აგნიეშკა რადვანსკას წარმატებული რეპეტიცია

AutoSharing Option
ტოკიოსა და პეკინის სუპერტურნირების წინ ქალმა ჩოგბურთელებმა ორ აზიურ ქალაქში - გუანგჯოუსა და სეულში გაიარეს რეპეტიცია.

გუანგჯოუში შემადგენლობა საკმაოდ სუსტი იყო, ფავორიტებმა კი, თითქოს მოილაპარაკესო, პირველივე წრეში დათმეს თავიანთი შეხვედრები. განთესილთაგან მეოთხედფინალამდე სამმა გოგონამ მიაღწია, ნახევარფინალამდე - არც ერთმა.

ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, შუან ჟანმა დამაჯერებლად მიაღწია ნახევარფინალურ ეტაპამდე და იქ გაანადგურა ივონ მოისბურგერი - 6:1, 6:1. მეორე ნახევარფინალში თამაშობდნენ ვანია კინგი და ჩინეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი ჟიე ჟენგი.

კინგმა, რომელმაც ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით გააღწია, ზედიზედ ოთხი სამსეტიანი მატჩი ჩაატარა.
მიუხედავად ამისა, მოასწრო ძალების აღდგენა და ჟენგი დაამარცხა - 3:6, 7:5, 6:3. საერთო ჯამში, ამერიკელმა კორტზე 9 საათი და 6 წუთი გაატარა. ამასთან, მან წყვილთა ტურნირის ფინალამდეც გააღწია.

ფინალში პირველი სეტი ძალიან დაძაბული გამოვიდა. ტაი-ბრეიკი ჟენგმა მოიგო და შემდეგ კინგს დაღლილობამ შეახსენა თავი, რის გამოც მეორე პარტიაში არაფერი გამოუვიდა - 7:6(1), 6:1. ჩინელმა კარიერაში პირველი ტიტული მოიგო, თან ისე, რომ არც ერთი სეტი არ დაუთმო მეტოქეს.

* * *
გუანგჯოუსგან განსხვავებით, სეულში გამოდიოდა ჩოგბურთელი TOP10-დან. პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ მიიჩნია, რომ სათამაშო პრაქტიკა აკლია და ამის გამო კორეის დედაქალაქში ჩავიდა სათამაშოდ. მან ბადის ზედა მხრიდან ძალიან დამაჯერებლად მიაღწია ფინალამდე - ოთხ მატჩში მხოლოდ 11 გეიმი დაუთმო მეტოქეებს.

უფრო რთული გზა ჰქონდა მეორე ფინალისტს, რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას, რომელმაც პირველ წრეში სამი სეტი ითამაშა ანაბელ მედინა გარიგესის წინააღმდეგ, ნახევარფინალში კი 2 საათი და 23 წუთი იბრძოლა ვეტერან ფრანჩესკა სკიავონესთან. არც ერთ ჩოგბურთელს არ ჰქონია დიდი უპირატესობა და რუსმა ორი ტაიბ-ბრეიკით გაიმარჯვა - 7:6(11), 7:6(6).

ფინალის პირველ გეიმებში ისე ჩანდა, რომ რადვანსკა ისევე მოიგებდა მატჩს, როგორც ეს წინა დაპირისპირებებში გააკეთა. მან 3:0 წაიყვანა ანგარიში და მეოთხე გეიმში ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. სწორედ ამ მომენტიდან მოუმატა რუსმა თამაშს და იმდენი გააკეთა, რომ სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ სეტბოლებამდე ვერ მივიდა.

სამაგიეროდ, აგნიეშკას 6:5-ზე ოთხჯერ შეეძლო პარტიის ერთი დარტყმით თავის სასარგებლოდ დასრულება, თუმცა ვერც მან გამოიყენა შანსი. დაინიშნა ტაი-ბრეიკი, სადაც 6:6-მდე მინი-ბრეიკი არ ყოფილა, ამის შემდეგ კი პავლიუჩენკოვამ შეძლო მეტოქის მოწოდებაზე ქულის აღება და სეტბოლიც გამოიყენა.

რუსმა ზედიზედ მესამე უმძიმესი სეტი მოიგო ტაი-ბრეიკზე და ამისთვის დიდი ენერგია დახარჯა. მეორე სეტის დასაწყისში მას ჩავარდნა დაეწყო და რადვანსკა ისევ დაწინაურდა - 3:0, ოღონდ ამჯერად ორმაგი ბრეიკით. პავლიუჩენკოვამ ბოლომდე იბრძოლა, ერთი ბრეიკი დაიბრუნა, 0:4-დან გადაარჩინა თავისი მოწოდება, ორი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ პოლონელმა მაინც თავისას მიაღწია.

მესამე სეტში თითქმის ბოლომდე თანაბარი ბრძოლა იყო. ორივე ჩოგბურთელი კარგად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე. თავიდან წარმატების შანსი პავლიუჩენკოვას ჰქონდა, რომელმაც ჯერ სამმაგი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ერთი დაფარული მატჩბოლი. რადვანსკამ შეინარჩუნა საკუთარი გეიმები, 5:4-ზე კი ბრეიკი გააკეთა - 6:7(6), 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული