ახლა მოსკოვში ცხოვრობს, მწვრთნელად მუშაობს და მართალია, თბილისშიც ხშირად ჩამოდის, მაგრამ მაინც ფიქრობს, არა მგონია, ჩემთან ინტერვიუ საქართველოში ბევრს აინტერესებდესო.
არადა, ვინ არ წაიკითხავს საუბარს ქართველ ჩოგბურთელთან, რომელსაც ლეგენდარული ანდრე აგასისთვის მოუგია, რომლის "ერთადერთი პრობლემა" ჭარბი წონაა, მოსკოველ ოლიგარქებს ავარჯიშებს, ქართველები კი რჩევას პრინციპულად არ ეკითხებიან... დანარჩენს ირაკლი ლაბაძესთან
- ამჟამად მოსკოვში ვცხოვრობ და მწვრთნელად ვმუშაობ. 16-17 წლის რამდენიმე მოსწავლე მყავს, ქართველი შეგირდებიც მყოლია, მაგრამ უმეტესად რუს ოლიგარქებს ვავარჯიშებ. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თორემ როცა გაიგებენ, მათ შესახებ ქართველ ჟურნალისტს რომ მოვუყევი, იქნებ მისაყვედურონ კიდეც, ფულს ამაში გიხდითო (იცინის)?
- მოსკოვში ჩოგბურთის მწვრთნელების მეტი რა არის, რატომ მაინცდამაინც ირაკლი ლაბაძე?
- ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ისე, რატომაც არა? მიცნობენ, ჩემი თამაშიც ახსოვთ და ეამაყებათ, ერთად რომ ვვარჯიშობთ, წყვილთა ტურნირებზე ვთამაშობთ. საინტერესოც არის მათთვის, სახალისოც და თანამშრომლობით ორივე მხარე კმაყოფილი ვართ. ყოფილა შემთხვევა, ერთად მხოლოდ ნახევარი საათი გვითამაშია და იმდენი ფული მოუციათ, ავტომანქანის საყიდლად იკმარებდა!
- როგორი ყოფილა ცხოვრება პროფესიული ჩოგბურთის გარეშე?
- როცა აქტიური ჩოგბურთელი ვიყავი, ჩემთვის არც უნივერსიტეტი არსებობდა, არც მეგობრები და გართობა, საკუთარი თავისთვისაც კი არ მრჩებოდა დრო.
კი ბატონო, არ მაკლდა ფული, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები და კარგი ქალები, მაგრამ ეს ხომ ყველაფერი არ არის? ისე გამოვიდა, რომ პროფესიული ჩოგბურთი მხოლოდ შვიდიოდე წელი ვითამაშე.
- მხოლოდ ტრავმების ბრალია, ჩოგბურთში მეტს რომ ვერ მიაღწიე?
- ჩემზე ხშირად გამიგია, ზარმაციაო. დიდად შრომისმოყვარე მართლაც არ ვყოფილვარ, პირდაპირ ვამბობ, მამაჩემი რომ არა, დღეს მებუფეტე ვიქნებოდი, თანაც, სკოლის მებუფეტე და გასუქება მერე გენახათ (იცინის).
მაგრამ ზარმაცმა და უვარგისმა მსოფლიოს 42-ე ჩოგნის სტატუსს მხოლოდ იმიტომ მივაღწიე, რომ ვარჯიშს მამაჩემი მაძალებდა? თქვენც მიაღწიეთ, თუ ასე ადვილია...
ბევრი რამ მეც არ ვიცი, მაგრამ მამაკაცთა ჩოგბურთში ალექსანდრე მეტრეველს ან მე თუ არ მკითხე რჩევა, ვის უნდა ჰკითხო? თუმცა არა, პრინციპულად არ გკითხავენ! ვჭირდები კი ვინმეს საქართველოში? არ ვიცი... აქ დავრჩენილიყავი და რაიმესთვის რომ მიმეღწია, ვიღაცებისთვის საჯდომზე მეკოცნა?
ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ამიტომ წავედი იმ ქვეყანაში, სადაც ვჭირდები, სადაც იმას ვაკეთებ, რაც ვიცი!
იხილეთ სტატია სრულად
რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"