ვენუს უილიამსის გაკვეთილები ახალგაზრდებს

AutoSharing Option
ტოკიოში მესამე წრის მატჩებით გაგრძელდა პრემიერ-კატეგორიის ტურნირი, თუმცა 25 სექტემბერს სრულფასოვანი სათამაშო დღე არ შედგა, რადგან წვიმის გამო რამდენიმე მატჩი შემდეგი დღისთვის გადაიდო.

მორიგი ნაბიჯი გადადგა წინ სატურნირო ბადეში ვენუს უილიამსმა. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს მან სენსაცია შემოგვთავაზა, როცა ბელორუსი ვიქტორია აზარენკა დაამარცხა და შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა თავის უმცროს დას - სერენას. გარდა იმისა, რომ ამ უკანასკნელს 26 სექტემბერს დაბადების დღე აქვს, აზარენკას წაგებით სერენამ გაინაღდა ამ წლის პირველი ჩოგანის რანგში დასრულება.

ასეთი რ
ამ უმცროსი უილიამსის კარიერაში მესამედ მოხდება. ის ამ მაჩვენებლით გაუსწრებს კაროლინ ვოზნიაცკის და გაუთანაბრდება ჟუსტინ ანენს, მარტინა ჰინგისსა და მონიკა სელეშს. მის წინ რჩებიან ლინდსი დავენპორტი (ოთხი ფინიში პირველ ადგილზე), კრის ევერტი (ხუთი), მარტინა ნავრატილოვა (შვიდი) და შტეფი გრაფი (რვა).

ვენუს უილიამსი აზარენკას ძლევის შემდეგ სიმონა ჰალეპს ხვდებოდა, რომელმაც ზაფხულში ოთხი ტიტული მოიგო. რუმინელმა უკეთ დაიწყო შეხვედრა, ამერიკელი კი ბევრ შეცდომას უშვებდა. შედეგად, ჰალეპმა მალე 5:1 დაწინაურება მოახერხა და მართალია, ვენუსმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ სეტის გადარჩენა ვერ შეძლო.

მეორე პარტიაში ჰალეპი სამჯერ გავიდა წინ ბრეიკით, თუმცა უილიამსი მაშინვე ახერხებდა ანგარიშის გათანაბრებას. სიმონა უფრო აქტიურად თამაშობდა, მაგრამ ამას ბევრი შეცდომაც ახლდა თან. საბოლოოდ, დაძაბულ სეტში უფრო ძლიერი ვენუსი აღმოჩნდა - 7:5.

გადამწყვეტ პარტიაში ჰალეპი ახლოს იყო იმასთან, რომ 3:0 წაეყვანა ანგარიში, მაგრამ უილიამსმა ჩავარდნა გადალახა, თამაში გააძლიერა და ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა მატჩის ბოლო ნაწილი - ბოლო სამ გეიმში მხოლოდ ერთი ქულა წააგო. ვენუსმა დიდ ტურნირზე ზედიზედ სამი მატჩი პირველად მოიგო 2012 წლის შემდეგ, როცა ცინცინატიში ნახევარფინალამდე მიაღწია.

უფროსი უილიამსი გააგრძელებს ახალგაზრდა თაობის გამოცდას. მეოთხედფინალში მისი მეტოქე იქნება 19 წლის ეჟენი ბუშარი. სლოუნ სტივენსის შემდეგ 19 წლის კანადელი მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ელენა იანკოვიჩს გაუსწორდა - 7:5, 6:2.

* * *
კიდევ ერთი მეოთხედფინალური წყვილი დაკომპლექტდა - ერთმანეთს შეხვდებიან აგნიეშკა რადვანსკა და ანჟელიკ კერბერი. პოლონელმა საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა დომინიკა ციბულკოვა. მატჩის სტარტზე ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც რადვანსკმა დამაჯერებლად იღებდა თავის მოწოდებებს. საბოლოოდ, პოლონელმა კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში დომინიკამ შეძლო უფრო შედეგიანი თამაში და დიდი ხანი ჩავარდნის გარეშე მოქმედებდა, თუმცა არც აგნიეშკა აპირებდა დანებებას. ყველაფერი მაშინ გადაწყდა, როცა 4:4-ზე სლოვაკმა თავის მოწოდებაზე გეიმი ჩააგდო, რის შემდეგაც რადვანსკამ მატჩზე დამაჯერებლად ჩააწოდა.

რაც შეეხება კერბერს, მან ძალიან იოლად მოუგო ანა ივანოვიჩს. სერბი ცდილობდა ბრძოლას, მაგრამ მას მოწოდება არ უვარგოდა (შვიდი ორმაგი და მეორე მოწოდებიდან აღებული ქულების 27 პროცენტი), რითაც გერმანელმა ოთხი ბრეიკი მიითვალა. ამ მოგებით კერბერმა გაზარდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრის შანსები. ტოკიოს ტურნირამდე ის მერვე ადგილზე მყოფ ელენა იანკოვიჩს 459 ქულით ჩამორჩებოდა, ახლა კი სხვაობა 100 ქულამდე დავიდა.

ახლოსაა კაროლინ ვოზნიაცკიც, რომელიც კერბერს მხოლოდ 39 ქულით ჩამორჩება. ასე რომ, სტამბულში გასამგზავრებლად ბრძოლა ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს.

Pan Pacific Open
ტოკიო (იაპონია). ჰარდი

1/8-ფინალი
კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 6:1, 6:1; ეჟენი ბუშარი (კან)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 6) 7:5, 6:2; ვენუს უილიამსი (აშშ)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 13) 4:6, 7:5, 6:3; ლუსი საფაროვა (ჩეხ)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 12) 6:4, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 2)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 16) 6:3, 6:4; ანჟელიკ კერბერი (გერ, 5)-ანა ივანოვიჩი (სერ, 11) 6:4, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვიქტორია აზარენკას ხანმოკლე მოგზაურობა ტოკიოში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული