აშშ-ის ღია პირველობა. ქალები: ვინუს უილიამსის საბედისწერო შეცდომა

AutoSharing Option
ქალებმა აშშ-ის ღიაზე მეორე წრე დაიწყეს. პირველ რაუნდში ვინუს უილიამსის შესანიშნავმა გამარჯვებამ უიმბლდონის ნახევარფინალისტზე, ბელგიელ კირსტენ ფლიპკენსზე გარკვეული იმედები ჩაუსახა ვეტერანი ამერიკელის გულშემატკივრებს.

იმ შეხვედრაში ვინუსი მომენტებში ისეთ თამაშს აჩვენებდა, რომლის წყალობითაც, კარიერის საუკეთესო წლებში დაუმარცხებელი იყო, მაგრამ მეორე წრეში ჩინელ ჟიე ჟენგის წინააღმდეგ მოვლენები სხვანაირად განვითარდა.

უფროსი უილიამსი ცუდად შევიდა თამაშში და სასტარტო სეტი წააგო. ამ პარტიაში მას 10 "ვინერსი" და 15 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

მეორე სეტში, რომელიც ვინუსმა 6:2 მოიგო, "ვინერსების" რაოდენობა იგივე იყო, სამაგიეროდ, ამერიკელი მხოლოდ ცხრაჯერ
შეცდა.

საქმე გადამწყვეტ სეტამდე მივიდა. ვინუსი ამ პარტიას უიმედოდ აგებდა - 1:4 ჩამორჩა, თან მეექვსე გეიმში ჟენგს ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა (15:40). სწორედ აქედან დაიწყო უილიამსმა მატჩის ბედის თავისკენ შემოტრიალება, მაგრამ ბოლომდე ეს არ გამოუვიდა.

მან მოიგერია მეტოქის მატჩზე ჩაწოდება და ანგარიში 5:5 გახადა, რასაც მცირე პაუზა მოჰყვა წვიმის გამო. საბოლოოდ, მეტოქეებმა ტაი-ბრეიკამდე მიაღწიეს, სადაც დიდი ხანი თანაბარი ბრძოლა იყო.

ვინუსისთვის დამღუპველი აღმოჩნდა შეცდომა 5:5-ზე, როცა ბადესთან გასულმა მარტივი ბურთი ააცილა მიზანს. ჟენგის მატჩბოლზე უილიამსმა ბურთი კარგად ვერ მიიღო და დამარცხდა - 2:6, 6:2, 6:7(5).

კიდევ ერთმა ჩინელმა მოახერხა მესამე წრეში გასვლა, რაც მოსალოდნელი იყო - ნა ლიმ 29 "ვინერსი" გააკეთა სოფია არვიდსონთან, ამ უკანასკნელმა კი აქტიური მოქმედებით მხოლოდ ოთხი ქულა აიღო.

ახლა ჩინელს წინ აქვს მატჩი ახალგაზრდა ბრიტანელ ლორა რობსონთან. საინტერესოა, რომ ეს ჩოგბურთელები შარშანაც მესამე წრეში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ გამარჯვება რობსონს ხვდა წილად.

ლორას მეორე წრეში საკმაოდ რთული მატჩი ჰქონდა ფრანგ კაროლინ გარსიასთან. პირველი სეტი ბრიტანელმა 6:4 მოიგო, მეორეში კი ახლოს იყო დამარცხებასთან.

გარსიამ 5:5-ზე ბრეიკი გააკეთა და მომდევნო გეიმში ორმაგი სეტბოლი მიიღო, თუმცა ორმაგი შეცდომითა და ბექჰენდისას შეცდომით ყველაფერი გააფუჭა და ბოლოს ტაი-ბრეიკზე დათმო მეორე სეტი.

ორი განსხვავებული სეტი ჩაატარა მესამე ნომერმა აგნიეშკა რადვანსკამ. მან პირველ სეტში 6:0 გაანადგურა მარია-ტერეზა ტორო-ფლორი, მეორე პარტიის იოლად მოგებაც შეეძლო, მაგრამ 3:5-დან მეტოქეს ანგარიში გაათანაბრებინა და ბოლოს მაქსიმალური მონდომება დასჭირდა იმისთვის, რომ თამაში მესამე სეტში არ გადასულიყო.

II წრე
ჯეიმი ჰემპტონი (აშშ, 23)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 7:5, 6:4; სლოუნ სტივენსი (აშშ, 15)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 6:1, 6:1; ჟიე ჟენგი (ჩინ)-ვინუს უილიამსი (აშშ) 6:3, 2:6, 7:6(5); კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 18)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:3, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-მარია-ტერეზა ტორო ფლორი (ესპ) 6:0, 7:5; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 32)-ეშლი ბარტი (ავსტრა) 6:4, 6:0; ლორა რობსონი (ბრიტ, 30)-კაროლინ გარსია (საფ) 6:4, 7:6(5); ნა ლი (ჩინ, 5)-სოფია არვიდსონი (შვედ) 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული