აშშ-ის ღია პირველობა: ნოვაკ ჯოკოვიჩის 14 ნახევარფინალი

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის მორიგ დღეს მხოლოდ მამაკაცთა ორი მეოთხედფინალი იყო დაგეგმილი. გუშინდელ ნომერში გიამბეთ ენდი მარეის მარცხზე სტანისლას ვავრინკასთან. უიმბლდონის მოგების შემდეგ, ბრიტანელი აშკარად უღიმღამოდ გამოიყურებოდა და შვეიცარიელთან უიმედოდ წააგო. ექსპერტები ამას შემდეგნაირად ხსნიან: ოცნების ასრულების შემდეგ, მან გარკვეული ხნით მოტივაცია დაკარგა და მის მწვრთნელს ივან ლენდლს სერიოზული მუშაობა მოუწევს იმისთვის, რო ბრიტანელმა ყველაფერი თავიდან დაიწყოს.

მეორე მეოთხედფინალში სენსაცია არ მოხდა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა "დიდი სლემის" ტურნირებზე ნახევარფინალების სერია 14-მდე აიყვანა. სერბის მორიგი მსხვერპლი გახდა რუსი მიხაილ იუჟნი, რომელმაც საკმაოდ ღირსეული
თამაში აჩვენა და პირველი ჩოგბურთელია ამ ტურნირზე, ვინც მსოფლიოს პირველ ჩოგანს სეტი აართვა.

სასტარტო პარტიაში ორივე ჩოგბურთელი კარგად თამაშობდა. ნოვაკმა პირველ გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, თავად კი პირველივე ცდაზე აიღო მეტოქის მოწოდება და 3:0 დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ სეტის ბოლო გეიმში რუსს კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, სერბმა შეძლო პარტიის მოგება.

მეორე სეტში ბევრი ხანგრძლივი გეიმი იყო. ნოვაკს ორჯერ მოუწია საკუთარი გეიმის გადარჩენა, თავად კი ორი ბრეიკი გააკეთა და სეტი იოლად მოიგო. ამის შემდეგ, სერბმა კონცენტრაცია დაკარგა. მართალია, მესამე სეტში 1:4-ზე მან საპასუხო ბრეიკი გააკეთა, მაგრამ პარტიაში მეორედ დათმო თავისი გეიმი, როცა ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა. სამაგიეროდ, მეოთხე სეტში სერბი შეუჩერებელი იყო და "მშრალი" ანგარიშით მოიგო. შეიძლება რუსი არ იმსახურებდა 0:6-ს, მაგრამ ნოვაკი ყოველი ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდა და პრესტიჟის გეიმიც არ მოაგებინა მეტოქეს.

1/4 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მიხაილ იუჟნი (რუს, 21) 6:3, 6:2, 3:6, 6:0; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 19)-ენდი მარეი (ბრიტ, 3) 6:4, 6:3, 6:2.

1/2 ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ვავრინკა (19); გასკე (8)-ნადალი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: ასეთი ნადალი ძნელი გასაჩერებელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული