხდა წელს მარია შარაპოვასთან რომანის გაბმა.

მან სამსაათიან და ხუთსეტიან მარათონში წააგო მსოფლიოს 95-ე ჩოგანთან, პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან. გამარჯვებულმა ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის ფანტასტიკური პროცენტი აჩვენა - 11-დან რვა.

დაბოლოს, ტორონტოს მასტერსის ნახევარფინალისტმა ვაშეკ პოსპიშილმა მოულოდნელად წააგო როჟერიუ დუტრა სილვასთან.

არადა, კანადელი ვალდებული იყო, გაემარჯვა. მეხუთე სეტის მე-12 გეიმში მას სამმაგი მატჩბოლი ჰქონდა, საერთო ჯამში კი შვიდჯერ შეეძლო ერთი დარტყმით მატჩის მოგება, მაგრამ ყველა შანსი დაკარგა.

I წრე
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რიკარდას ბერანკისი (ლიტ) 6:1, 6:2, 6:2; ბენჯამინ ბეკერი (გერ)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ) 6:3, 3:6, 6:3, 6:4; იარკო ნიემინენი (ფინ)-ლუკაშ კუბოტი (პოლ) 7:5, 7:5, 6:2; ჟოაო სოუზა (პორ)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 25) 3:6, 6:3, 6:4, 5:7, 6:2; ტომი ჰაასი (გერ, 12)-პოლ-ანრი მატიო (საფ) 6:4, 6:4, 6:1; იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ)-დანიელ ხიმენო ტრავერი (ესპ) 6:4, 7:6(5), 6:3; დონალდ იანგი (აშშ)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკ) 6:1, 6:0, 6:1; ფლორიან მაიერი (გერ)-ხუან მონაკო (არგ, 28) 6:4, 6:2, 3:0 უარი; ტობიას კამკე (გერ)-სტივ ჯონსონი (აშშ) 6:7(4), 6:4, 7:6(7), 6:2; დენის ისტომინი (უზბ)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 15) 6:3, 6:1, 4:6, 6:3; ჟულიან ბენეტო (საფ, 31)-მიხალ პრსიეჟნი (პოლ) 6:4, 5:7, 6:4, 6:4; ჟერემი შარდი (საფ)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:4, 4:6, 6:2, 4:6, 6:4; დენის კუდლა (აშშ)-ირჟი ვესელი (ჩეხ) 6:2, 6:2, 6:7(6), 7:5; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5)-პაოლო ლორენცო (იტა) 6:1, 6:4, 6:1; პაბლო ანდუხარი (ესპ)-ტიემო დე ბაკერი (ჰოლ) 6:4, 6:4, 6:4; მილოშ რაონიჩი (კან, 10)-ტომას ფაბიანო (იტა) 6:3, 7:6(6), 6:3; მაქსიმო გონსალესი (არგ)-იერჟი იანოვიჩი (პოლ, 14) 6:4, 6:4, 6:2; ჯეკ სოკი (აშშ)-ფილიპ პეტცშნერი (გერ) 7:6(2), 6:3, 5:2 უარი; როჯერ ფედერერი (შვეიც, 7)-გრეგა ჟემლია (სლოვენ) 6:3, 6:2, 7:5; კარლოს ბერლოკი (არგ)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 6:3, 3:6, 6:7(6), 6:4, 6:2; ადრიან მანარინო (საფ)-ორასიო სებალიოსი (არგ) 4:6, 6:4, 6:2, 6:1; სემ კუერი (აშშ, 26)-გვიდო პეია (არგ) 7:6(3), 4:6, 6:1, 6:2; ჯონ ისნერი (აშშ, 13)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 6:0, 6:2, 6:3; გაელ მონფილსი (საფ)-ადრიან უნგური (რუმ) 6:1, 6:2, 6:0; ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 6:3, 6:2, 6:4; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 22)-კოლინ ალტამირანო (აშშ) 6:1, 6:3, 6:1; როჟერიო დუტრა სილვა (ბრა)-ვაშეკ პოსპიშილი (კან) 4:6, 3:6, 7:6(9), 6:2, 7:6(10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული