აშშ-ის ღია პირველობა: ჯეიმს ბლეიკის დამშვიდობება

AutoSharing Option
ოთხშაბათს ნიუ იორკში მამაკაცები პირველ წრეს ასრულებდნენ; აგრეთვე, დაიწყო ქალებს შორის მეორე რაუნდი, თუმცა ამინდი სერიოზულად ჩაერია ორგანიზატორთა გეგმებში.

თამაშები დათქმულ დროს დაიწყო, მაგრამ ორი საათის შემდეგ პროგრამა შეწყდა. თანაც იმ მომენტში, როცა მოთამაშეებს კორტების დატოვება მოუწიათ, ჯერ არ წვიმდა, მაგრამ ორგანიზატორებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ ჭექა-ქუხილი იყო მოსალოდნელი და იზრუნეს მაყურებლებისა და მონაწილეების უსაფრთხოებაზე.

ორგანიზატორებმა ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალური თხოვნა განათავსეს - ყველანი დარჩენილიყვნენ შენობაში და გარეთ არ გასულიყვნენ. საბოლოოდ, თამაშები ორი საათით შეწყდა, არადა, წვიმა 15 წუთი გაგრძელდა.

შემდეგაც იყო
წვიმის გამო პაუზები და ცხადი გახდა, რომ იმ დღის პროგრამას სრულად ვერ გაივლიდნენ. გაუქმდა ქალების მეორე წრის მატჩების დიდი ნაწილი, მაგალითად, არ ჩატარდა სერენა უილიამსის მატჩი, წყვილთა შეხვედრა მარტინა ჰინგისის მონაწილეობით...

მოასწრო თავისი პირველი მატჩის ჩატარება მოქმედმა ჩემპიონმა ენდი მარეიმ, რომელიც ფრანგ მიკაელ ლოდრას ხვდებოდა.

ამ თამაშზე ბევრი მოსაყოლი არაფერია. ბრიტანელმა ექვსი ბრეიკი და 34 "ვინერსი" დააგროვა და მხოლოდ ხუთი უნებლიე შეცდომა დაუშვა - 6:2, 6:4, 6:3.

* * *

29 აგვისტოს ადგილობრივი პუბლიკის ყურადღება ჯეიმს ბლეიკისკენ იყო მიპყრობილი. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აშშ-ის ღია პირველობა ბოლო ტურნირი იქნებოდა მის კარიერაში.

შესაბამისად, ამერიკელისთვის ნებისმიერი შეხვედრა შეიძლებოდა ბოლო ყოფილიყო პროფესიულ ტურში. ისე გამოვიდა, რომ ამერიკელის კარიერა 29 აგვისტოს დასრულდა, რადგან წააგო პირველი წრის მატჩი ხორვატ ვეტერან ივო კარლოვიჩთან.

მათ მეტად დრამატული მატჩი გამოუვიდათ. ბლეიკს ტრიბუნებიდან უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა და პირველი ორი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა, მაგრამ შემდეგ ხორვატმა თამაშში გარდატეხა შეიტანა.

მან გაათანაბრა ანგარიში პარტიებში და მეხუთე სეტში ბრეიკით დაწინაურდა. ბლეიკმა მალე შეძლო დაკარგული მოწოდების დაბრუნება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, რომელშიც ივო უფრო ძლიერი იყო - 6:7(2), 3:6, 6:4, 7:6(2), 7:6(2).

კარლოვიჩმა კარიერაში მეორედ შეძლო 0:2-დან მატჩის მოგება და პირველ შემთხვევაშიც ეს ბლეიკის წინააღმდეგ გააკეთა.

* * *

ოთხსაათიანი მარათონის გადატანა მოუწია არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს. გილერმო გარსია ლოპესთან მატჩი ოთხი საათი გაგრძელდა. დელ პოტრო უფრო ხშირად უტევდა, მისი მეტოქე კი კონტრშეტევებზე მოქმედებას ცდილობდა, თუმცა თავადაც ხანდახან კარგი შეტევები გამოსდიოდა.

შეხვედრა არაერთხელ შეწყდა წვიმისა და სამედიცინო ტაიმ-აუტის გამო. ესპანელი ბრეიკით იგებდა მეოთხე სეტს, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც გარსია ლოპესმა სამი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ მეოთხე ცდაზე დელ პოტრომ თამაში თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ასე რომ, მეორე წრეში ვიხილავთ აშშ-ის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონების შეხვედრას - 2009 წლის გამარჯვებული დელ პოტრო დაუპირისპირდება 2001 წლის ჩემპიონ ლეიტონ ჰიუიტს.

ავსტრალიელმა სამ საათში დაამარცხა ამერიკელი ბრაიან ბეიკერი - 6:3, 4:6, 6:3, 6:4. სხვათა შორის, დელ პოტროსა და ჰიუიტს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში თანაბარია - 2:2.

დღის მოულოდნელობა გახდა ფაბიო ფონინის კრახი ამერიკელ რაჯივ რამთან მატჩში. ზაფხულში იტალიელმა ბრწყინვალე ფორმა აჩვენა - სამი ტურნირიდან ორში იმარჯვა და ერთში ფინალში ითამაშა, რითაც ATP-ის რეიტინგში ტოპ-ოცეულში შეაღწია, მაგრამ ფონინი ამერიკულ ჰარდზე ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და რამს მხოლოდ ხუთი გეიმი აუღო.

I წრე
ალექს ბოგომოლოვი (რუს)-ბენუა პერი (საფ, 24) 7:5, 2:6, 6:4, 5:7, 7:6(5); ტიმ შმიჩეკი (აშშ)-ჯეიმს დაკუორტი (ავსტრა) 3:6, 6:2, 6:4, 6:1; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-იურგენ ზოპი (ესტ) 6:1, 3:6, 1:6, 6:3, 6:4; რაჯივ რამი (აშშ)-ფაბიო ფონინი (იტა, 16) 6:1, 6:2, 6:2; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-დავიდ გოფენი (ბელ) 6:2, 6:4, 6:4; მიხაილ იუჟნი (რუს, 21)-ნიკოლა მაუ (საფ) 6:4, 6:4, 7:6(4); ევგენი დონსკოი (რუს)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 29) 7:5, 6:3, 7:6(3); პეტერ გოიოვჩიკი (გერ)-იგორ სისლინგი (ჰოლ) 7:6(7), 2:6, 6:4, 6:1; ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა)-ბრაიან ბეიკერი (აშშ) 6:3, 4:6, 6:3, 6:4; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 6)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ) 6:3, 6:7(5), 6:4, 7:6(7); ენდი მარეი (ბრიტ, 3)-მიხაელ ლოდრა (საფ) 6:2, 6:4, 6:3; ლეონარდო მაიერი (არგ)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 7:6(4), 6:4, 3:6, 7:6(4); ანდრეას სეპი (იტა, 20)-ქსავიე მალისე (ბელ) 6:3, 3:6, 7:5, 7:5; სომდევ დევარმანი (ინდ)-ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ) 4:6, 6:1, 6:2, 4:6, 6:4; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 19)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 7:6(2), 6:3, 6:2; ივო კარლოვიჩი (ხორ)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 6:7(2), 3:6, 6:4, 7:6(2), 7:6(2); მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-გო სოედა (კვიპ) 6:4, 6:3, 6:1; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 17)-დანიელ ბრანდსი (გერ) 7:5, 4:6, 6:2, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული