სერენა უილიამსის 17 გაელვება

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ ამერიკელმა სერენა უილიასმა, რომელიც WTA-ს რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, აშშ-ის ღია პირველობა მოიგო და ამით "დიდი სლემის" ტურნირებზე ტიტულების რაოდენობა 17-მდე გაზარდა. ამასთან დაკავშირებით, WTA-მ სერენა უილიამსის შესახებ 17 ფაქტი გამოაქვეყნა...

1. სერენამ მეხუთედ მოიგო აშშ-ის ღია, რაც მეორე შედეგია ღია ერაში (კრის ევერტი - 6, შტეფი გრაფი - 5).

2. სერენა უილიამსმა “დიდი სლემის” მე-17 ტიტული მოიგო, რაც მეოთხე შედეგია ისტორიაში (ლიდერობს გრაფი 22 ტიტულით, ევერტი და მარტინა ნავრატილოვა - 18 ტიტული).

3. უმცროსმა უილიამსმა აშშ-ის
ღიას მოგებით 3.6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც სარეკორდო საპრიზო თანხაა ჩოგბურთის ისტორიაში (2.6 მილიონი გამოიმუშავა უშუალოდ ტურნირის მოგებისთვის და ბონუსის სახით მიიღო მილიონი დოლარი ამერიკული სერიის ტურნირში გამარჯვებისთვის).

4. ამჟამად სერენას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 9 077 322 დოლარი მოდის. მან გააუმჯობესა ვიქტორია აზარენკას შარშანდელი შედეგი (7 923 920 დოლარი), არადა, სეზონის დასრულებამდე კიდევ ერთი თვეა დარჩენილი. აქამდე ერთ სეზონში 9 მილიონზე მეტი თანხა მხოლოდ სამ მამაკაცს ჰქონდა გამომუშავებული - როჯერ ფედერერს, რაფაელ ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს (ორჯერ).

5. მთლიანად სერენას კარიერულმა მონაგარმა 50 მილიონ დოლარს გადააჭარბა (შემდეგ მოდის ვენუს უილიამსი 28 828 060 დოლარით).

6. სერენა უილიამსი მხოლოდ მეორე ჩოგბურთელია, ვინც ჯერ ამერიკული ტურნირების სერიაში იმარჯვა და შემდეგ აშშ-ის ღია მოიგო. პირველად ეს ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა გააკეთა 2005 წელს.

7. სერენა უილიამსი პირველი ჩოგბურთელია ღია ერაში, ვინც 30 წელს გადაცილებულმა მოიგო “დიდი სლემის” ოთხი ტიტული (უიმბლდონი - 2012, აშშ-ის ღია - 2012, როლან გაროსი - 2013, აშშ-ის ღია - 2013). მარგარეტ კორტსა და ნავრატილოვას სამ-სამი ტიტული ჰქონდათ.

8. ამჟამად სერენას ანგარიშზე WTA-ს 55 ტიტული მოდის. ამ მაჩვენებლით ის მეშვიდე ადგილს იყოფს ყველა დროის სიაში ვირჯინია უედთან და ლინდსი დავენპორტთან (მასზე ზემოთ არიან: ნავრატილოვა - 167, ევერტი - 154, გრაფი - 107, კორტი - 92, ივონ გულაგონგი - 68, ბილი ჯინ კინგი - 67).

9. ამ სეზონში სერენას უკვე ცხრა ტიტული დაუგროვდა, რაც მისი პირადი რეკორდია. მანამდე ამერიკელს საუკეთესო შედეგი 2002 წელს ჰქონდა, როცა რვა ტიტული დაუგროვდა).

10. უილიამსს “დიდი სლემის” ფინალებში 17 მოგება და 4 წაგება აქვს: 2001 წელს წააგო აშშ-ის ღია (ვენუს უილიამსი), 2004 წელს - უიმბლდონი (შარაპოვა), 2008 წელს - უიმბლდონი (ვენუს უილიამსი) და 2011 წელს - აშშ-ის ღია (სამანტა სტოსური). ფინალებში სერენას მოგება/წაგების პროცენტული შეფარდება მეორე შედეგია (81.0). პირველია კორტი (11 მოგება-1 წაგება, 97.1 პროცენტი).

11. სერენამ “დიდი სლემის” ათი ტიტული მოიგო ჰარდის საფარზე - ხუთჯერ ავსტრალიის ღია და ამდენჯერვე აშშ-ის ღია. აქამდე ჰარდის კორტზე მოგებების რაოდენობით რეკორდი შტეფი გრაფს ჰქონდა - ცხრა.

12. აქამდე სერენას არასოდეს მოეგო ზედიზედ ორჯერ აშშ-ის ღია პირველობა და ნავსი წელს გატეხა. მანამდე ის ტიტულებს იცავდა უიმბლდონზე (2002-03), ავსტრალიის ღიაზე (2009-10) და ისევ უიმბლდონზე (2009-10).

13. სერენა უილიამსმა “დიდი სლემის” შვიდი ტიტული მოიგო პირველი ჩოგანის რანგში (2002 - აშშ-ის ღია, 2003 - ავსტრალიის ღია, 2003 - უიმბლდონი, 2010 - ავსტრალიის ღია, 2010 - უიმბლდონი, 2013 - როლან გაროსი, 2013 - აშშ-ის ღია).

14. 1999 წლიდან 2013 წლამდე სერენა უილიამსი სეზონში მინიმუმ ერთ “დიდ სლემს” იგებს. 14-წლიანი სერია არც ერთ ჩოგბურთელს არ ჰქონია (ევერტის, ნავრატილოვასა და გრაფის ანალოგიური სერია 12 წელს უტოლდება).

15. ბელორუს ვიქტორია აზარენკასთან უილიამსის ურთიერთშეხვედრათა ბალანსია - 13 მოგება-3 წაგება (ამერიკელისთვის ასევე მოსახერხებელი მეტოქეები არიან: შარაპოვა: 14-2, აგნიეშკა რადვანსკა: 6-0, ნა ლი: 9-1, სარა ერანი: 6-0).

16. სერენას ამ სეზონში 67 მოგება და 4 წაგება აქვს, 2012 წლის გრუნტის სეზონის სტარტიდან მოყოლებული კი, 115 მოგება და 6 წაგება დაუგროვდა. ამ 17-თვიან პერიოდში ერთადერთი ჩოგბურთელი, ვინც ამერიკელი ორ სეტში დაამარცხა, ანჟელიკ კერბერი იყო (ცინცინატის ტურნირზე).

17. სერენამ და რაფაელ ნადალმა ერთგვარი წრე შეკრეს - “დიდი სლემის” ოთხივე ტიტული მოიგეს ერთად: 2009 წელს ავსტრალიის ღია, 2013 წელს როლან გაროსი, 2010 წელს უიმბლდონი და 2013 წელს აშშ-ის ღია. ეს არის პირველი ასეთი წყვილი ჩოგბურთის ისტორიაში, რომელმაც ერთად მოიგო “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვიქტორია აზარენკას ხანმოკლე მოგზაურობა ტოკიოში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული