აშშ-ის ღია პირველობა: სერენას რევანში

AutoSharing Option
ამ სეზონში საინტერესო ისტორია აქვს სერენა უილიამსისა და სლოუნ სტივენსის დაპირისპირებას.

წლის დასაწყისში უილიამსმა ბრისბენის ტურნირზე დაამარცხა თანამემამულე, სამაგიეროდ, სტივენსი უფრო ძლიერი აღმოჩნდა ავსტრალიის ღიაზე. ამ მატჩის შემდეგ სერენამ თავისი "ტვიტერიდან" ამოშალა ახალგაზრდა კოლეგა და საერთოდ შეწყვიტა ურთიერთობა სლოუნთან, რის შესახებაც სტივენსმა ჟურნალისტებს დანანებით მოუყვა.

მათი მატჩის პირველი სეტი თითქმის ერთი საათი გაგრძელდა. სტივენსი არ ნებდებოდა და ბოლომდე იბრძოდა. მან რამდენიმე ხანგრძლივი გეიმი გადაარჩინა, საკუთარი მოწოდების დაკარგვის შემდეგ კი იქვე ბრეიკის გაკეთება შეძლო - ამაში მას მეტოქეც დაეხმარა, რომელმაც ორი
ორმაგი შეცდომა დაუშვა.

საერთო ჯამში, სლოუნი საკმაოდ აგრესიულად თამაშობდა და არ ერიდებოდა სერენასთან შეჯიბრს ძლიერ დარტყმებში, მაგრამ პარტიის ბოლოს თავისი სიტყვა თქვა უილიამსის გამოცდილებამ - მესამე სეტბოლიდან გააკეთა გადამწყვეტი ბრეიკი.

მეორე სეტის დასაწყისიც დაძაბული გამოვიდა. სერენამ ბოლომდე იბრძოლა მეტოქის მოწოდებაზე, საჭირო ჰანდიკაპი შეიქმნა და სტივენსიც გატყდა. მან შეცდომებს უმატა, უილიამსმა კი პირიქით, კიდევ უფრო მოუმატა თამაშს და ძლიერი დარტყმებისა და მოწოდებების წვიმა დაატეხა თავს მეტოქეს - 6:4, 6:1.

საათსა და 28 წუთში ჩოგბურთელებმა სრულიად განსხვავებული სტატისტიკა დააფიქსირეს: სერენას 22 "ვინერსი" და მხოლოდ 13 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (მეორე სეტში ორჯერ შეცდა), სტივენსმა კი აქტიური მოქმედებით 15 ქულა აიღო და 29 შეცდომა დაუშვა.

ბრწყინვალე ფორმაშია ამერიკელის შემდეგი მეტოქე - ესპანელი კარლა სუარეს ნავარო, რომელმაც 45 "ვინერსი" მიითვალა გერმანელ ანჟელიკ კერბერთან მატჩში. ეს უკანასკნელი ძალიან ჩამოუვარდებოდა მეტოქეს აქტიურობაში, მაგრამ ამ შეხვედრის ბედი ყოველ წამს შეიძლებოდა ნებისმიერ მხარეს გადახრილიყო. მაგალითად, კერბერს გადამწყვეტ სეტში ორი ქულა აშორებდა საბოლოო გამარჯვებამდე, მაგრამ ესპანელი გადამწყვეტ მომენტებში ბრწყინვალედ მოქმედებდა და ძალიან ემოციურად აღნიშნა გამარჯვება.

სუარეს ნავარო პირველი ესპანელია 1998 წლის შემდეგ, ვინც აშშ-ის ღიას მერვედფინალში გააღწია. ბოლოს ეს ლეგენდარულმა არანჩა სანჩეს-ვიკარიომ გააკეთა. ისე კი, კარლასთვის ეს არის კარიერაში მესამე მეოთხედფინალი "დიდი სლემის" ტურნირებზე - ამ სტადიაზე მან 2008 წელს როლან გაროსზე ითამაშა და 2009 წელს - ავსტრალიის ღიაზე.

* * *
დღის მთავარი მოულოდნელობის ავტორი გახდა რუსი ჩოგბურთელი ეკატერინა მაკაროვა, რომელიც პოლონელ აგნიეშკა რადვანსკას ხვდებოდა. ამ ჩოგბურთელთა წინა სამ მატჩში მაკაროვას ერთი სეტიც არ ჰქონდა აღებული და თავიდან ისე ჩანდა, რომ რუსი ამ შეხვედრასაც უიმედოდ წააგებდა.

პოლონელმა ძალიან დამაჯერებლად დაიწყო შეხვედრა და მთლიანად აკონტროლებდა თამაშს. აგნიეშკამ სწრაფად წაიყვანა ანგარიში 4:0 და სწორედ აქ მოხდა თამაშში გარდატეხა. რუსმა უფრო თავისუფლად და მახვილგონივრულად დაიწყო თამაში, რადვანსკა კი ანერვიულდა და ზედიზედ რვა გეიმი წააგო, რის გამოც 4:6, 0:2 ჩამორჩა.

თუმცა პოლონელმა დანებება არ ისურვა და ზედიზედ სამი გეიმის აღებით თამაშში დაბრუნდა. ჩოგბურთელებმა გააგრძელეს ერთმანეთისთვის საჩუქრების კეთება - ახლა უკვე მაკაროვამ აიღო მიჯრით სამი გეიმი და 5:4 დაწინაურდა. ბოლოსკენ მან ნერვები მოთოკა და მატჩზე "მშრალი" ანგარიშით ჩააწოდა - 6:4, 6:4.

რუსისთვის ეს არის მეხუთე მოგება WTA-ს რეიტინგის TOP5-ის წარმომადგენლებზე. ისევე, როგორც სუარესი, მაკაროვაც მესამედ ითამაშებს "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში. რაც შეეხება რადვანსკას, აშშ-ის ღია პირველობა ერთადერთია "მეიჯორებიდან", რომელშიც მას მეოთხედფინალამდე არ გაუღწევია.

მაკაროვა შემდეგ შეხვედრას ჩინელი ნა ლის წინააღმდეგ ითამაშებს, რომელმაც რადვანსკასგან განსხვავებით, ნავსი გატეხა და პირველად გავიდა აშშ-ის ღიას მეოთხედფინალში. ეს მან ძალიან იოლად გააკეთა - 57 წუთში გაანადგურა ელენა იანკოვიჩი: 6:3, 6:0.

ჩინელს მხოლოდ ერთი რთული მომენტი ჰქონდა, როცა 3:0-ით დაწინაურების შემდეგ ზედიზედ ორი გეიმი დათმო, თუმცა მალე აღადგინა სამგეიმიანი უპირატესობა. მართალია, 5:2-ზე მან ერთი სეტბოლი ვერ გამოიყენა, მაგრამ მეცხრე გეიმში სეტზე იოლად ჩააწოდა. მეორე სეტი კი ნა ლიმ ზედიზედ 15 ქულის აღებით დაიწყო და თამაშის ბედიც გადაწყვეტილი იყო. ჩინელს უნაკლო მეორე სეტი გამოუვიდა - მხოლოდ ორი უნებლიე შეცდომა დაუშვა და გეიმი არ დაუთმო მეტოქეს.

ლი მეცხრედ ითამაშებს "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში. ჯერჯერობით მას 4 მოგება და ამდენიმე წაგება აქვს. რაც შეეხება მაკაროვასთან ურთიერთდაპირისპირებას, ჩინელს რუსისთვის სამიდან სამი მატჩი აქვს მოგებული.

1/8-ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-სლოუნ სტივენსი (აშშ, 15) 6:4, 6:1; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 18)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 8) 4:6, 6:3, 7:6(3); ეკატერინა მაკაროვა (რუს, 24)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3) 6:4, 6:4; ნა ლი (ჩინ, 5)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 9) 6:3, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: ვიქტორია აზარენკას პირველი ტესტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული