ორივემ ძალიან იოლად გაიარა ნახევარფინალური ბარიერი. უილიამსი ჩინელ ნა ლის ხვდებოდა, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 8:1 იყო დაწინაურებული. მათი მატჩები თითქმის ყოველთვის რთულ ბრძოლაში მიმდინარეობდა - შვიდ მოგებულ შეხვედრაში სერენამ ექვსი პარტია ტაი-ბრეიკზე აიღო. მაგრამ, ამჯერად, ბრძოლა არ შედგა.
სერენამ თავიდანვე სერიოზულად მიხედა საქმეს და ლიმ მხოლოდ ორი გეიმი ჩაატარა თანაბარ ბრძოლაში. მაგრამ ეს გეიმები მაინც ამერიკელმა მოიგო და ამის შემდეგ,
ამას მოჰყვა მეორე სეტის სტარტზე ამერიკელის მხრიდან კიდევ ერთი გეიმის აღება და ისე გამოვიდა, რომ სერენას ზედიზედ 24 მოგებული გეიმი დაუგროვდა – ეს სერია სლოუნ სტივენსთან მერვედფინალში დაიწყო, როცა უილიამსმა ბოლო ხუთი გეიმი აიღო, შემდეგ 6:0, 6:0 გაანადგურა კარლა სუარეს ნავარო და ახლა, ზედიზედ შვიდი გეიმი მოუგო ნა ლის.
შესაძლოა, ლი არ იმსახურებდა ასეთი ანგარიშით წაგებას, მით უმეტეს, რომ მეორე სეტში ისევ ჩაება ბრძოლაში და ამჯერად, მოიგო რთული გეიმი მეტოქის მოწოდებაზე. იმ მომენტისთვის უილიამსი ბევრ შეცდომას უშვებდა და ისე ჩანდა, რომ სწრაფად ვერ გადალახავდა ამ ჩავარდნას. მაგრამ, ამის ნაცვლად, მან გაიბრძოლა იმ გეიმში, რომელშიც მეტოქეს სამმაგი გეიმბოლი ჰქონდა და საბოლოოდ, გაათანაბრა ანგარიში. სერენამ ისევ აქტიურად დაიწყო თამაში, ლი კი ჩქარობდა და შეცდომებს უშვებდა. თუმცა ბრძოლის ჟინი მან ბოლომდე შეინარჩუნა და 2:5-ზე ექვსი მატჩბოლიდან გადაარჩინა გეიმი, მაგრამ ამის შემდეგ, უილიამსმა თავისუფლად ჩააწოდა მატჩზე.
* * *
ოდნავ მეტი ჯაფა დაადგა ფინალში გასასვლელად ვიქტორია აზარენკას, რომელიც განუთესავ იტალიელ ფლავია პენეტას ხვდებოდა. მათ ურთიერთდაპირისპირებაში თანაფარდობა იყო, თან ფლავიამ მოიგო მათი ბოლო მატჩი 2011 წელს, დუბაის ჰარდზე.
აქაც, ყველაფერი ბრეიკით დაიწყო - აზარენკამ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, მაგრამ იქვე დაეხმარა მეტოქეს თანაფარდობის აღდგენაში, როცა ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. საერთოდ, პირველ სეტში ბევრი იყო საკუთარი გეიმების დაკარგვა (10 გეიმიდან შვიდში ბრეიკი დაფიქსირდა) და პენეტამ სამჯერ დაიბრუნა ბრეიკი. და მაინც, გადამწყვეტ მომენტში აზარენკამ მოწოდება ასე თუ ისე დაალაგა და პარტია მეექვსე სეტბოლზე თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მეორე სეტის სტარტზე ისევ ვიხილეთ ბრეიკების გაცვლა, შემდეგ კი გამოიკვეთა ვიქტორიას აშკარა სათამაშო უპირატესობა. ის უფრო სტაბილურად და მშვიდად თამაშობდა, უმკლავდებოდა მეტოქის კონტრშეტევებს და გათამაშებების ბოლომდე არ კარგავდა კონცენტრაციას. თან პენეტას დაღლა დაეტყო. მართალია, იტალიელს დანებება არ უფიქრია და 1:4-ზე ერთი ბრეიკი მოიგო, მაგრამ მაინც დამარცხდა ორ სეტში – 4:6, 2:6.
ასე რომ, ქალთა ფინალის შემადგენლობა ისეთივეა, როგორიც გასულ წელს, ოღონდ, ახლა პირველ ნომრად განთესილი სერენაა. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ეს ჩოგბურთელები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ჰარდზე გამართულ ორივე მატჩში გამარჯვებული ბელარუსი ხდებოდა.
1/2 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ნა ლი (ჩინ, 5) 6:0, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-ფლავია პენეტა (იტა) 6:4, 6:2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: პენეტას პირველი ნახევარფინალი